გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთის მთავრობა ხელს უწყობენ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მექანიზმების შესაბამისობაში მოყვანას ევროკავშირის სტანდარტებთან
საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგი უმჯობესდება
14 December 2020
საქართველოში დაინერგება ჰაერის ხარისხის მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინდიკატორული გაზომვის სტანდარტებზეა დაფუძნებული. მონიტორინგის ახალი ავტომატური ქსელის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვითი საფრთხეების აღმოფხვრა. მონიტორინგის ახალი სისტემა უკვე მოქმედებს ოთხ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში, ქვეყნის ოცდახუთ მუნიციპალიტეტში ჰაერის ნიმუშების შეგროვება და ანალიზი სამ თვეში ერთხელ ხორციელდება.
ჰაერის ხარისხის მონიტორინგს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტო“ ახორციელებს. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეძლო მონიტორინგის თანამედროვე სისტემის გაძლიერება, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს ითვალისწინებს.
UNDP-ის ხელშეწყობა განხორციელდა შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ინიციატივის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტი 150,000 აშშ დოლარს შეადგენს.
თხუთმეტთვიანი პროექტის შედეგების შეჯამება 14 დეკემბერს გაიმართა. ონლაინ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური ინსტიტუტების წარმომადგენლებმა, ასევე ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა.
„საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გარემოსდაცვითი მონიტორინგის, მათ შორის, ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის განვითარებისთვის. ამ მხრივ, უკვე შეიმჩნევა დადებითი შედეგები რამდენიმე ქალაქში, სადაც ჰაერის ხარისხი შედარებით გაუმჯობესდა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.
„ეფექტიანი კვლევის ჩატარება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისკენ. საქართველოს ახლა უკვე აქვს ხელსაწყოები იმის დასადგენად, თუ სად უქმნის ჰაერის დაბინძურება ყველაზე მეტ საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობას. იმედი გვაქვს, რომ ამ მონაცემების მოპოვებას ქმედითი ნაბიჯებიც მოჰყვება დაბინძურების წყაროების აღმოსაფხვრელად და ზარალის შესამცირებლად“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.
„გარემოსდაცვითი მონიტორინგის შედეგად მცირდება პლანეტაზე ზეწოლა, ხოლო ადამიანის ცხოვრების ხარისხი იზრდება, რაც პირდაპირ შესაბამისობაშია მდგრადი განვითარების მე-11 მიზანთან მდგრადი ქალაქებისა და მე-12 მიზანთან პასუხისმგებლიანი მოხმარებისა და წარმოების შესახებ. შვედეთის ხელშეწყობით, საქართველოში მონიტორინგის თანამედროვე სისტემა დაინერგება, რაც ჰაერის ხარისხის შესახებ სანდო მონაცემების მიღებას უზრუნველყოფს”, - აღნიშნა საქართველოში შვედეთის საელჩოს წარმომადგენელმა ხათუნა ზალდასტანიშვილმა.
გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სტანდარტები დანერგა. მონიტორინგი ხორციელდება რვა ავტომატური სადგურის მეშვეობით, რომლებიც 24 საათის განმავლობაში აგროვებენ მონაცემებს ჰაერის დამაბინძურებლების შესახებ. მონაცემები ხელმისაწვდომია ონლაინ პორტალზე www.air.gov.ge.
ამავდროულად, წელიწადში ოთხჯერ გარემოს ეროვნული სააგენტო აგროვებს მონაცემს ჰაერის მთავარი დამაბინძურებლების შესახებ საქართველოს ოცდახუთ მუნიციპალიტეტში.
ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემის გამართული და უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით, შეიქმნა მონიტორინგის სადგურების მომსახურების ტექნიკური ინსტრუქციები და გადამზადნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.
გარდა ამისა, სააგენტომ შეიმუშავა საკანონმდებლო და სისტემური მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება საქართველოს პოლიტიკისა და პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის სტანდარტებთან, შესაბამისი პროგრამის „სუფთა ჰაერი ევროპისთვის“ (CAFE) მოთხოვნების გათვალისწინებით.
აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა: მონაცემთა გადამოწმებისა და ვალიდაციის სისტემა, რომლის გამოყენებითაც მოხდება მაღალი ხარისხის სტატისტიკური მონაცემების შედარება დროის ინტერვალებისა და ლოკაციების მიხედვით; ტექნიკური რეგლამენტი მონიტორინგის კრიტერიუმებისა და სიხშირის შესახებ, რომელიც ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად მომზადდა; და განვითარების გეგმა (გზამკვლევი), რომელშიც აღწერილია სამომავლო ნაბიჯები ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გასაუმჯობესებლად.
მსოფლიოში ჰაერის დაბინძურება საგანგაშო ტემპით იზრდება, რაც კონტროლის ახალი მექანიზმების დანერგვასა და ეფექტიანი პოლიტიკის გატარებას მოითხოვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2016 წელს დაბინძურებულმა ჰაერმა 4.2 მილიონი ადამიანის ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია. ამ საგანგაშო სტატისტიკის 90 პროცენტი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის.
გაეროს განვითარების პროგრამა ათ წელზე მეტია ხელს უწყობს საქართველოში საჯარო სექტორის რეფორმას და საჯარო უწყებების შესაძლებლობების გაძლიერებას. ეს მასშტაბური პროექტი „მმართველობის რეფორმის ფონდი“, რომლის ბიუჯეტი 5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.
საკონტაქტო ინფორმაცია
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org
- ნანა ჩინჩილაკაშვილი, MEPA, +995 599 502619, nana.chinchilakashvili@moa.gov.ge
- ნატალი სულუაშვილი, NEA, +995 551 742060, nsuluashvili@gmail.com