UNDP-სა და შვეიცარიის ხელშეწყობით, დმანისში, პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე, სამაგალითო მერძევეობის ფერმა გაიხსნება
ქართველი ფერმერები შვეიცარიის გამოცდილებით ისარგებლებენ
12 June 2020
2021 წელს საქართველოში შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია“ (SASC) გაიხსნება, ხოლო ათ წელიწადში ქვეყანას საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად მომზადებული 300 პროფესიონალი ფერმერი ეყოლება. ახალი სკოლის კონცეფცია გულისხმობს სამაგალითო პროფესიული სასწავლებლის ჩამოყალიბებას, რომელიც ორიენტირებული იქნება მეცხოველეობის, რძისა და ყველის წარმოების მიმართულებით პროფესიონალების მომზადებაზე. სკოლის მოდელი შვეიცარიის სახელგანთქმული აგრარული სასწავლებლის „Plantahof“ 200-წლიან გამოცდილებას ეყრდნობა.
„მესაქონლეობის განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. „შესაბამისად, არაერთი მიმართულებით, რამაც დარგის განვითარება უნდა უზრუნველყოს, მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ფერმერებისა და მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომია ფინანსური რესურსი, როგორც შეღავათიანი კრედიტის, ასევე, გრანტის სახით; სისტემურია ვეტერინარული კეთილსაიმედოობის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები. ამ ფონზე, კიდევ უფრო საჭირო ხდება კვალიფიციური კადრების მომზადება. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თანამედროვე სასწავლო დაწესებულებების, მათ შორის, შვეიცარიული აგრარული სკოლის გახსნა, რომელიც საერთაშორისო დონის ცოდნას მისცემს ჩვენს მომავალ ფერმერებს”.
„საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობა პროფესიული განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა. „შვეიცარიული აგრარული სკოლის მოდელის დანერგვით, საქართველო შეძლებს სოფლის მეურნეობის სფეროში, სწავლების თანამედროვე მიდგომების დანერგვას, ახალი უნარების განვითარებას და პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური კადრების მიწოდებას შრომის ბაზრისთვის და ხელს შეუწყობს დასაქმებას და თვითდასაქმებას“.
„ამაყი ვარ, რომ შვეიცარიის 200-წლიანი გამოცდილება ხელს შეუწყობს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის რეფორმას საქართველოში“, - განაცხადა შვეიცარიის თანამშრომლობის რეგიონულმა ხელმძღვანელმა, დანიელ მევლიმ. „შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია“ ხარისხიანი განათლებისა და წარმატებული ბიზნესის განვითარებას დაეხმარება, რაც უკეთესობისკენ შეცვლის ბევრი ქართველი ფერმერის ცხოვრებას“.
შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო ინიციატივაა განათლების სფეროში. სასწავლებელი შვეიცარიული და ქართული კერძო წყაროებიდან ფინანსდება, რომელთა შორისაა სამხრეთ კავკასიის შვეიცარიული ფონდი. ამ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას 3,000,000 აშშ დოლარის ინვესტიცია სჭირდება.
„ჩვენი კოლეჯის მიზანია, რეგიონში სასოფლო-სამეურნეო განათლების მაგალითად იქცეს. უმაღლესი ხარისხის შვეიცარიული სასწავლო პროგრამა და თანამედროვე ინფრასტრუქტურა ამის საშუალებას ნამდვილად გვაძლევს“, - განაცხადა შვეიცარიული აგრარული სკოლის დამფუძნებელმა, მიხეილ სვიმონიშვილმა.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მონაწილეობა მოიცავს აგრარული სკოლისთვის თეორიული და პრაქტიკული სასწავლო პროგრამების შექმნას შვეიცარიული Plantahof-ის მოდელზე დაყრდნობით. გარდა ამისა, UNDP ჩაერთვება მასწავლებელთა გადამზადებაში და ფერმერთა საკონსულტაციო სერვისის, ექსტენციის, განვითარებაში. UNDP-ის ხელშეწყობით, სტუდენტები და მასწავლებლები პროფესიულ სტაჟირებას გაივლიან, ხოლო კურსდამთავრებულები ისარგებლებენ ბიზნეს-კონსულტაციით სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად.
UNDP-ის ხელშეწყობა განხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც 300,000 აშშ დოლარს შეადგენს. ეს UNDP-სა და შვეიცარიის მთავრობის უფრო ფართო პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოში პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის განვითარებას ემსახურება.
„ქართულმა ყველმა მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა. „მაგრამ იმისთვის, რომ კარგი ყველი წარმატებულ ბიზნესად იქცეს, ხოლო სოფლის მეურნეობამ, როგორც ეკონომიკის სექტორმა, მეტ წარმატებს მიაღწიოს, ქართველმა მწარმოებლებმა თანამედროვე მეთოდების გამოყენება უნდა ისწავლონ. გაეროს განვითარების პროგრამა მოხარულია, რომ შეუძლია წვლილი შეიტანოს შვეიცარიულ მოდელზე აგებული თანამედროვე სასწავლებლის დაფუძნებაში“.
შვეიცარიული აგრარული სკოლის მშენებლობა 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება. სკოლის კომპლექსში გაერთიანებულია სასწავლო კოლეჯი, ფერმა და მოწვეული პედაგოგებისთვის განკუთვნილი სასტუმრო. კამპუსი განლაგებულია ქვემო ქართლის რეგიონში, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთის მახლობლად, სადაც მე-19 საუკუნეში შვეიცარიული აგრარული სასწავლებელი და ყველის საწარმოები მოქმედებდა.
2021 წლის გაზაფხულზე შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია“ პირველ სტუდენტებს მიიღებს. ათი წლის მანძილზე რძისა და ყველის წარმოებისა და მეცხოველეობის სამწლიან სასწავლო კურსს 300 სტუდენტი გაივლის, ხოლო საკონსულტაციო მომსახურებით 2,000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს.
საკონტაქტო ინფორმაცია
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- თეიკო კანდელაკი, UNDP, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org
- ეკატერინე ყვავაძე, შვეიცარიის საელჩო საქართველოში, +995 599 952 954, eka.kvavadze@eda.admin.ch