სკოლის მოსწავლეებს ახალგორიდან, ქვემო ალვანიდან, რუსთავიდან და თბილისიდან გადაეცათ ჯილდოები ოზონის შესახებ საუკეთესო ესეებისა და ვიდეო მიმართვების მომზადებისთვის
ახალგაზრდები ოზონის შრეს იცავენ
19 November 2019
ოცდათხუთმეტმა სკოლის მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდულ კონკურსში „დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე“, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ჩატარდა. საუკეთესო ესეებისა და ვიდეო მიმართვების ავტორების დაჯილდოება დღეს თბილისში გაიმართა.
„შთამბეჭდავია, რომ საქართველოს ახალგაზრდობა ასეთი ენთუზიაზმით ეკიდება ჩვენი პლანეტის დაცვის საქმეს“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა. „გაეროს განვითარების პროგრამას იმედი აქვს, რომ ჩვენი კონკურსის შთაგონებით მისი მონაწილეები ცხოვრების მწვანე წესისა და მდგრადი მოხმარების ელჩები გახდებიან.“
„ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა მოქალაქეების მოლოდინია, რომ მწვანე და უსაფრთხო სამყაროს დავუტოვებთ. ეს მოლოდინი აუცილებლად უნდა გავამართლოთ“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის უფროსმა, თამარ ალადაშვილმა. „საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებიდან ამოღების მიმართულებით. თუმცა მომავალში მეტად უნდა ვიზრუნოთ გარემოსდაცვით განათლებაზე, ცხოვრების მწვანე წესის შემოღებაზე და წარმოებისა და მოხმარების მდგრადი პრაქტიკის დანერგვაზე“.
ახალგაზრდული კონკურსი ჩატარდა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელიც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) 2019 წლის 16 სექტემბერს, ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეს, წამოიწყეს. სექტემბერსა და ოქტომბერში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები და სემინარები, რომლებშიც 150-ზე მეტი სკოლის მოსწავლე ჩაერთო. ამის შედეგად, 35-მა მეათეკლასელმა გადაწყვიტა ესეებისა და ვიდეო მიმართვების კონკურსში მიეღო მონაწილეობა და საკუთარი სიტყვა ეთქვა ოზონის შრის დასაცავად.
სამმა მოსწავლემ ახალგორიდან, კახეთიდან და თბილისიდან მიიღო ჯილდოები საუკეთესო ესეების მომზადებისთვის, ხოლო ახალგაზრდამ რუსთავიდან - საუკეთესო ვიდეო მიმართვის ჩაწერისთვის.
მონრეალის ოქმი გლობალური შეთანხმებაა ოზონის შრის დაცვის შესახებ, რომლის ფარგლებში მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მნიშვნელოვანი ზომები გაატარა წარმოებიდან და მოხმარებიდან ოზონდამშლელი ნივთიერებების სრულად ან ნაწილობრივ ამოსაღებად. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2011 წლიდან ეხმარება საქართველოს მონრეალის ოქმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში. მონრეალის მრავალმხრივი ფონდის დაფინანსებითა და UNDP-ის ხელშეწყობით შეიქმნა და აღიჭურვა მაცივარ აგენტების რეციკლირების ორი ცენტრი, უახლესი ტექნიკით აღიჭურვა სამაცივრო დანადგარების მომსახურების 20 სერვის-ცენტრი, მაცივარ ტექნიკოსებმა და საბაჟოს თანამშრომლებმა შესაბამისი პროფესიული ტრენინგები გაიარეს, ხოლო რამდენიმე კომპანიამ და ორგანიზაციამ გადაიყვანა თავისი დანადგარები უსაფრთხო მაცივარაგენტებზე.
საკონტაქტო ინფორმაცია
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org
- ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, +995 599 502619, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge