მდგრადი ტყეები მდგრადი განვითარებისთვის
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, 34,000 ჰექტარი ტყე უკეთ დაცული იქნება
22 September 2021
საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 40 პროცენტზე მეტი ტყითაა დაფარული. ეს ფასდაუდებელი რესურსი არა მხოლოდ ბუნებრივი სიმდიდრე და კლიმატის ცვლილების შერბილების გზაა, არამედ ტურიზმის, დასვენების, დასაქმებისა და ეკონომიკური აქტივობის წყაროც. საქართველოს ტყეების მდგრადი მართვის ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობენ.
ახალი პროექტი, რომლის ბიუჯეტი 248,000 აშშ დოლარს (211,000 ევროს) შეადგენს, ალგეთის, ლაგოდეხისა და ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელდება და 34,000 ჰექტარი ტყის დაცვასა და შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.
ევროკავშირისა (EU) და UNDP-ის მხარდაჭერით, დაცული ტერიტორიების სააგენტო ტყის მართვის გეგმებს შეიმუშავებს და ახალ ტურისტულ სერვისებს დანერგავს. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნება მრავალენოვანი მობილური აპლიკაცია, რომელიც ვიზიტორებს მიაწვდის ინფორმაციას საქართველოს ყველა დაცული ტერიტორიის შესახებ. პროექტის განხორციელება 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა ევროკავშირისა და UNDP-ის ფართომასშტაბიანი პროგრამის ნაწილია, რომელიც სოფლის განვითარებას ემსახურება.
22 სექტემბერს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები ლაგოდეხის ეროვნულ პარკს ეწვივნენ და პროექტის განხორციელებისთვის შერჩეული ლოკაციები დაათვალიერეს.
„ახალი ტყის კოდექსი, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2020 წელს მიიღო, უზრუნველყოფს ტყის მართვას მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად, მისი სტატუსისა თუ საკუთრების ფორმის მიუხედავად. კონკრეტული ინიციატივები, რომელიც ტყის მართვის გარემოსდაცვით, ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტებს ითვალისწინებს, ხელს შეუწყობს ამ მნიშვნელოვანი კანონმდებლობის პრაქტიკულ დანერგვას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.
„ტყეები ევროპული მწვანე შეთანხმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ევროკავშირის მიდგომა აღიარებს, რომ ტყეები და მათთან დაკავშირებული მიწოდების ჯაჭვი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს როგორც კლიმატისადმი მედეგი ეკონომიკის მშენებლობაში, ისე სოფლის განვითარებაში. ამ მიდგომის ფარგლებში, ევროკავშირი ეხმარება საქართველოს, შეიმუშავოს ეფექტიანი მექანიზმები ტყის მდგრადი მართვისთვის, რაც სარგებელს მოუტანს როგორც გარემოს, ისე ეკონომიკას“, - აღნიშნა ქეთევან ხუციშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა.
„წელს მსოფლიომ ტყის გამანადგურებელი ხანძრები იხილა, რამაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ძვირფასი ბუნებრივი რესურსის შენარჩუნება, რომელიც სხვა ფუნქციებთან ერთად, კლიმატის სტაბილურობასაც ემსახურება. ჩვენი ხელშეწყობით, საქართველო შეძლებს, უკეთ დაიცვას თავისი მდიდარი ტყეები, შექმნას გარემოსადმი მეგობრულ ეკონომიკური შესაძლებლობები და კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგას ისეთი საზოგადოების მშენებლობის გზაზე, სადაც ადამიანებსა და ბუნებას შორის ჰარმონია დამყარება“, - განაცხადა ანნა ჩერნიშოვამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ.
ევროკავშირი (EU) და UNDP საქართველოს სოფლის განვითარების მრავალწლიანი მხარდამჭერები არიან. ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი სრული ბიუჯეტი 234.5 მილიონ ევროს შეადგენს. ამ დახმარების მიზანია სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნა, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა და სოფლის განვითარებაში მწვანე გადაწყვეტილებების დანერგვა. მეტი ინფორმაცია პროგრამაზე ENPARD ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://eu4georgia.ge/enpard/
საკონტაქტო ინფორმაცია:
- ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, +995 599 502619, nana.chinchilakashvili@moa.gov.ge
- ნიკოლოზ თევდორაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტო, +995 551 100008, niko@tevdorashvili.com
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- თეიკო კანდელაკი, UNDP, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org
- თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2364364, tamriko.mikadze@eeas.europa.eu