ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საქართველოს მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა მიერ მართული ინოვაციები ინერგება
საქართველოს „ურბანული წარმოსახვები“
17 December 2024
“როგორ გაძლოს ამ ცის ქვეშ გულმა უსიყვარულოდ!”
საქართველოს რეგიონები, მწვანეში ჩაფლული კოპწია ქალაქებითა და ენაკვიმატი, თბილი და სიახლის მოყვარული ხალხით, სწორედ ამ ყველასთვის საყვარელ შლაგერს გვაგონებს.
ბევრი სოციალური და ეკონომიკური პროექტი, რომელმაც საქართველოს სახელი გაუთქვა, სწორედ რეგიონებში დაიწყო. ჩაის გზა თუ ტრადიციული ქართული ღვინის ახალი ხედვა, მოქალაქეთა ჩართულობის ციფრული პლატფორმების დანერგვა თუ ქალაქების განვითარებაში ხელოვნური ინტელექტის, მაგალითად Urbanist AI-ის გამოყენება.
ეს არაჩვეულებრივი კრეატული ენერგია მნიშვნელოვან ბიძგს აძლევს ინოვაციური მიდგომებისა და ახალი ხედვების დანერგვას, თუმცა მაინც ვერ იცავს საქართველოს ულამაზეს პატარა ქალაქებსა და დასახლებებს თანამედროვეობის მწვავე გამოწვევებისგან. სიღარიბე, უმუშევრობა და დიდ ქალაქებთან შედარებით არასაკმარისი ეკონომიკური აქტივობა ყოველდღიურად საფრთხეს უქმნის განვითარების მიღწევებს და მოსახლეობის მიგრაციას იწვევს.
2024 წლის მონაცემებით, საქართველოში ეკონომიკურად დაუცველი ოჯახების 70 პროცენტი სოფლად ან პატარა ქალაქებში ცხოვრობს, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი დიდ ქალაქებთან შედარებით მაღალია და 17.6 პროცენტს აღწევს. დიდ ქალაქებში ეს მაჩვენებელი 14.6 პროცენტია.
2018-2024 წლებში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 7.4 პროცენტით შემცირდა, ხოლო დიდი ქალაქების მოსახლეობა 3.6 პროცენტით გაიზარდა, რაც ქვეყნის შიგნით, რეგიონებიდან დიდი ქალაქებისკენ მიგრაციის ზრდაზე მიუთითებს. [წყარო: საქსტატი]
ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა, ჩვენი ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) მეშვეობით, შესაძლებლობათა ფანჯრებს ქმნიან საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის და ხელს უწყობენ ახალი მიდგომების დანერგვას ცვალებადი სამყაროს გამოწვევების საპასუხოდ.
სამტრედია, წყალტუბო და ფოთი ამ ხელშეწყობის ერთ-ერთ მიმართულებაში, „ურბანულ წარმოსახვებში“ მონაწილეობისთვის შერჩეული მუნიციპალიტეტებია. მათი საინტერესო და თვითმყოფადი ისტორიები გვიჩვენებს საქართველოს მუნიციპალურ განვითარებაში ევროპული მიდგომების დანერგვის მაგალითს, რომელიც მოქალაქეთა მიერ მართული ინოვაციასა და მუნიციპალიტეტსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის თანამშრომლობას ეფუძნება.
სამტრედია: ქალაქი, რომელსაც უყვარს სპორტი
გასულ საუკუნეში, სამტრედიელები ველოსიპედს “ორთვალა ეშმაკს” ეძახდნენ და ეჭვის თვალით უყურებდნენ. დღეს, ეს ყველაზე გავრცელებული ადგილობრივი ტრანსპორტია, რომელიც ხშირად ავტომობილსაც ანაცვლებს და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვასაც უწყობს ხელს. სამტრედიელებისათვის სპორტული აქტივობა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ცურვა, ფეხბურთი და სპორტის სხვა სახეობები აქ განსაკუთრებით პოპულარულია როგორც ბავშვებსა და მოზარდებში, ისე ზრდასრულ მოსახლეობაში.
2022 წელს, სამტრედია „ურბანული წარმოსახვების“ პროგრამაში ჩაერთო და მუნიციპალური პროექტის განხორციელებისთვის ევროკავშირისა და UNDP-გან მიზნობრივი დახმარება მიიღო. პროექტის შერჩევა კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროცესი იყო, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოქალაქეებს შორის ჩაღრმავებულ კონსულტაციებსა და შეთანხმებებს გულისხმობდა და რომლის წარმართვაშიც სამტრედიელებს ევროკავშირისა და UNDP-ის მიერ მოწვეული საერთაშორისო ორგანიზაცია, Centre of Public Impact დაეხმარა.
არავის გაკვირვებია, რომ ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად, სამტრედიის მუნიციპალიტეტი და ადგილობრივი მაცხოვრებლები სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.
„სამტრედიაში ადრე საცურაო აუზი გვქონდა, თუმცა პანდემიის დროს დაიხურა და მას შემდეგ აღარც გახსნილა. ინფრასტრუქტურაც საკმაოდ განსაახლებელი იყო. მოქალაქეებთან კონსულტაციებმა გამოავლინა, რომ სპორტული კომპლექსი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. მუნიციპალიტეტმა ამაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა და რეაბილიტაციის პროცესი წამოიწყო. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასთან ერთად, აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ გააქტიურებასა და მეტი ეკონომიკური შემოსავლის გენერირებას“, - გვიყვება სერგო კოპალეიშვილი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი.
სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციისთვის, სამტრედიის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირისა და UNDP-გან 60,000 ევრო მიიღო, ხოლო დამატებითი თანხა მუნიციპალური ბიუჯეტიდან შეავსო.
დღეს, სამტრედიის განახლებულმა სპორტულმა კომპლექსმა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელთა საყვარელი რეკრეაციული ადგილის სახელი დაიბრუნა და სულ უფრო მეტ მომხმარებელს იზიდავს.
თანამედროვე, კარგად აღჭურვილ საცურაო აუზთან ერთად, სპორტულ კომპლექსში ასევე შედის ფეხბურთისა და კალათბურთის დახურული მოედნები და ფეხბურთის ღია მოედანი.
„ჩემი შვილები ამ აუზის მომხმარებლები არიან. ადრე სხვაგან გვიწევდა მგზავრობა, მაგრამ ახლა სულ აქ მოვდივართ!“, - ამბობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი, თინათინ მაღნარაძე.
წყალტუბო: ქალაქი, სადაც წარსული და მომავალი ხვდება ერთმანეთს
წყალტუბოში ჩამოსული სტუმრები ამბობენ, რომ ეს ულამაზესი ქალაქი მიტოვებულ სამოთხეს ჰგავს. მე-20-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საკურორტო ადგილი, უნიკალური მინერალური წყლებით, სპა სანატორიუმებითა და ასი ათასობით დამსვენებლით, დღეს მართლაც მივიწყებულ შთაბეჭდილებას ტოვებს და განახლებას ელის. საქართველოს ბევრი სხვა მუნიციპალიტეტის მსგავსად, მოსახლეობის მიგრაცია აქაც მაღალია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომლებიც დასაქმებისა და კარიერული განვითარებისთვის დიდ ქალაქებს მიეშურებიან.
ევროკავშირისა და UNDP-ის „ურბანული წარმოსახვები“ წყალტუბოსთვის სწორედ ის ბიძგი აღმოჩნდა, რომელიც ქალაქის განვითარების ახლებურ გააზრებას სჭირდებოდა.
„ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, უკეთ გავაცნობიერეთ თუ რას ფიქრობენ და რა სჭირდებათ წყალტუბოს მაცხოვრებლებს. ამ ახალ მიდგომებს, ინოვაციებს, ადამიანზე ორიენტირებულ დიზაინს სამომავლოდ გამოვიყენებთ სხვა ღონისძიებების განხორციელების დროს“, - ამბობს მარეხ კანკაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი.
მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებთან ჩატარებულმა კონსულტაციებმა დაანახა მუნიციპალიტეტს, რომ ადგილობრივ ახალგაზრდებს სჭირდებოდათ კარგად მოწყობილი სივრცე სხვადასხვა სახის შეხვედრისა და სასწავლო თუ გასართობი აქტივობისთვის. ევროკავშირის, დანიისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ერთობლივი დაფინანსების მეშვეობით, წყალტუბომ შეძლო რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, რამაც საფუძველი ჩაუყარა კულტურული სათემო ჰაბების ქსელის შექმნას, რომელიც მომავალში მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე უნდა გავრცელდეს. კულტურული ჰაბები არა მხოლოდ ახალგაზრდულ აქტივობებს გამოაცოცხლებს, არამედ მუნიციპალიტეტის ტურისტულ მიმზიდველობასაც გაზრდის.
2022-2024 წლებში განხორციელებულ პროექტებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის განახლება და მის ეზოში მდებარე ისტორიული ამფითეატრის რესტავრაცია და მოწყობა.
„ამფითეატრის განახლება ძალიან კარგი იდეა იყო. სამომავლოდ ვხედავ, რომ ხშირად გამოვიყენებთ ამ სივრცეს სხვადასხვა სახის ღონისძიებისთვის“, - გაგვიზიარა 16 წლის სკოლის მოსწავლემ, ლუკა ყავლაძემ.
ლუკას მაშინ გავესაუბრეთ, როდესაც ის თავის მეგობრებთან და თანასკოლელებთან ერთად განახლებულ ამფითეატრში ესწრებოდა ინტერაქტიულ სემინარს გარემოსდაცვითი ინოვაციისა და სმარტ ტექნოლოგიებს შესახებ. მსგავსი შეხვედრები აქ საკმაოდ ხშირად ტარდება, რაც ახალგაზრდების განათლებას და წყალტუბოს კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებას უწყობს ხელს.
ფოთი: ქალაქი, რომელიც ყველასია
„ეს ბილიკი ჩემნაირი ბავშვებისთვისაა. პარკში რომ ვსეირნობთ, ყოველთვის ამ ბილიკით დავდივართ“, - გვეუბნება ექვსი წლის ნინი გაგუა.
ეტლით მოსარგებლე ნინი ფოთის ცენტრალურ პარკს ხშირად სტუმრობს. წელს, მუნიციპალიტეტისა და მოქალაქეების შეთანხმების შედეგად, პარკის ადაპტირება და შეზღუდული შესაძლებლობის პირთა საჭიროებებზე მორგება განხორციელდა. კონსულტაციებში ჩართულები იყვნენ ფოთის მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, შშმ პირთა ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ისევე როგორც ფოთის მაცხოვრებლები, რომლებიც თავის საყვარელ ქალაქის მომავალს ყველასთვის კომფორტული, ღია და თანასწორი სივრცის განვითარებაში ხედავენ.
„ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, მოვაწყვეთ მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც ყველა ადამიანისთვის თანაბარ შესაძლებლობებს იძლევა. ახალი ინფრასტრუქტურის გარდა, მოქალაქეებზე და მათ საჭიროებებზე დაკვირვებისა და ინტერვიუების შედეგად, შევქმენით ახალი მიდგომები, რომლებიც ქალაქს სხვადასხვა პროექტში გამოადგება“, - გვიზიარებს ირაკლი ლეჟავა, ფოთის მერიის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციური სამსახურის უფროსის მოადგილე.
დღეს ფოთის ცენტრალური პარკი ყველა შესაძლებლობის, ასაკისა და ინტერესების ადამიანებს მასპინძლობს. ჭადრაკისა და წიგნის კუთხეები, სათამაშო მოედანი, კინოთეატრი ღია ცის ქვეშ - ყველა ეს სივრცე მისაწვდომია ახალგაზრდებისა და მოზრდილებისთვის, რომლებიც პარკში დასასვენებლად და გასართობად მოდიან.
მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ფოთის მაცხოვრებელთა 89 პროცენტი კმაყოფილია ცენტრალური პარკის ადაპტაციის პროექტით და დადებითად აფასებს ინკლუზიურობისკენ გადადგმულ ნაბიჯს.
ისევე როგორც ბევრი სხვა მუნიციპალური პროექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ფოთის ცენტრალური პარკის ადაპტირება ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
2022 წლიდან, ამ უნიკალური დახმარებით საქართველოს რვა მუნიციპალიტეტმა ისარგებლა. მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ორი ძირითადი მიმართულებით ხორცილდებოდა - „ურბანული წარმოსახვები“ და „მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელები“, რაც განვითარების ახალი გზების აღმოჩენას, ინკლუზიური ზრდის მოდელების დანერგვასა და დინამიური, წარმატებული სოციალური გარემოს შექმნას ემსახურებოდა.
გარდა ამისა, ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობა მიზნად ისახავდა ცოდნის დაგროვებას, შესაძლებლობების შექმნასა და მყარი პლატფორმის ჩამოყალიბებას მდგრადი და თანასწორი ადგილობრივი განვითარებისთვის.
საქართველოს მიღწევები ამ მნიშვნელოვანი პროგრამის ფარგლებში აღწერილია 2023-2024 წლების ანგარიშში.
"მერები ეკონომიკური ზრდისთვის" პროგრამის ფარგლებში, ევროკაშირისა და UNDP-ის დახმარებით საქართველოს რვა მუნიციპალიტეტმა ისარგებლა. ეს მრავალმხრივი მხარდაჭერა განვითარების ახალი გზების აღმოჩენას, ინკლუზიური ზრდის მოდელების დანერგვასა და დინამიური, წარმატებული სოციალური გარემოს შექმნას ემსახურებოდა.
დამატებითი ინფორმაცია:
„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ევროკაშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ხორციელდება. მისი მიზანია ქალაქებისა და დასახლებების მიმზიდველობის გაზრდა მაცხოვრებლებისა და ინვესტორებისთვის ცოდნის გაზიარების, რესურსების მოძიებისა და პარტნიორული ქსელის შექმნის მეშვეობით.
M4EG პროგრამა გეოგრაფიულ თავისებურებებს ითვალისწინებს და ერთიან მიდგომებს იყენებს, რაც მრავალმხრივ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. პროგრამა ითვალისწინებს, რომ თანამედროვეობის კომპლექსური გამოწვევების სწრაფი მოგვარება საკმაოდ რთულია, თუმცა განათლებაში, ექსპერიმენტსა და თანამშრომლობაში ჩადებული ინვესტიციების გზით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები რეალურ შანსს იძენენ, რომ მომავალს მომზადებულები შეხვდნენ.
დისქლეიმერი:
წინამდებარე ისტორია შექმნილია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) პროგრამის ფარგლებში. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არა ასახავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის თვალსაზრისს.