
ჩვენი საქმიანობა
კრიზისის პრევენცია & კრიზისის შემდგომი აღდგენა
მიმოხილვა
UNDP-ის კრიზის პრევენციისა და კრიზისის შემდგომი აღდგენის პროგრამა მიზნად ისახავს კონფლიქტის მშვიდობიან გარდაქმნასა და კონფლიქტით დაზარალებული თემების სოციალურ და ეკონომიკურ ხელშეწყობას.
UNDP წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც დახმარებას უწევს კონფლიქტით დაზარალებულ თემებს და ხელს უწყობს ნდობის აღდგენის პროცესს. გარდა ამისა, UNDP სტრატეგიულ რეკომენდაციებს სთავაზობს საქართველოს მთავრობას და კოორდინირებას უწევს დონორი ორგანიზაციებისა და განმახორციელებელი პარტნიორების ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი გარდაქმნის საკითხებში.
ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ ქალები და გოგოები განსაკუთრებით დაუცველები არიან კონფლიქტისა და კრიზისის მიმართ, და მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ გენდერულად სენსიტიური მიდგომების შემუშავებასა და დანერგვას.
UNDP-ის საქართველოს წარმომადგენლობა ასევე კოორდინირებას უწევს მშვიდობისა და განვითარების ქვერეგიონულ სამხრეთ კავკასიურ პროგრამას, რომელიც საკონსულტაციო და ანალიტიკურ დახმარებას სთავაზობს აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში მოქმედ გაეროს სააგენტოებს. პროგრამის მიზანია პოლიტიკური ანალიზის წარმოება, კონფლიქტით გამოწვეული კრიზისებისადმი მზაობის უზრუნველყოფა და მშვიდობის მშენებლობასთან დაკავშირებული ინიციატივების მხარდაჭერა. პროგრამის გუნდში შედიან რეგიონული მრჩეველი მშვიდობისა და განვითარების საკითხებში და სამი ეროვნული მრჩეველი აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში.
ვრცლად
1990-იან წლებში და 2008 წელს განვითარებულმა კონფლიქტებმა საქართველოს მძიმე მემკვიდრეობა და ბევრი გადაუჭრელი პრობლემა დაუტოვა. კონფლიქტის სავალალო შედეგების არასრულ ჩამონათვალშია ათასობით დაღუპული, დანაწევრებული საზოგადოება, დაკარგული ნდობა და 295 ათასზე მეტი დევნილი, რომელთა ნახევარზე მეტი ქალია. [წყარო: საქსტატი]
დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვა და ადამიანებს შორის ნდობის აღდგენა საკვანძო წინაპირობებია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის.
UNDP სანდო პარტნიორია ამ გამოწვევებით დატვირთული პროცესის ყველა მონაწილისთვის. ჩვენი მიუკერძოებელი პოზიცია და საერთაშორისო გამოცდილება უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, რათა ხელი შევუწყოთ კონფლიქტის მშვიდობიან გარდაქმნას ჰუმანიტარული და აღდგენასთან დაკავშირებული ინიციატივების მეშვეობით.
კონფლიქტით დაზარალებული თემების დახმარება, ნდობის აღდგენა და ადამიანების ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი საქმიანობის ცენტრალური შინაარსია.