შვედეთისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, "ევრონიუს ჯორჯია" იწყებს გადაცემათა ციკლს კლიმატის ცვლილების შესახებ
კლიმატის ცვლილების გაშუქება საქართველოს მედიაში
18 January 2023
საქართველოს მოსახლობის უდიდეს ნაწილს, 94 პროცენტზე მეტს, კარგად ესმის, რომ კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ ქვეყანაზე და საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანებს, ისე ეკონომიკას. თუმცა ამავე კვლევით ირკვევა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 10 პროცენტი ფლობს ინფორმაციას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და შესაბამისი მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესახებ, ხოლო მესამედზე მეტი თვლის, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების მოგვარება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების პასუხისმგებლობაა.
საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით, სატელევიზიო არხი „ევრონიუს ჯორჯიამ“, გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის ხელშეწყობით, დაიწყო გადაცემათა ციკლი კლიმატის ცვლილებისა და ამ გლობალური მოვლენის საქართველოზე გავლენის შესახებ.
დოკუმენტური სერიის პრემიერა 2022 წლის დეკემბრის ბოლოს შედგა. პირველი ორ ეპიზოდში განხილული იყო კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფები, კერძოდ მეწყერები და მყინვართა დნობა.
დოკუმენტური სერია 2023 და 2024 წლებშიც გაგრძელდება და კლიმატის ცვლილების სოციალურ და ეკონომიკურ ეფექტებთან დაკავშირებულ ყველა საკვანძო საკითხს მოიცავს. მათ შორისაა დაბალემისიიანი განვითარების შესაძლებლობები და შესაბამისი პოლიტიკის შექმნა, ცხოვრების ეკო-მეგობრული სტილი, განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტურობა, კლიმატის ცვლილების მონიტორინგი და პროგნოზირება და საქართველოს კლიმატური ვალდებულებები საერთაშორისო შეთანხმებების, მათ შორის პარიზის შეთანხმებისა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში.
დოკუმენტურ ფილმებში წარმოჩენილი იქნება სხვადასხვა მოსაზრება კლიმატის ცვლილების შესახებ, ხოლო ექსპერტებად მოწვეულნი იქნებიან საქართველოსა და მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალები გარემოს დაცვისა და ეკონომიკის საკითხებში, სამოქალაქო აქტივისტები და საჯარო მოხელეები.
დოკუმენტური სერია სრულად ხელმისაწვდომია ჩვენს YouTube არხზე.
„სანდო ინფორმაცია გვეხმარება უკეთ გავიაზროთ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევები და გავაკეთოთ ინდივიდუალური თუ კოლექტიური არჩევანი, რომელიც ნაკლებად საზიანოა გარემოსთვის. მივესალმებით მედიასთან თანამშრომლობას ამ კრიტიკული საკითხის ირგვლივ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად".ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში
„შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს მიაღწიოს თავის ეროვნულ მიზნებს კლიმატის ცვლილების სფეროში. საზოგადოების სათანადო ინფორმირება გადამწყვეტი ნაბიჯია პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებისა და მდგრადი მომავლის მშენებლობის საქმეში“.ხათუნა ზალდასტანიშვილი, შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელი
„დოკუმენტური ფილმების სერია უამბობს ჩვენს მაყურებელს, თუ როგორ აისახება კლიმატის ცვლილება საქართველოს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და რა როლი ეკისრება ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ცალკეულ მოქალაქეს ამ გლობალურ გამოწვევასთან გამკლავებაში. ჩვენი მიზანია, ამ პრობლემების კვლევა და არსებული თუ მოსალოდნელი შედეგების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება. სწორედ ამის შედეგად არის შესაძლებელი შეიქმნას ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, მოხდეს ანგარიშვალდებულების გააზრება, სამოქალაქო განათლების, ღირებულებებისა და დამოკიდებულებების ფორმირება, რამაც უნდა გამოიწვიოს სასიკეთო ცვლილებები ამ სფეროში“.მარინა ვაშაყმაძე, „ევრონიუს ჯორჯია“-ს სარედაქციო საბჭოს ხელმძღვანელი
დამატებითი ინფორმაცია:
კლიმატის ცვლილების შესახებ დოკუმენტური სერიის მხარდაჭერა ხორციელდება UNDP-ის გლობალური ინიციატივის, „კლიმატური დაპირების“ (Climate Promise) ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს პარიზის შეთანხმების დროულ და ეფექტიან შესრულებას მსოფლიოს 120 ქვეყანაში. „კლიმატური დაპირებას“ მხარს უჭერს UNDP-ის 35-ზე მეტი პარტნიორი სახელმწიფო, მათ შორის შვედეთი და იაპონია.
საკონტაქტო ინფორმაცია:
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org