საქართველო მასპინძლობს ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის მე-10 რეგიონულ დიალოგს აზიის, ევროპისა და წყნარი ოკეანეს ქვეყნებისთვის
11 June 2024
ბიომრავალფეროვნების ფინანსირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი მდგრადობისთვის, ადამიანის კეთილდღეობისა და გლობალური განვითარების მიზნების მიღწევისთვის. ამის მიუხედავად, ამ მხრივ მსოფლიოში არსებული დეფიციტი მილიარდობით აშშ დოლარით აღირიცხება და დღეისთვის 820 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა ყოველწლიურად 950 მილიარდ აშშ დოლარს მოითხოვს, თუმცა ამ მიზნისთვის გამოყოფილი სახსრები 121 მილიარდ აშშ დოლარს არ აღემატება. ბიომრავალფეროვნების ფინანსირებაში არსებული დეფიციტის აღმოფხვრა და რესურსების ეფექტიანი მობილიზება შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით, რომელშიც ქვეყნების მთავრობები, კერძო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი საზოგადოებები ჩაერთვებიან.
2012 წელს დაარსების დღიდან, გაეროს განვითარების პროგრამის ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივა (UNDP-BIOFIN) მხარს უჭერს 41 ქვეყანას ბიომრავალფეროვნების ფინანსირების გეგმების შემუშავებასა და კონსერვაციისთვის საჭირო რესურსების მობილიზებაში. მისი ინოვაციური მიდგომა საშუალებას აძლევს ქვეყნებს გაზომონ ბიომრავალფეროვნების მიმდინარე ხარჯები, დაადგინონ ფინანსირების საჭიროებები და მოიძიონ შესაბამისი გზები ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ეროვნული დეფიციტის დასაფარად. 2024 წელს, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა და UNDP-BIOFIN-ის ხელშეწყობით, ამ პროცესს კიდევ 91 ქვეყანა შეუერთდება.
„გლობალურად, ჩვენ 400 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება შევძელით. ასევე გამოვათავისუფლეთ 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სახელმწიფო ფინანსირება, რომელიც ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას მოხმარდება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ მოსახლეობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ეროვნულ პარკებთან, კერძო სექტორსა და სახელმწიფო უწყებებთან ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ადგილობრივი მიზნების მისაღწევად საჭირო ფინანსირების უზრუნველსაყოფად.“ონნო ვან დენ ჰეუფელი, გაეროს განვითარების პროგრამის ბიომრავალფეროვნების ფინანსირების პორტფელის ხელმძღვანელი
ყოველწლიურად, UNDP-BIOFIN აწყობს რეგიონულ დიალოგებს მთელს მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და სტრატეგიების, მექანიზმებისა და მეთოდოლოგიის დახვეწის მიზნით. 11-13 ივნისს, მე-10 რეგიონულ დიალოგს აზიის, ევროპისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებისთვის საქართველო უმასპინძლებს.
ღონისძიებას დაესწრება 70-ზე მეტი ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ექსპერტი და მთავრობის წარმომადგენელი 17 ქვეყნიდან. შედგება გამოცდილების გაზიარება, არსებული შესაძლებლობების შეფასება, ბიომრავალფეროვნების ფინანსირების გეგმების განხორციელების განხილვა და ფინანსირების ახალი გადაწყვეტების მოძიება.
„ეს დიალოგი გამოცდილების გაზიარების უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ექსპერტებისთვის ევროპის, აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებიდან. დიალოგის მონაწილეები გაეცნობიან რესურსების მობილიზების ინოვაციურ სტრატეგიებს, როგორიცაა ინფორმაციის გასაჯაროების ჩარჩოები, სუბსიდირების გადამისამართება, სადაზღვევო მექანიზმები და რისკების მართვის სტრატეგიები.“თრეისი ქამინგი, ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის მრჩეველი გარემოსდაცვითი ფინანსირების საკითხებში
რეგიონული დიალოგის მსვლელობაში გაიმართება მსჯელობა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ბიომრავალფეროვნების ფინანსირება სოფლის მეურნეობაში, ფინანსური სექტორის ჩართულობა, პოზიტიური წახალისება, შედეგის მომტანი ინვესტიციები, საზიანო სუბსიდიების გადამისამართება, საზოგადოების ჩართულობა და ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიები.
დიალოგის მონაწილე ქვეყნები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას ბიომრავალფეროვნების ფინანსირების სხვადასხვა სფეროში, დაცული ტერიტორიების ფინანსირებიდან, შედეგზე დაფუძნებულ ბიუჯეტის შექმნამდე და ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენებამდე.
„საქართველო შედის მსოფლიოს პირველი ოცდაათი ქვეყნის რიცხვში, სადაც ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ეროვნული პროცესი დაიწყო. მას შემდეგ, ჩვენ დამაჯერებელ პროგრესს მივაღწიეთ ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის საჭირო რესურსების მოძიებისა და შესაბამისი პოლიტიკის შექმნისა და განხორციელების მიმართულებით. ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაზე საბიუჯეტო დანახარჯების გაზრდა არა მხოლოდ მორალური იმპერატივია, არამედ საუკეთესო ინვესტიციაა ჩვენს საერთო მომავალში.“სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
საქართველო BIOFIN-ის გლობალურ პარტნიორობას 2016 წელს შეუერთდა, ხოლო ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ეროვნული გეგმა 2019 წელს მიიღო. მას შემდეგ, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტი ოთხჯერ გაიზარდა, 100,000 ლარიდან 400,000 ლარამდე, ხოლო ბიომრავალფეროვნების წლიური სახელმწიფო ბიუჯეტი 620,000 ლარით გაიზარდა.
2019 წლიდან, ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის ფარგლებში, ჯამურად მოხერხდა 1.5 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება ისეთი საკვანძო საქმიანობის განხორციელებით, როგორიცაა სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების გაზრდა, კერძო სექტორის ჩართულობა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაში, ეკოტურისტული შეთავაზებების დახვეწა და ტყის მართვის გაუმჯობესება.
ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ეროვნული გეგმის მიღებიდან დღემდე, საქართველოში უკვე განხორციელდა ან ჯერ კიდევ მიმდინარეობს 17 ინოვაციური ფინანსური გადაწყვეტა, რომელთა მიზანია ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვისა და კონსერვაციის ხელშეწყობა.
ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივა (BIOFIN):
2012 წლიდან, BIOFIN ხელს უწყობს მსოფლიოს 40 ქვეყანას ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ეროვნული გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში. მეტი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: http://www.biofin.org.
საკონტაქტო ინფორმაცია:
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 (599) 196907
- ირა სულავა, UNDP, irine.sulava@undp.org, +995 599 579105