გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთი ხელს უწყობენ ადგილობრივ ინიციატივებს კლიმატის ცვლილების დასაძლევად
კლიმათონი - გლობალური გამოწვევის ადგილობრივი ხედვა
21 December 2022
გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის ხელშეწყობით, საქართველოს რამდენიმე რეგიონში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ადგილობრივი პროექტები განხორციელდა. პროექტების მარათონში, ანუ კლიმათონში, ჩართული იყო შვიდი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებმაც შესაბამისი დაფინანსება საგრანტო კონკურსის შედეგად მოიპოვეს.
კლიმათონმა გამოავლინა ახალი ადგილობრივი მოთამაშეები, რომლებიც მანამდე ჩართულები არ იყვნენ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში, თუმცა ამის სურვილიც და რესურსიც გააჩნდათ.
„აღფრთოვანებული ვარ კლიმათონში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეული თემების მრავალფეროვნებით. ეს ნათლად აჩვენებს, რომ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა ყველა სოციალური ჯგუფის, ასაკის, გენდერისა თუ წარმომავლობის ადამიანს აერთიანებს. საზოგადოების ერთიანობა ერთადერთი გზაა კლიმატის ცვლილების გლობალურ გამოწვევასთან გამკლავებისთვის“, - განაცხადა ნიკ ბერესფორდმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.
„შვედეთი მხარს უჭერს გადამწყვეტ და ეფექტურ რეაგირებას კლიმატის ცვლილებაზე როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს, მიაღწიოს თავის ეროვნულ მიზნებს კლიმატის ცვლილების სფეროში, შეასრულოს პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები და ააშენოს მდგრადი და კლიმატგონივრული საზოგადოება“, - განაცხადა ხათუნა ზალდასტანიშვილმა, შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელმა.
კლიმათონის ფარგლებში შემდეგი შვიდი პროექტი განხორციელდა:
- გარემოსდაცვითი განათლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის (ხობის მუნიციპალიტეტი). ორგანიზაცია: განათლებისა და განვითარების ცენტრი „თოლისკური“
- ექსპერიმენტული კლიმატური განათლება „სატყეო სკოლა“ (წილკანისა და წეროვანის დევნილთა დასახელებები). ორგანიზაცია: Forest Matters
- ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების ინფორმირება კლიმატის ცვლილების შესახებ (მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტები). ორგანიზაცია: კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური სახლი“
- საგანმანათლებლო დებატები კლიმატის ცვლილების შესახებ 11 მუნიციპალიტეტში. ორგანიზაცია: საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE)
- გავამწვანოთ მომავალი - ესეების კონკურსი და საზაფხულო ბანაკები სკოლის მოსწავლეებისთვის (ბოლნისის, თეთრიწყაროსა და გორის მუნიციპალიტეტები). ორგანიზაცია: Let’s Do It Georgia
- ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობა კლიმატურ განათლებაში (ჭიათურისა და საჩხერეს მუნიციპალიტეტები). ორგანიზაცია: რეგიონული განვითარების მხარდაჭერის ცენტრი (RDSC)
- მერების შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი. ორგანიზაცია: City Institute Georgia (CIG)