გაეროს განვითარების პროგრამა და ეროვნული სატყეო სააგენტო იწვევენ იაპონელ ექსპერტებს სატყეო რეფორმის ხელშეწყობისთვის
საქართველო ისარგებლებს იაპონიის გამოცდილებით ტყის მდგრადი მართვისა და ეკო-ტურიზმის განვითარების სფეროში
30 September 2022
საქართველოში მიმდინარე სატყეო რეფორმა ტყის მდგრადი მართვის დანერგვას, სათბური აირების ემისიების შემცირებასა და გარემოსადმი მეგობრული ცხოვრების წესის შემოღებას ემსახურება. სატყეო რეფორმა უშუალოდ ეხმიანება საქართველოს ეროვნულ მიზნებსა და საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლებიც კლიმატის ცვლილების შერბილებასა და მის შედეგებთან ადაპტაციას უკავშირდება.
იაპონიის მთავრობა და გაეროს განვითარების პროგრამა/UNDP ხელს უწყობენ ამ ამბიციური გეგმის შესრულებას და ამ მხრივ, აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან.
იაპონიის მთავრობისა და UNDP-ის ხელშეწყობა მიზნად ისახავს ტყის მდგრადი მართვის ისეთი მოდელის დანერგვას, რომელიც ხელსაყრელი იქნება როგორც გარემოსთვის, ისე ეკონომიკისა და ადამიანებისთვის.
26-30 სექტემბერს, UNDP-სა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მოწვევით, საქართველოში ორი იაპონელი ექსპერტი, მიცუნობუ ონიში და ტორუ ინადა, ჩამოვიდა. იაპონელმა ექსპერტებმა ტყის მდგრადი მართვისა და ეკოტურიზმის განვითარების შესაძლებლობები შეისწავლეს და ეროვნული სატყეო სააგენტოსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ ასევე მოინახულეს საქმიანი ეზო ბოდორნაში და სატყეო უბნები მცხეთის მუნიციპალიტეტშისადაც იაპონიის მთავრობა და UNDP ხელს უწყობენ ტყის უკანონო და სოციალური ჭრების შემცირებას, ხე-ტყის დამზადების ალტერნატიული მეთოდების დანერგვას, ეკოტურიზმის განვითრებას და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ტყის დაცვის მნიშვნელობის შესახებ.
ხუთდღიანი ვიზიტის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების განხილვა 30 სექტემბერს, სამუშაო შეხვედრის ფორმატში გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს მიმართეს ოთარ შამუგიამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა; იმამურა აკირამ, იაპონიის ელჩმა საქართველოში; და ანნა ჩერნიშოვამ, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში.
„კლიმატის ცვლილების შერბილება ჩვენთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის, უდიდესი გამოწვევაა. შესაბამისად, აუცილებელია ყველა სექტორში არსებობდეს კლიმატის ცვლილების ადაპტაციისა და შერბილებისკენ მიმართული ღონისძიებები, რომელიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს. ამ ღონისძიებების ნაწილია ტყის მდგრადი მართვის სისტემის დანერგვა. აღებული ვალდებულებების აღსრულებაში, უმნიშვნელოვანესია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა. მასშტაბური სატყეო რეფორმის ფარგლებში, ახალი პროექტი დაგვეხმარება, მცხეთის მუნიციპალიტეტში შევძლოთ მდგრადი სატყეო მეურნეობების ჩამოყალიბება და ტყეების მართვა მათი ფუნქციური დანიშნულების მიხედვით. მინდა, მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობასა და გაეროს განვითარების პროგრამას პროექტის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის“.ოთარ შამუგია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
„ბოლო 50 წლის მანძილზე, იაპონიის ტყის რესურსები სამჯერ გაიზარდა და ქვეყნის სახმელეთო ტერიტორიის ორ მესამედზე გავრცელდა. ტყეს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ეროვნული გეგმის განხორციელებაში, რომლის მიხედვით, 2050 წლისთვის იაპონიამ ნახშირბად ნეიტრალურობას უნდა მიაღწიოს. მოხარულები ვართ ეს გამოცდილება და შესაბამისი პრაქტიკა საქართველოს გავუზიაროთ და ხელი შევუწყოთ ტყის ფაქიზი ეკოსისტემის შენარჩუნებას და გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მიღებას.“იმამურა აკირა, იაპონიის ელჩი საქართველოში
„43,000 ადამიანი მიიღებს მდგრადი გზით დამზადებულ ხე-ტყეს ყოველდღიური მოხმარებისთვის ჩვენი პროექტის შედეგად, რომელსაც იაპონიის მთავრობასთან და ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად ვახორციელებთ. ტყის მდგრადი მართვის მოდელი მცხეთის მუნიციპალიტეტში დაინერგება, ხოლო მომავალში, საქართველოს ყველა რეგიონზე გავრცელდება.“ანნა ჩერნიშოვა, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში
იაპონიის მთავრობის 920,000 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებით, UNDP ხელს უწყობს საქმიანი ეზოების შექმნასა და გამართვას. 2022 წელს, სოფელ ჯიღაურაში სრულად აღჭურვილი საქმიანი ეზო აშენდება, ხოლო ძეგვსა და ქვემო ლისში უკვე არსებული საქმიანი ეზოები ახალი ტექნიკით აღიჭურვება. ეროვნულ სატყეო სააგენტოს მაღალი გამავლობის მანქანები (კვადროციკლები) და ტყის ხანძართან საბრძოლველად საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა. მეტყევეები გაივლიან ტრენინგს ტყის მდგრადი მართვის საკითხებში. ადგილობრივი სოფლების ყველაზე მოწყვლად ოჯახებს ენერგოეფექტური ღუმლები გადაეცემა. ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები ტყის დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ.
საქართველოს სატყეო რეფორმის ხელშეწყობა ხორციელდება UNDP-ის გლობალური ინიციატივის, Climate Promise, ფარგლებში, რომელიც 120 ქვეყანასა და ტერიტორიას მოიცავს და კლიმატური დაპირების პრაქტიკულ შესრულებას ემსახურება. საქართველო იმ 23 ქვეყნის რიცხვშია, სადაც Climate Promise იაპონიის დაფინანსებით ხორციელდება.
საკონტაქტო ინფორმაცია
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org
- მეკო ჩაჩავა, იაპონიის საელჩო საქართველოში, +995 599 097807, grassroot2@tb.mofa.go.jp
- თამარ მეფარიშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტო, +995 599589141, tamara.meparishvili@forestry.gov.ge