იდა ბახტურიძემ, სამოქალაქო აქტივისტმა და საინფორმაციო პლატფორმის „ქალები საქართველოდან“ ერთერთმა დამფუძნებელმა, მიიღო კატო მიქელაძის სახელობის 2018 წლის პრემია, რომელიც მას ქალთა უფლებების დაცვის საქმეში მიღწევებისათვის გადაეცა.
კატო მიქელაძის სახელობის წლევანდელმა დაჯილდოებამ განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდა ქალი უფლებადამცველების საქმიანობასა და გენდერული თანასწორობის მიღწევის გზაზე ახალ გამოწვევებს დაუთმო.
ნომინანტების სიაში შევიდა 14 სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი, მკვლევარი და მეწარმე, რომელთა საქმიანობა ხელს უწყობს სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების განხორციელებას, გენდერულ განათლებას, ძალადობის აღმოფხვრას და მიგრანტებისა და უმცირესობების უფლებების დაცვას.
ასევე დაწესდა სპეციალური ჯილდო ქალი უფლებადამცველის სამომავლო საქმიანობის წასახალისებლად, რომლის ლაურეატი გახდა ნატა ტალიკიშვილი, ორგანიზაციის „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ წევრი და ტრანსგენდერ ქალთა უფლებების დამცველი.
კატო მიქელაძის პრემიის ინიციატორია ორგანიზაცია “ქალთა ფონდი საქართველოში”, ხოლო მხარდამჭერები გაეროს ორი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), ბრიტანული ორგანიზაცია Sigrid Rausing Trust და ქალთა საერთაშორისო ფონდი Mama Cash.
„მივესალმებით წლევანდელი გამარჯვებულების გამბედაობასა და სიმტკიცეს თანასწორი უფლებების დაცვის საქმეში“, - განაცხადა გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა. „საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საზოგადოებრივი წარმოდგენების შეცვლა და უფრო სამართლიანი პოლიტიკისათვის ნიადაგის მომზადება სწორედ სოციალური აქტივისტების დამსახურებაა“.
ნანა ფანცულაიამ, ორგანიზაციის “ქალთა ფონდი საქართველოში” აღმასრულებელმა დირექტორმა, აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის ახალგაზრდა ჩემპიონები მთელს საზოგადოებას მიმართავენ და უმნიშვნელოვანეს სოციალურ საკითხებზე საუბრობენ.
„ქალი უფლებადამცველები ხმას იმაღლებენ ისეთ მნიშნელოვან საკითხებზე, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა, განათლება, თანასწორობა და ადამიანის უფლებების დაცვა. კატო მიქელაძის სახელობის პრემიის უმთავრესი მიზანია მათი საქმიანობის საზოგადოებისათვის გაცნობა, აღიარება და დაფასება, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა თაობის წახალისება“, - თქვა მან.
კატო მიქელაძის სახელობის პრემია მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტის, აქტივისტისა და პუბლიცისტის, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებლის და ქალთა ემანსიპაციისათვის მებრძოლი ქალის სახელს ატარებს. პრემია 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ერთ უფლებადამცველ ქალს გადაეცემა. დაჯილდოება ტრადიციულად ემთხვევა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან კამპანიას.
საკონტაქტო ინფორმაცია
- ლონდა ბერია, ქალთა ფონდი საქართველოში, londa@womenfundgeorgia.org, +995 598 212225
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველოში, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907
- მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP საქართველოში, magdalena.nowakowska@undp.org, +995 598 822544