გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთის მთავრობა მხარს უჭერენ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონმდებლობის შემუშავებას
პასუხისმგებლიანი ბიზნესი და მწვანე ეკონომიკა
13 April 2021
ეკონომიკური საქმიანობა ხშირად უარყოფით ზემოქმედებას ახდენს გარემოზე, რაც შესაბამისი მონიტორინგის განხორციელებასა და სხვა პრევენციული ზომების გატარებას მოითხოვს. ამის გათვალისწინებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარს უჭერს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონმდებლობის შემუშავებას, რომელიც ვალდებულებას დააკისრებს კერძო კომპანიებს გარემოს დაზიანებისთვის.
2021 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც ძალაში 2022 წელს უნდა შევიდეს. UNDP-ის მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაასრულებს აღნიშნული კანონის ხუთი კანონქვემდებარე აქტის შემუშავებას, რომლებშიც დეტალურად იქნება გაწერილი გარემოზე ზემოქმედების მონიტორინგისა და მიყენებული ზიანის შემთხვევაში ვალდებულების დაკისრებისა და აღსრულების მექანიზმები.
13 აპრილს ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ სამთავრობო უწყებებსა და კერძო სექტორთან გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოქნილი მექანიზმის შესამუშავებლად. გარდა ამისა, UNDP ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და გარემოსდაცვითი განათლების დანერგვას საშუალო სკოლებში.
106,000 აშშ დოლარის ღირებულების ცხრათვიანი პროექტი განხორციელდება UNDP-სა და შვედეთის მთავრობის ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს საჯარო სექტორში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობას ემსახურება.
”საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორების თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საქართველოს გარემოსდაცვითი მიზნების მისაღწევად. გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა გარემოზე ზემოქმედების მონიტორინგისა და ზიანის პრევენციის ეფექტიანი მექანიზმია, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები და სხვა სახელმწიფოები იყენებენ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
”ეკონომიკური წარმატების მიღწევა შეუძლებელია გარემოს ხარჯზე. პირიქით, სწორედ მწვანე მდგომების დანერგვა განაპირობებს ეკონომიკის მდგრადობას და სიძლიერეს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ გარემოსდაცვითი პოლიტიკის გაუმჯობესებას, რაც საფუძველს შექმნის საქართველოში პასუხისმგებლიანი ბიზნესისა და მდგრადი წარმოების განვითარებისთვის“, - აღნიშნა UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა ანა ჩერნიშოვამ.
”გარემოს დაცვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს მიერ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას, მათ შორის, მე-12 მიზნის, რომელიც პასუხისმგებლიან წარმოებასა და მოხმარებას ითვალისწინებს”, - განაცხადა საქართველოში შვედეთის ელჩის მოადგილემ, შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ერიკ ილესმა.
გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებები, მათ შორის, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, გარემოს ეროვნული სააგენტო და სხვა, დაასრულებენ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონქვემდებარე აქტებზე მუშაობას და მთავრობას წარუდგენენ დასამტკიცებლად. სამინისტროს 60 თანამშრომელი გაივლის გადამზადების პროგრამებს გარემოსდაცვითი მონიტორინგის ჩატარებისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის აღსრულების საკითხებში.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ჩართულობით, ინფორმაცია გავრცელდება როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში. საინფორმაციო კამპანიის მსვლელობაში გამოყენებული იქნება ელექტრონული რესურსებიც, მათ შორის ცენტრის ვებგვერდი, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
გარდა ამისა, UNDP-სა და შვედეთის ხელშეწყობითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი შეიმუშავებს სასწავლო კურსს მოზარდებისთვის, რომელიც სასკოლო პროგრამებში დაინერგება.
საკონტაქტო ინფორმაცია
- ნანა ჩინჩილაკაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, +995 599 502619, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org