იაპონიის მთავრობა და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ საქმიანი ეზოების მშენებლობასა და აღჭურვას და ტყის უკანონო ჭრის შემცირებას
საქათველოში ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკა დაინერგება
17 July 2022
მცხეთის მუნიციპალიტეტში სამი ახალი საქმიანი ეზო ამოქმედდება, სადაც ხე-ტყის დამზადების ახალი, გარემოსადმი მეგობრული პრაქტიკა დაინერგება. ამის შედეგად, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, დაახლოებით 43,000 ადამიანი, მიიღებს მდგრადი გზით დამზადებულ ბიომასას, რომელსაც ყოველდღიური საჭიროებისთვის გამოიყენებს.
იაპონიის მთავრობის 920,000 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან და ხელს უწყობს საქმიანი ეზოების შექმნას და გამართვას.
2022 წელს, იაპონიის მთავრობისა და UNDP-ის ხელშეწყობით, სოფელ ჯიღაურაში სრულად აღჭურვილი საქმიანი ეზო აშენდება, ხოლო ძეგვსა და ქვემო ლისში უკვე არსებული საქმიანი ეზოები ახალი ტექნიკით აღიჭურვება.
საქმიან ეზოების გამართული საქმიანობისთვის, ეროვნულ სატყეო სააგენტოს მაღალი გამავლობის მანქანები (კვადროციკლები) და ტყის ხანძართან საბრძოლველად საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა. მეტყევეები გაივლიან ტრენინგს ტყის მდგრადი მართვის საკითხებში. ადგილობრივი სოფლების ყველაზე მოწყვლად ოჯახებს ენერგოეფექტური ღუმლები გადაეცემა. ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები ტყის დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ.
იაპონიის მთავრობისა და UNDP-ის დახმარება უფრო ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც საქართველოში ტყის რეფორმის გატარებასა და ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვას ემსახურება.
15 ივლისს, მცხეთის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მოქმედი ხელმძღვანელი დავით ალადაშვილი.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან, დიმიტრი ზურაბიშვილთან ერთად, მათ სოფელ ბოდორნაში ახლად აშენებული საქმიანი ეზო მოინახულეს და ხე-ტყის დამზადების ახალ მოდელს ადგილზე გაეცნენ.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით უკვე მოწყობილია 43 საქმიანი ეზო. სატყეო რეფორმა ითვალისწინებს სატყეო მეურნეობის განვითარებას, რაც საშუალებას მოგვცემს მომავალში სოციალური ჭრა ეტაპობრივად შევცვალოთ ისეთი ტიპის მომსახურებით, რომელიც მერქნულ რესურსზე გამარტივებულ წვდომას უზრუნველყოფს და უფრო მეტად კომფორტული იქნება მოსახლეობისა და ბიზნესისთვის“.კახა კაკაბაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიოსტრის მოადგილე
„იაპონელები და ქართველები ტყის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებითა და სიღრმისეულ კულტურული კავშირით გამოვირჩევით. ტყის აღდგენა და კონსერვაცია იაპონიის ერთ-ერთი ეროვნული პრიორიტეტია. ამ მხრივ, ჩვენმა ქვეყანამ თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია. მოხარულები ვართ, ეს გამოცდილება საქართველოს გავუზიაროთ, ხელი შევუწყოთ ტყის ფაქიზი ეკოსისტემის შენარჩუნებას და დავეხმაროთ საქართველოს მოსახლეობას, უფრო ეფექტიანად გამოიყენოს განახლებადი ენერგიის შესაძლებლობები“.იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა
„საქართველოს მოსახლეობის 75 პროცენტი გასათბობად კვლავ შეშას იყენებს. საშეშე მერქნის არამდგრადი მოპოვების შედეგად, საქართველოს ტყე ზიანდება, სათბური აირების ემისიები კი იზრდება. UNDP მიესალმება ახალ ტყის კოდექსს, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის ხედვა ტყის გაჩეხვის შემცირებასთან და ტყის მდგრად მართვასთან დაკავშირებით. სატყეო რეფორმის ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ პრაქტიკულ დახმარებას ვუწევთ როგორც ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას, და ხელს ვუწყობთ ყოველდღიურ ცხოვრებაში მწვანე, ჯანსაღი და მდგრადი მიდგომების დანერგვას“.UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა
საქართველოს ტყე და ტყის რეფორმა
საქართველოს სახმელეთო ტერიტორიის 43 პროცენტი ტყითაა დაფარული. მილიონობით ადამიანისთვის, ტყე შემოსავლის, წყლისა და ჟანგბადის წყაროა. ტყე გვიცავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან და შთანთქავს სათბური არიების ემისიებს. მიუხედავად ამისა, ტყის გადამეტებული მოხმარება, უკანონო ჭრა და გახშირებული ხანძრები მუდმივ საფრთხეს უქმნის ამ ძვირფას ბუნებრივ რესურსს.
საქართველოს მოსახლების სამი მეოთხედი შეშას გასათბობად იყენებს. არამდგრადი გზით მოპოვებული ხე-ტყის მასალის რაოდენობა წელიწადში 2.4 კუბურ მეტრს აღწევს, რაც საქართველოს ყოველწლიურად 446 მილიონი ლარი უჯდება. გარდა ამისა, ათასობით ჰექტარი ტყე ზიანდება და ნადგურდება გახშირებული ხანძრების გამო.
2021 წელს, საქართველოს მთავრობამ ახალი ტყის კოდექსი დაამტკიცა და ტყის რეფორმა წამოიწყო. ერთი წლით ადრე, 2020 წელს, საქართველომ ასევე მიიღო რამდენიმე სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ქვეყნის კლიმატურ მიზნებს განსაზღვრავს. მათ შორისაა კლიმატის ცვლილების ეროვნული სტრატეგია 2030 და ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლებული დოკუმენტი. ამ საკმაოდ ამბიციური გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის, საქართველო 35 პროცენტით შეამცირებს სათბურის აირების გაფრქვევის ჯამურ მაჩვენებელს 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო ტყის მიერ ნახშირბადის შთანთქმა გაიზრდება 10 პროცენტით 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
გაეროს განვითარების პროგრამა მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც საქართველოს მთავრობასთან, ისე საერთაშორისო დონორებთან - ევროკავშირთან, შვედეთთან და შვეიცარიასთან, რათა ხელი შეუწყოს ამ მიზნების მიღწევას. UNDP-ის თანამშრომლობა იაპონიასთან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ საქმიანობაში და ხელს შეუწყობს საქართველოს გადასვლას ტყის მართვის მდგრად და კლიმატგონივრულ მიდგომებზე.
საკონტაქტო ინფორმაცია
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org
- მეკო ჩაჩავა, იაპონიის საელჩო საქართველოში, +995 599 097807, grassroot2@tb.mofa.go.jp,
- თამარ მეფარიშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტო, +995 599589141, tamara.meparishvili@forestry.gov.ge