იაპონიის, გაეროს განვითარების პროგრამისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლობა ხელს უწყობს ხე-ტყის უკანონო ჭრის აღკვეთასა და ტყის ხანძრის რისკის მართვას
ტყის მდგრადი მართვის მოდელი მცხეთის მუნიციპალიტეტში
22 February 2023
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში ახალი საქმიანი ეზო გაიხსნა, რომელიც მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს მდგრადი გზით მოპოვებული ხე-ტყის მასალით მოემსახურება.
საქმიანი ეზოს მეშვეობით, მოხდება ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ტერიტორიიდან საშეშე მერქნის მოპოვება, ტრანსპორტირება და სარეალიზაციოდ დამუშავება. საშეშე მასალის შეძენას როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ისე ბიზნესები შეძლებენ, ხოლო სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველი ოჯახები გარკვეულ რაოდენობას უფასოდ მიიღებენ. საქმიანი ეზოს ფუნქციებში ასევე შედის ტყის დაცვა ხანძრისგან და საფრთხის შემთხვევაში, მიმდებარე სოფლების მოსახლეობის დახმარება.
ჯიღაურა, ძეგვი და ქვემო ლისი მცხეთის მუნიციპალიტეტის სამი სოფელია, სადაც საქმიანი ეზოების მოწყობა იაპონიისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით განხორციელდა. სამივე საქმიანი ეზო სულ 43,000-ზე მეტ ადამიანს მოემსახურება.
ამ თანამშრომლობის ფარგლებში სრულად აშენდა და აღიჭურვა ჯიღაურას საქმიანი ეზო, ხოლო ლისისა და ძეგვის საქმიანი ეზოები აღიჭურვა ცეცხლმაქრი საშუალებებით, რადიოგადამცემი მოწყობილობებით, სატვირთო მანქანებითა და მაღალი გამავლობის ავტომობილებით, „კვადროციკლებით“. სამივე საქმიანი ეზოს მეტყევეებმა გაიარეს შესაბამისი მომზადება ტყის მდგრადი მართვისა და ტყის ხანძართან ბრძოლის საკითხებში.
21 თებერვალს, ჯიღაურას საქმიან ეზოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, იაპონიის საელჩოს, გაეროს განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ეწვივნენ. მათ საქმიანი ეზოს ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა დაათვალიერეს და მეტყევეებს გაესაუბრნენ.
„სატყეო რეფორმა ითვალისწინებს სატყეო მეურნეობის განვითარებას, რაშიც „საქმიანი ეზოების“ როლი უმნიშვნელოვანესია. ჩვენი მიზანია, მომავალში სოციალური ჭრა ეტაპობრივად შევცვალოთ ისეთი ტიპის მომსახურებით, რომელიც უფრო მეტად კომფორტული იქნება მოსახლეობისა და ბიზნესისთვის და მერქნულ რესურსზე წვდომას გაამარტივებს“.ოთარ შამუგია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
„საქართველოს ტყე ძვირფასი საგანძურია, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის მდგრადი და კლიმატგონივრული განვითარებისთვის, ისე ადამიანების კეთილდღეობისთვის. იაპონია მოხარულია, ტყის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს და ამით ხელი შეუწყოს ბუნებრივი რესურსების დაცვასა და მდგრად გამოყენებას.“იმამურა აკირა, იაპონიის ელჩი საქართველოში
„გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს ტყის რეფორმას საქართველოში. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისა და კლიმატის ცვლილების შერბილების საქმეში. იაპონიის მხარდაჭერით, ხელს ვუწყობთ საქართველოს მთავრობას, აღმოფხვრას არამდგრადი გზით მოპოვებული ხე-ტყის მასალის გამოყენების პრაქტიკა, შეამციროს ტყის ხანძართან დაკავშირებული საფრთხეები და დანერგოს ტყის მართვის მდგრადი და კლიმატგონივრული მიდგომები როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე.“ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში
920,000 აშშ დოლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, UNDP და იაპონია ხელს უწყობენ საქმიანი ეზოების შექმნასა და გამართვას საქართველოში. ეს ხელშეწყობა ხორციელდება UNDP-ის გლობალური ინიციატივის, Climate Promise, ფარგლებში, რომელიც 120 ქვეყანასა და ტერიტორიას მოიცავს და კლიმატური დაპირების პრაქტიკულ შესრულებას ემსახურება. საქართველო იმ 23 ქვეყნის რიცხვშია, სადაც Climate Promise იაპონიის დაფინანსებით ხორციელდება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org
- თამარ მეფარიშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტო, +995 599589141, tamara.meparishvili@forestry.gov.ge