ჩვენი საქმიანობა
კრიზისის პრევენცია & კრიზისის შემდგომი აღდგენა
მიმოხილვა
UNDP-ის კრიზის პრევენციისა და კრიზისის შემდგომი აღდგენის პროგრამა მიზნად ისახავს კონფლიქტის მშვიდობიან გარდაქმნას და კონფლიქტით დაზარალებული თემების სოციალურ და ეკონომიკურ ხელშეწყობას.
ამ მხრივ, UNDP წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა საქართველოში, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც აფხაზეთის რეგიონს უკავშირდება. კოორდინირებასთან ერთად, ჩვენ უშუალო დახმარებას ვუწევთ კონფლიქტით დაზარებულ თემებს, ხელს ვუწყობთ ნდობის აღდგენას და სტრატეგიულ რეკომენდაციებს ვთავაზობთ საქართველოს მთავრობას, დონორ ორგანიზაციებსა და განმახორციელებლ პარტნიორებს.
გარდა ამისა, UNDP-ის საქართველოს წარმომადგენლობა კოორდინირებას უწევს მშვიდობისა და განვითარების ქვერეგიონულ სამხრეთ კავკასიურ პროგრამას, რომელიც საკონსულტაციო და ანალიტიკურ დახმარებას სთავაზობს აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში მოქმედ გაეროს სააგენტოებს. პროგრამის მიზანია პოლიტიკური ანალიზის წარმოება, კონფლიქტით გამოწვეული კრიზისებისადმი მზაობის უზრუნველყოფა და მშვიდობის მშენებლობასთან დაკავშირებული ინიციატივების მხარდაჭერა. პროგრამის გუნდში შედიან რეგიონული მრჩეველი მშვიდობისა და განვითარების საკითხებში და სამი ეროვნული მრჩეველი აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში.
ვრცლად
1990-იან წლებში და 2008 წელს განვითარებულმა კონფლიქტებმა საქართველოს მძიმე მემკვიდრეობა და ბევრი გადაუჭრელი პრობლემა დაუტოვა. 275 ათასი დევნილი, ათასობით დაღუპული, დანაწევრებული საზოგადოება და დაკარგული ნდობა - ეს კონფლიქტის სავალალო შედეგების არასრული ჩამონათვალია.
დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვა და ადამიანებს შორის ნდობის აღდგენა საკვანძო წინაპირობაა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის.
UNDP სანდო პარტნიორია ამ გამოწვევებით დატვირთული პროცესის ყველა მონაწილისთვის. ჩვენი მიუკერძოებელი პოზიცია და საერთაშორისო გამოცდილება უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს იმისთვის, რომ ჰუმანიტარული და აღდგენასთან დაკავშირებული ინიციატივების მეშვეობით, ხელი შევუწყოთ კონფლიქტის მშვიდობიან გარდაქმნას.
ჩვენი საქმიანობის ცენტრალურ შინაარსს კონფლიქტით დაზარალებული თემების დახმარება, ნდობის აღდგენა და ადამიანების ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს.