საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრები ოზონის შრის შესახებ
მედია ოზონის შრის დასაცავად
10 November 2022
გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებმა მონაწილეობა მიიღეს მედია-კონკურსში ოზონის შრის შესახებ, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის (EIEC) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.
კონკურსზე წარდგენილ სტატიებსა და ბლოგებში აღწერილია ოზონის შრესთან დაკავშირებული ვითარება და შესაბამისი პოლიტიკის გატარების მნიშვნელობა. ჟურნალისტურ ნამუშევრებში ასევე ხაზგასმულია თითოეული ადამიანის ინდივიდუალური ქცევის წვლილი ჯანსაღი და უსაფრთხო პლანეტისთვის ბრძოლაში.
მედია-კონკურსის შედეგად სამი გამარჯვებული გამოვლინდა:
- ნინა სამადაშვილი სტატიისთვის „ენერგო ეფექტურობა ოზონის შრის დასაცავად“
- ნინო გიორგობიანი სტატიისთვის „ოზონის შრე - როგორ ვიცავთ იმას, რაც თავად გვიცავს“
- გელა მამულაშვილი სტატიისთვის „რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად?“
კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება 10 ნოემბერს გაეროს სახლში გაიმართა. თითოეულმა გამარჯვებულმა მიიღო 1,500-ლარიანი ვაუჩერი ენერგოეფექტური საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტექნიკის შესაძენად. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი გარემოსდაცვით ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის.
“მონრეალის ოქმი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საერთაშორისო გარემოსდაცვითი შეთანხმებაა. ეს იმის მაგალითია, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი გაეროს წევრი ქვეყნების ერთობლივი მუშაობისას. მიხარია, რომ საქართველოს წამყვანი ჟურნალისტები ამ ამბავს აშუქებენ და თავის მკითხველს აცნობენ. ვულოცავ ჩვენი კონკურსის გამარჯვებულებს.“ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში.
“ბოლო ათი წლის მანძილზე, საქართველომ შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებიდან ამოღებისა და შესაბამისი რეფორმების გატარების მიმართულებით. ამ მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქება ხელს უწყობს მოსახლეობის ინფორმირებასა და პოზიტიური ცვლილების მიღწევას."ნოე მეგრელიშვილი, საქართველოში მონრეალის ოქმის საკონტაქტო პირი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსი
“მედია-კონკურსმა აჩვენა, რომ საქართველოში გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა საკმაოდ კარგად ვითარდება. აქტუალური გარემოსდაცვითი საკითხების სიღრმისეული გაშუქება აუცილებელია ისეთი საკვანძო საქმიანობის წარმატებისთვის, როგორიცაა ოზონის შრის დაცვა, პლასტიკით დაბინძურების შემცირება და კლიმატის ცვლილების შერბილება.“თამარ ალადაშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის დირექტორი
გაეროს განვითარების პროგრამა, მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის ფინანსური ხელშეწყობით, მხარს უჭერს საქართველოში ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებიდან ეტაპობრივ ამოღებას. ეს მრავალწლიანი დახმარება საქართველოს მთავრობასთან, საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ხორციელდება.
საკონტაქტო ინფორმაცია
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org