40 ქალის მიერ შექმნილი ტანსაცმელი და ნაკეთობები ზუგდიდში გამართულ გალა-წარმოდგენაზე გამოიფინა
ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ კონფლიქტით დაზარალებული ქალების პროფესიულ გადამზადებას
24 February 2023
ზუგდიდში გამართულ გალა-წარმოდგენაზე, ორმოცმა კონფლიქტით დაზარებულმა ქალმა საკუთარი ხელით შექმნილი ტანსაცმელი, ტრიკოტაჟი, სათამაშოები და ნაქსოვი ნაკეთობები წარადგინა. გამოფენის მონაწილეებმა ახალხან გაიარეს ხელსაქმის პროფესიული ტრენინგი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ხელები მშვიდობისთვის“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პროგრამის EU4Dialogue ფარგლებში გაუძღვა.
ევროკავშირისა და UNDP-ის დახმარების შედეგად, კონფლიქტით დაზარალებულმა ქალებმა ოთხი სახის ხელსაქმე შეისწავლეს - ქსოვა, ქარგვა, ჭრა-კერვა (ტანსაცმლის მოდელირება) ან ტრიკოტაჟი (მაკრამეს ძაფით ქსოვა). ტრენინგზე შეძენილმა პროფესიულმა ცოდნამ და უნარებმა საფუძველი უნდა ჩაუყაროს მათ დასაქმებას, მეწარმეობასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.
ტრენინგის ექვსმა მონაწილემ უკვე დაიწყო სამსახური ხელსაქმის მიმართულებით, ხოლო სხვა ექვსმა მონაწილემ მიიღო მცირე გრანტები მეწარმეობის გასაგრძელებლად.
„ევროკავშირთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ჩვენ ხელს ვუწყობთ კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს, წარმატებას მიაღწიონ პროფესიულ საქმიანობასა და მეწარმეობაში. საგანმანათლებლო და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე წვდომა სასიკეთოდ აისახება არა მხოლოდ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე, არამედ მთელს საზოგადოებაზე“.მარიამ ბეგიაშვილი, EU4Dialogue პროექტის კოორდინატორი
გალა-წარმოდგენა ტანსაცმლის დეფილეთი გაიხსნა. ტრენინგის მონაწილე ქალებმა, თავის შვილებთან ერთად, პროექტის ფარგლებში შექმნილი ტანსაცმელი და აქსესუარები თავად წარადგინეს. აქვე გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, სადაც სტუმრებს შეეძლოთ ტანსაცმლისა და ნაქსოვი სათამაშოების დათვალიერება და შეძენა.
ხელსაქმის შესწავლასთან ერთად, პროექტის მონაწილე ქალებმა გაიარეს დამატებითი გადამზადება მარკეტინგის, გაყიდვების, სოციალური მედიის გამოყენების, ბიზნეს-გეგმის შედგენისა და საგრანტო განაცხადის მომზადების საკითხებში.
კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებაში სოციალური ერთიანობის განმტკიცების მიზნით, სასწავლო პროგრამაში ჩართულები იყვნენ როგორც დევნილები, ისე ადგილობრივი მაცხოვრებლები. 40 მონაწილიდან, 15 აფხაზეთიდან დევნილი იყო, ხოლო სხვები ზუგდიდის, წალენჯიხის და ხობის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლები.
###
EU4Dialogue ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება და ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის გაზრდას, საარსებო წყაროს შექმნას, გენდერული თანასწორობის მიღწევას, ახალგაზრდების ჩართულობასა და კონფლიქტის მშვიდობიან გარდაქმნას.
საკონტაქტო ინფორმაცია
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ოთარ კობახიძე, UNDP, +995 599 775879, otar.kobakhidze@undp.org
- თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2364364, tamriko.mikadze@eeas.europa.eu