ახალი კვლევა შრომითი მიგრანტი ქალების წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ

ევროკავშირი, შვედეთი და UNDP, WECF - საქართველოსთან თანამშრომლობით, მხარს უჭერენ შრომითი მიგრანტი ქალების დაბრუნებასა და რეინტეგრაციას

22 November 2023

საქართველოს შრომითი მიგრანტი ქალების საჭიროებების კვლევა

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და არასამთავრობო ორგანიზაციამ “ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) - საქართველო“ გამოაქვეყნეს კვლევა „საქართველოში შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა“.

შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებულ კვლევაში განხილულია მრავალმხრივი გამოწვევები, რომლებსაც შრომითი მიგრანტი ქალები სამშობლოში დაბრუნებისას აწყდებიან, შესწავლილია ამ გამოწვევების საფუძვლები, აღწერილია შრომითი მიგრანტი ქალების დაბრუნებისა და რეინტეგრაციის მხრივ არსებული ბარიერები  და მოყვანილია შესაბამისი რეკომენდაციები სხვადასხვა უწყების მიმართ. 

კვლევის მიგნებები ეყრდნობა ოცდაორ ინტერვიუს შრომით მიგრანტ ქალებთან და ასევე, საქართველოს კანონმდებლობის, პოლიტიკისა და სახელმწიფო პროგრამების სიღრმისეულ ანალიზს. 

კვლევის საჯარო წარდგენას, რომელიც 22 ნოემბერს გაიმართა, ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კვლევის განხილვაში ასევე ჩაერთნენ მიგრანტი ქალები და მათი ოჯახის წევრები.

ღონისძიება გაიმართა 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. ყოველწლიური გლობალური კამპანია ქმნის საჯარო პლატფორმას ქალთა უფლებების შესახებ მსჯელობისთვის, წარმოაჩენს არსებულ გამოწვევებს და აერთიანებს მსოფლიო საზოგადოებას დისკრიმინაციისა და ძალადობის დასაძლევად.

„საზოგადოების წარმატება წარმოუდგენელია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გარეშე. ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, OECD-ის მონაცემებით, ათი ქართველი მიგრანტიდან ექვსი ქალია. მათ წინაშე არსებული ბარიერების გამოვლენა და გადალახვა, მათი სამშობლოში დაბრუნება და ეკონომიკაში აქტიურად ჩართვა უმნიშვნელოვანესია საქართველოს ინკლუზიური ზრდის, სოციალური წინსვლისა და მდგრადი განვითარებისთვის.“
დაგლას უები, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში
„ჩვენი კვლევა გამოავლენს იმ კონკრეტულ მიზეზებს, რომლებიც ხელს უშლის შრომითი მიგრანტი ქალების დაბრუნებას. შვედეთი მტკიცედ უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ქალთა გაძლიერებასა და გენდერული თანასწორობის მიღწევას ემსახურება.“
ევა ატერლოვ ფრიზელი, შვედეთის საელჩოს, განვითარებისა და თანამშრომლობის ხელმძღვანელის მოადგილე
„მიგრანტი ქალები სპეციფიკური გამოწვევების წინაშე არიან როგორც რეგიონული ისე გლობალური საფრთხეების კონტექსტში. პოლიტიკური ნებისა და შესაბამისი პოლიტიკური ზომების მიღების შემთხვევაში, ეს გამოწვევები შესაძლოა განვითარების შესაძლებლობებად გარდაიქმნას. ევროკავშირი ახორციელებს ინვესტიციას მიგრაციის უკეთ მართვაში, მათ შორის რეინტეგრაციის პოლიტიკის, დასაქმების ხელმისაწვდომობისა და საქართველოს მოსახლეობის უკეთესი სოციალური დაცვის მიმართულებით“
იურატე იუოდსნუკიტე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე და პროგრამის მენეჯერი შრომის ბაზრის, მიგრაციისა და გენდერის მიმართულებით
„საქართველოდან მიგრაციის მზარდი ფემინიზაციის პირობებში, როდესაც ქალთა სულ უფრო დიდი რაოდენობა ეძებს სამუშაო შესაძლებლობებს საზღვარგარეთ, მათი სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ პირველხარისხოვანი მნიშვნელობის საკითხია. ჩვენი კვლევა გამოავლენს ეკონომიკურ გამოწვევებს, რომლებსაც მიგრანტი ქალები დაბრუნებისას აწყდებიან, და ხაზს უსვამს ინკლუზიური პოლიტიკისა და პროგრამების აუცილებლობას. ჩვენი მიზანია, ამ მნიშვნელოვანი პრობლემის გარშემო საზოგადოებრივი დიალოგის შექმნა, რაც დადებითი ცვლილების კატალიზატორი გახდება. ამ გზით იქნება შესაძლებელი მხარდამჭერი გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც შექმნის მიგრანტი ქალების დაბრუნების, რეინტეგრაციისა და საზოგადოების განვითარებაში აქტიური მონაწილეობის წინაპირობებს.“
იდა ბახტურიძე, WECF - საქართველოს თანადირექტორი

კვლევაში იკვეთება, რომ ბოლო წლებში, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მიგრაციის მართვის სისტემის განვითარების მიმართულებით, თუმცა, მიგრაციის ფემინიზაცია მეტ ყურადღებას საჭიროებს.

შრომითი მიგრანტი ქალების გამოცდილება აჩვენებს გენდერული პერსპექტივისა და ხედვის ნაკლებობას საქართველოს კანონმდებლობაში, პოლიტიკასა და სახელმწიფო პროგრამებში, რაც ხელს უშლის შრომითი მიგრანტი ქალების დაბრუნებასა და მდგრად რეინტეგრაციას.

ემიგრაციაში მყოფი შრომითი მიგრანტი ქალები ხშირად ვერ ახერხებენ ფინანსური კაპიტალის დაგროვებას. ერთის მხრივ, მათ ამისთვის საჭირო გამოცდილება არ გააჩნიათ, ხოლო მეორეს მხრივ, მათი ფინანსური რესურსები ხმარდება სამშობლოში დარჩენილი ოჯახების საჭიროებებს, რომელთა კეთილდღეობა უმეტესწილად სწორედ ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. მაგალითისთვის, 2020 წელს, ფულადმა გზავნილებმა საქართველოში 2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 13 პროცენტს შეადგენს. (წყარო: OECD)   

ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ, შრომითი მიგრანტი ქალები კიდევ ერთ გამოწვევას აწყდებიან - ინფორმაციის ნაკლებობას მათთვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამების, დასაქმების, განათლებისა თუ დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ.

ამ პრობლემის ერთობლიობა ართულებს საქართველოდან წასული შრომითი მიგრანტი ქალების სამშობლოში დაბრუნებას, ხოლო დაბრუნებას შემთხვევაში, ხელს უშლის მათი საზოგადოებაში რეინტეგრაციის პროცესს.

კვლევაში ასევე განხილულია საქართველოში არსებული სოციოეკონომიკური გარემო და სტრუქტურული ბარიერები, რომლებიც ზღუდავს მიგრანტი ქალების მონაწილეობას ეკონომიკურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასეთ ბარიერებს შორისაა უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, პროფესიული კვალიფიკაციის დაკარგვა მიგრაციის დროს, ზრუნვის ინფრასტრუქტურისა და სოციალური დაცვის სისტემის ხარვეზები,  დაბალი პენსიები, ძვირადღირებული ჯანდაცვა, საბინაო გამოწვევები და მაღალი საპროცენტო განაკვეთები კომერციულ სესხებზე.

კვლევაში მოყვანილი სექტორული რეკომენდაციები განკუთვნილია როგორც საჯარო უწყებებისთვის, ისე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის. რეკომენდაციების შემუშავებისას, გათვალისწინებული იყო კვლევის მიგნებები და საუკეთესო პრაქტიკა საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე. 

რეკომენდაციები განსაკუთრებით უსვამს ხაზს შემდეგ საკვანძო საკითხებს: შრომითი მიგრანტი ქალების დროული და ღირსეული დაბრუნების ხელშეწყობა, მიგრაციის ფემინიზაციის სოციალური ფასის შემცირება, და დაბრუნებული შრომითი მიგრანტების პოტენციური წვლილის გაზრდა ქვეყნის განვითარების პროცესში. გარდა ამისა, რეკომენდაციებში ასახულია სისტემური ცვლილებები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობაში, პოლიტიკასა და სახელმწიფო პროგრამებში გენდერული ხედვის ინტეგრირებას ითვალისწინებს. 

დამატებითი ინფორმაცია

შვედეთის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის ხელს უწყობს საქართველოში რეალური გენდერული თანასწორობის მიღწევას და შესაბამისი ცვლილებებისა და რეფორმების გატარებას. პროგრამის განხორციელებაში ჩართულია გაეროს სამი სააგენტო – UNDP, UNFPA და UN Women.

###

ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) - საქართველო“ ხელს უწყობს ქალებისა და გოგოების გაძლიერებასა და აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში.

საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის