გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ხელშეწყობით, საქართველოში ეკოტურისტული სერვისები ვითარდება
ჭაჭუნას აღკვეთილი ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულებს იზიდავს
28 November 2023
საქართველოს ერთ-ერთ უნიკალურ დაცულ ტერიტორიაზე, ჭაჭუნას აღკვეთილში თანამედროვე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისები ვითარდება. ეს საქმიანობა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) მხარდაჭერით. პროექტების გახორციელებაში ჩართულები არიან დაცული ტერიტორიების სააგენტო, ბუნების კონსერვაციის საზოგადოება „საბუკო“, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი და ადგილობრივი სოფლების მოსახლეობა.
ჭაჭუნას აღკვეთილი მრავალფეროვანი ლანდშაფტებითა და კლიმატური ზონებით გამოირჩევა, რომელთა შორის აღსანიშნავია ჭალის ტყეები და ნახევრად უდაბნო და სტეპური ეკოსისტემები. დაცული ტერიტორია ცნობილია, როგორც ფრინველებზე დაკვირვების ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი საქართველოში. აღკვეთილში ბინადრობს 250-ზე მეტი სახეობის ფრინველი, მათ შორის უნიკალური და გადაშენების პირას მყოფი სახეობები, ფასკუნჯი, ბექობის არწივი, დურაჯი და სვავი, რომლებიც როგორც საქართველოს, ისე ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის, IUCN-ის „წითელ ნუსხებში“ აღირიცხებიან.
ჭაჭუნას აღკვეთილი გადამფრენი ფრინველების თავშესაფარიცაა. ყოველწლიურად, ეს დაცული ტერიტორია 100-ზე მეტ გადამფრენ სახეობას მასპინძლობს, რომელთა დიდი ნაწილი აქ ბუდეს იკეთებს.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჭაჭუნას აღკვეთილი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გლობალური ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნებისთვის. თანამედროვე ეკოტურისტული სერვისების განვითარება ხელს შეუწყობს ამ უნიკალური ეკოსისტემის წარმოჩენასა და შესწავლას.
27 ნოემბერს, ჭაჭუნას აღკვეთილს ეწვივნენ UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და ქართული მედიის წარმომადგენლები.
სტუმრები გაეცნენ ტურისტებისთვის განკუთვნილ კოტეჯებს, კემპინგებსა და ფრინველებზე დაკვირვების ადგილებს. მათ ასევე მოინახულეს “ფრინველთა სასადილო”, დამატებითი კვების სადგური, რომელიც იშვიათი სახეობებისთვის საკვების მიწოდებასა და მათზე დაკვირვების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
"ბიომრავალფეროვნების დაცვა და კლიმატის ცვლილების შერბილება გაეროს განვითარების პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობით, საქართველოს ულამაზესი დაცული ტერიტორია, ჭაჭუნას აღკვეთილი ეკოტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.“ანნა ჩერნიშოვა, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე
გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) მხარდაჭერით, ჭაჭუნას აღკვეთილისთვის შემუშავდება ახალი ბიზნეს გეგმა, ხოლო ტურისტული სერვისების მიმწოდებლებთან თანამშრომლობის ხელშეკრულებები გაფორმდება.
დამატებითი ინფორმაცია
გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა (GEF SGP) 2012 წლიდან მხარს უჭერს ადგილობრივი გარემოსდაცვითი ინიციატივების განხორციელებას საქართველოში. პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია საფრთხის ქვეშ მყოფი ეკოსისტემების დაცვა და შენარჩუნება, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის ხელშეწყობა, განახლებად ენერგიაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მდგრადი ურბანული გადაწყვეტების ხელშეწყობა.
საკონტაქტო ინფორმაცია
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org