გაეროს განვითარების პროგრამა, შვედეთი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ხელს უწყობენ საქართველოს მოსახლეობის იმუნიზაციას
ვენდობით თუ არა ვაქცინებს?
22 December 2023
„არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, ოჯახის ექიმთან საუბრის შემდეგ, ჩემი შვილიშვილებიც ავცერი, მათ შორის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, და ჩემს მეგობრებს და ნათესავებსაც ვურჩიე, რომ აცრილიყვნენ“, - ამბობს მარინა აღაჯანიანი, საბავშვო ბაღის მასწავლებელი ახალქალაქიდან.
მარინა აღაჯანიანის სიტყვები კარგად გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის ზოგად განწყობას ვაქცინაციისა და იმუნიზაციის მიმართ. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფერო კვლავ უნდობლობას იწვევს. ბევრი დღესაც არაა დარწმუნებული, რომ იმუნიზაციას სიცოცხლის გადარჩენა და ჯანმრთელობის შენარჩუნება შეუძლია.
კოვიდ პანდემიის დროს, განსაკუთრებით 2020 და 2021 წლებში, ვაქცინაციის საწინააღმდეგო განწყობები საგრძნობლად გამწვავდა, რაც სხვადასხვა მიზეზებით იყო განპირობებული. ვაქცინაციის მიმართ ყველაზე დიდ სიფრთხილეს პოტენციური გვერდითი ეფექტები იწვევდა. გამოკითხულთა 55 პროცენტი აცრაზე უარის თქმას სწორედ ამ მიზეზით განმარტავდა. 23 პროცენტი ამბობდა, რომ ახლად შექმნილ ვაქცინებს არ ენდობოდა, ხოლო 11 პროცენტი ეჭვის თვალით უყურებდა ახალ ტექნოლოგიებს. რესპონდენტების 11 პროცენტი სხვა მიზეზებს ასახელებდა, მათ შორის რელიგიურ შეხედულებებს, უშვილობის შიშს, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ ჩივილებს. (წყარო: საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება. 2021)
შექმნილმა ვითარებამ სავალალო შედეგები გამოიღო. 2021 წლის დასასრულს, საქართველოს მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი დაავადებული იყო კოვიდ-19 ვირუსით, ხოლო ოფიციალურად დარეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ამავდროულად, მოსახლეობის 47 პროცენტს, მათ შორის სოფლად მცხოვრებთა 42 პროცენტს, ხელი არ მიუწვდებოდა ვაქცინების შესახებ სანდო ინფორმაციაზე, ხოლო 12 წელს ზევით ასაკის მოსახლეობის მხოლოდ 37.9 პროცენტი იყო სრულად ვაქცინირებული (წყარო: World Health Organization, National Democratic Institute).
ამ გამოწვევების საპასუხოდ, გაეროს განვითარების პროგრამამ ჯერ კიდევ კოვიდ პანდემიის დროს დაიწყო აქტიური თანამშრომლობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან, რათა ვაქცინაციის შესახებ სწორი და სანდო ინფორმაცია რაც შეიძლება ფართოდ გაევრცელებინა.
დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, შვედეთმა და შვეიცარიამ მხარი დაუჭირეს ამ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც ოთხი თვის მანძილზე, 80,000-ზე მეტ ადამიანს უშუალოდ მისწვდა და ვაქცინაციის აუცილებლობაში დაარწმუნა.
ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად დაწყებული თანამშრომლობა პანდემიის ყველაზე მწვავე პერიოდის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა. ვაქცინაციის კამპანიის შემდეგ ეტაპზე, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ინფორმაციის გავრცელებას ზოგადი იმუნიზაციისა და მათ შორის, პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საშვილოსნოს ყელის კიბო, რომლის გამომწვევი მიზეზი ხშირ შემთხვევაში სწორედ პაპილომა ვირუსია, საქართველოში გავრცელებული ავთვისებიანი დაავადებების ხუთეულში შედის. 2021 წელს, 281 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 151 ადამიანი გარდაიცვალა.
პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინირება გათვალისწინებულია ვაქცინაციის ეროვნული პროგრამით, რაც სამიზნე ჯგუფებში უფასო აცრასა და ვაქცინებზე თავისუფალ წვდომას გულისხმობს. ამის მიუხედავად, 2021 წელს, ვაქცინაციის მაჩვენებელი სამიზნე ჯგუფში (10-12 წლის გოგოები) 24 პროცენტს არ აღემატებოდა. 2023 წელს, ვითარება ოდნავ გაუმჯობესდა, რადგან ვაქცინაციის ეროვნული პროგრამა 10-დან 45 წლამდე ქალებზე და 10-12 წლის ბიჭებზეც გავრცელდა. თუმცა, ვაქცინაციის გაზრდილი მაჩვენებლები კვლავ არასაკმარისი იყო პაპილომა ვირუსის გავრცელების შესამცირებლად.
იმუნიზაციის პროცესის წარმატებისთვის აუცილებელი იყო სწორი და სანდო ინფორმაციის გავრცელება, მოქალაქეთა ინფორმირება და სამედიცინო პერსონალის გადამზადება. სწორედ ეს მიზნები დაისახა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ახალმა ინიციატივამ, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მხარდაჭერით განხორციელდა.
იმუნიზაციის კამპანიამ, რომელიც 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის აპრილამდე მიმდინარეობდა, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების 13 მუნიციპალიტეტი მოიცვა. ადგილობრივი მაცხოვრებლები, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტიურად იყვნენ ჩართული კამპანიის განხორციელებაში. ასევე მაღალი იყო ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის ჩართულობა, რომელთათვისაც ეს კამპანია დამატებითი ინფორმაციის მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული თავდაჯერებულობის გაზრდის საშუალება აღმოჩნდა.
ჯანდაცვის 820-მა მუშაკმა გაირა ტრენინგი იმუნიზაციასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხში, მათ შორის პაციენტებთან ეფექტიან კომუნიკაციაში. ბევრმა ექთანმა ასეთ ტრენინგში პირველად მიიღო მონაწილეობა. ტრენინგისა და საინფორმაციო შეხვედრების მონაწილეები ღიად მსჯელობდნენ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, სვამდნენ შეკითხვებს, არკვევდნენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას და დაუფარავად გამოხატავდნენ თავის წუხილსა თუ ეჭვებს. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლთათვის ტრენინგი თარჯიმნების დახმარებით ტარდებოდა, რამაც იმთავითვე მოხსნა ენობრივი ბარიერები და აამაღლა მონაწილეთა ნდობა სასწავლო პროგრამის მიმართ.
ნინო ზედგინიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების უფროსი, ამბობს, რომ ვაქცინაციის კამპანია გასცდა სამედიცინო დაწესებულებებს და ადგილობრივ თვითმმართველობასა და სახელმწიფო უწყებებზეც გავრცელდა.
„ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთათვის ჩატარებულმა სემინარებმა არა მხოლოდ გაზარდა მათი ინფორმირებულობა ინფექციების კონტროლის, რისკების კომუნიკაციისა და მოსახლეობის მობილიზაციის სტრატეგიების შესახებ, არამედ ასევე აამაღლა მონაწილეთა ნდობა და შექმნა მოტივაცია, დაგეგმონ საკომუნიკაციო ინტერვენციები ჯანმრთელობის გამოწვევების გადასაჭრელად და პრევენციული ღონისძიებების გასაუმჯობესებლად. ჩვენი კამპანიის შედეგად, შიდა ქართლისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონებში სულ 723 ბენეფიციარი აიცრა.“
მსოფლიოში, რომელიც მუდმივად ებრძვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, ცოდნა, განათლება და ჩართულობა ქმნის საფუძველს რეალური ცვლილებისთვის. საზოგადოება, რომელსაც ინფორმირებული ჯანდაცვის მუშაკები და განათლებული მოსახლეობა ჰყავს, უკეთ იცავს თავს ისეთი საფრთხეებისგან, როგორიცაა კოვიდ პანდემია და პაპილომა ვირუსი.
როგორც მარინა აღაჯანიანი ამბობს: „ამ გამოცდილებამ მასწავლა, რომ ძალა ცოდნაშია. დარწმუნებული ვარ, რომ უკეთ დავიცავ საკუთარ თავსაც და საყვარელ ადამიანებსაც.“