გაეროს განვითარების პროგრამის ადამიანის განვითარების ინდექსი 193 ქვეყნისა და ტერიტორიის განვითარებას აფასებს
საქართველო: ძალიან მაღალი ადამიანის განვითარება და უთანასწორობის გამოწვევები
5 April 2024
გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გამოაქვეყნა 2023/24 წლის ადამიანის განვითარების ანგარიში „თანამშრომლობის ხელახლა გააზრება პოლარიზებულ სამყაროში“, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს განვითარების შემაშფოთებელ ტენდენციებს მიმოიხილავს. ანგარიშში ასახულია მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა სახის კრიზისის გავლენა ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონების განვითარებაზე, მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის არსებული უთანასწორობა და ამ ტენდენციების ფონზე განვითარებული გლობალური პოლიტიკური პოლარიზაცია.
„ჩვენმა ანგარიშმა გამოავლინა, რომ მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის არსებული განვითარების სხვაობა, რომელიც სტაბილურად მცირდებოდა ორი ათწლეულის მანძილზე, ახლა ისევ იზრდება. გლობალურ საზოგადოებაში არსებული ღრმა ურთიერთკავშირის მიუხედავად, ამ საკითხში წარმატებას ვერ ვაღწევთ. ამ საერთო ეგზისტენციალური გამოწვევების გადასაჭრელად, ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება და შესაძლებლობები უნდა გამოვიყენოთ, რათა ადამიანების მისწრაფებები არ გავაწბილოთ.“აჰიმ შტაინერი, UNDP-ის ადმინისტრატორი
ადამიანის განვითარების ინდექსი
სხვა მიგნებებთან ერთად, ანგარიშში შესულია ადამიანის განვითარების ინდექსის (HDI) უახლესი მონაცემები 193 ქვეყნისა და ტერიტორიისთვის.
HDI გაეროს განვითარების პროგრამის მიერ შემუშავებული ინდექსია, რომელიც ქვეყნების განვითარების დონეს სამი ძირითადი მაჩვენებლის შეჯამების მეშვეობით აფასებს: ხანგრძლივი და ჯანმრთელი სიცოცხლე, განათლებაზე წვდომა და ცხოვრების ეკონომიკური სტანდარტი. უფრო სიღრმისეული ინფორმაციის მისაღებად, ადამიანის განვითარების ინდექსის კორექტირება ხდება როგორც საზოგადოებაში არსებული უთანასწორობის, ისე პლანეტარული წნეხის გათვალისწინებით.
საქართველოს HDI: 2022 წლის მონაცემებით, საქართველო ძალიან მაღალი ადამიანის განვითარების მქონე ქვეყნების ჯგუფში რჩება და 193 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის მე-60 ადგილს იკავებს. საქართველოს HDI 0.814-ს შეადგენს, რაც ნაკლებია 2019 წელს, პანდემიით გამოწვეულ კრიზისამდე არსებულ მაჩვენებელზე (0.816). პანდემიის შემდეგ, საქართველოში ადამიანის განვითარების მაჩვენებლის სტაბილური ზრდა აღინიშნებოდა, თუმცა, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყნის შემთხვევაში, საქართველომ ჯერ ვერ მიაღწია კრიზისამდე არსებულ ნიშნულს.
საქართველოს HDI უთანასწორობის გათვალისწინებით: უთანასწორობის გათვალისწინებით კორექტირებისას, საქართველოს HDI 10.6 პროცენტს კარგავს და 0.728-ს უტოლდება. 2015 წელთან შედარებით, როდესაც საქართველოს დანაკარგი 12.5 პროცენტს შეადგენდა, ეს უკეთესი მაჩვენებელია, თუმცა საქართველოს HDI-ის კლება უფრო შესამჩნევია, ვიდრე ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სხვა ქვეყნებში.
საქართველოს HDI პლანეტარული წნეხის გათვალისწინებით: პლანეტარული წნეხის მიხედვით კორექტირებისას, საქართველოს HDI 5.8 პროცენტს კარგავს და 0.767-ს უტოლდება. ეს მაჩვენებელი უსწრებს რეგიონის ბევრ ქვეყანას, თუმცა სათბური აირების ემისიების სწრაფი ზრდა, რომელმაც 2015-2022 წლებში 14 პროცენტი შეადგინა, საყურადღებო ტენდენციაზე მიუთითებს.
საქართველოს გენდერული უთანასწორობის ინდექსი (GII): GII აფასებს საზოგადოებაში არსებულ გენდერულ უთანასწორობას სამი ძირითადი განზომილების მიხედვით: რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ქალთა გაძლიერება და შრომის ბაზარი. რეპროდუქციული ჯანმრთელობა იზომება დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობისა და მოზარდებს შორის მშობიარობის კოეფიციენტებით. ქალთა გაძლიერების საზომია ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში და განათლებაზე წვდომა. ხოლო შრომის ბაზარი ფასდება ქალებისა და კაცების დასაქმებისა და შრომის ბაზარში მონაწილეობის მაჩვენებლებით. რაც უფრო დაბალია GII, მით უფრო ნაკლებია გენდერული უთანასწორობა საზოგადოებაში.
2022 წლის მონაცემებით, 166 ქვეყნას შორის საქართველო 69-ე ადგილს იკავებს. საქართველოს გენდერული უთანასწორობის ინდექსი 0.283-ს შეადგენს. 2009 წლის შემდეგ, საქართველოს GII სტაბილურად მცირდებოდა და 2020 წელს 0.277 შეადგინა. თუმცა მას შემდეგ, გენდერულ უთანასწორობის მაჩვენებელი მცირედით გაუარესდა და 2021 და 2022 წლებში შესაბამისად 0.287-მდე და 0.283-მდე გაიზარდა.
მეტი ინფორმაცია საქართველოს ადამიანის განვითარების ინდექსის შესახებ ხელმისაწვდომია ადამიანის განვითარების ანგარიშის ვებგვერდზე.
“2023/24 წლების ადამიანის განვითარების ანგარიშში შესული მონაცემები გვიჩვენებს საქართველოს განვითარების ტრაექტორიის სურათს ქვეყნის მიღწევებისა და გამოწვევების გათვალისწინებით. ადამიანის განვითარების მხრივ, საქართველომ შესამჩნევ პროგრესს მიაღწია, თუმცა საზოგადოებაში არსებული უთანასწორობა კვლავ გამოწვევად რჩება. ქვეყნის მდგრადი და თანასწორი განვითარება თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ძალისხმევას მოითხოვს ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან."დაგლას უები, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში
სხვა მონაცემები 2023/24 წლის ადამიანის განვითარების ანგარიშიდან:
- 2023 წელს, ადამიანის განვითარების ინდექსი (HDI) გაიზარდა 2019 წელთან შედარებით ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 38-ვე წევრ ქვეყანაში.
- 35 ნაკლებად განვითარებულ ქვეყანას შორის, სადაც HDI 2020 და/ან 2021 წელს კლებას განიცდიდა, ნახევარზე მეტი (18 ქვეყანა) ჯერაც არ დაბრუნებულა ადამიანის განვითარების 2019 წლის მაჩვენებელზე.
- ვერც ერთმა განვითარებადმა რეგიონმა ვერ მიაღწია ადამიანის განვითარების მოსალოდნელ დონეს 2019 წლამდე გაკეთებული პროგნოზის შესაბამისად.
- ავღანეთსა და უკრაინაში ადამიანის განვითარების დანაკარგები განსაკუთრებით მძაფრია. ავღანეთის HDI ათი წლის წინანდელ დონემდე დაეცა, ხოლო უკრაინის HDI დღეს ყველაზე დაბალ ნიშნულზეა 2004 წლის შემდეგ.
- ანგარიშში მოყვანილი კვლევის მიხედვით, პოპულისტური მთავრობების მქონე ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპი შედარებით დაბალია. პოპულისტური მთავრობის ძალაუფლებაში მოსვლიდან თხუთმეტი წლის შემდეგ, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10 პროცენტით დაბალია, ვიდრე ეს შეიძლებოდა ყოფილიყო არაპოპულისტური მთავრობის სცენარით.
ადამიანის განვითარების ანგარიში სრულად ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://hdr.undp.org/
საკონტაქტო ინფორმაცია მედიისთვის:
ნიუ იორკში: stanislav.saling@undp.org, +1 347 653 1980 ან victor.garrido.delgado@undp.org, +1 917 995 1687
ჟენევაში: sarah.bel@undp.org, +41 79 934 11 17
საქართველოში: sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907
ადამიანის განვითარების ანგარიში:
ადამიანის განვითარების ანგარიში UNDP-ის ყოველწლიური გლობალური კვლევაა, რომელიც მნიშვნელოვან მიგნებებს სთავაზობს როგორც პოლიტიკის შემქმნელებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ისე მკვლევარებსა და განვითარების პროფესიონალებს.
გაეროს განვითარების პროგრამა:
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გაეროს წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც იბრძვის სიღარიბით, უთანასწორობითა და კლიმატის ცვლილებით განპირობებული უსამართლობის აღმოსაფხვრელად. მსოფლიოს 170 ქვეყანაში, ექსპერტთა და პარტნიორთა ქსელის მეშვეობით, UNDP ხელს უწყობს ინტეგრირებული, გრძელვადიანი გადაწყვეტების შექმნას ადამიანებისა და პლანეტის საკეთილდღეოდ.