ევროკავშირი, გაერო და ავსტრია, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, მხარს უჭერენ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას საქართველოში
პარტნიორობა სუფთა ჰაერისთვის საქართველოში
19 April 2024
ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოში იწყება ფართომასშტაბიანი პროექტი ჰაერის ხარისხის გაზრდისა და ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად. 4 მილიონი ევროს ღირებულების ოთხწლიანი ინიციატივის განხორცილებაში ჩართულები არიან საერთაშორისო და ეროვნული პარტნიორები, მათ შორის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის (UNECE) და ავსტრიის გარემოს სააგენტო (UBA).
ჰაერის დაბინძურების გლობალური ინდექსის, IQAir-ის მიხედვით, 2023 წელს, საქართველო 134 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებდა, ხოლო ჰაერის დაბინძურების ეროვნული საშუალო მაჩვენებელი ნარინჯისფერ ნიშნულზე იყო, რაც „მგრძნობიარე ჯგუფებისთვის საფრთხის შემცველი“ დაბინძურების დონეს შეესაბამება. ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რომ საქართველოში, ჰაერის საშუალო დაბინძურება სამჯერ ან მეტჯერ აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ დასაშვებ სტანდარტს.
საქართველოში დაწყებული ახალი პროექტის ამბიციური მიზნები მოიცავს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაძლიერებას და ეროვნული შესაძლებლობების გაზრდას ჰაერის მონიტორინგის, მოდელირებისა და პროგნოზირების მხრივ.
პროექტის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჰაერის ხარისხის გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.
გარდა ამისა, პროექტის განხორცილება ხელს შეუწყობს საქართველოში ეროვნული რეფერენს-ლაბორატორიის შექმნას და ეფექტიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებას ინდუსტრიული ემისიების რეგულირებისთვის საუკეთესოხელმისაწვდომიტექნოლოგიებისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.
პროექტი განხორციელდება გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.
პროექტის განხორციელებაში ასევე ჩაერთვებიან აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რაც ექსპერტიზის გაცვლას, დიალოგის ხელშეწყობასა და პრაქტიკული ზომების გატარებას უზრუნველყოფს.
19 აპრილს, ახალი პროექტის გარშემო გაერთიანებულმა პარტნიორებმა პირველ სამუშაო სემინარში მიიღეს მონაწილეობა.
ნინო თანდილაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ხაზი გაუსვა პარტნიორობის მნიშვნელობას გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარებისთვის.
„ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, საქართველო შეიმუშავებს ეფექტიან გადაწყვეტებს ჰაერის ხარისხის მდგრადი გაუმჯობესებისთვის.“ნინო თანდილაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე
„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ეროვნული გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევას არსებულ ეკოლოგიურ გამოწვევებზე, მათ შორის, ჰაერის დაბინძურებაზე საპასუხოდ. ჩვენი ახალი ინიციატივა აერთიანებს სამთავრობო უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს ჰაერის მონიტორინგის ქსელის გასაძლიერებლად და ეფექტური ინსტრუმენტების დასანერგად, რომლებიც ხელს შეუწყობენ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასა და ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე.“ნიკოლას სენდროვიჩი, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობისა და განვითარების ხელმძღვანელი
„ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენი მიზანია სუფთა ჰაერის უზრუნველყოფა ყველასთვის და მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვა."საბინე მახლი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში
„ამ ინიციატივის ფარგლებში, საქართველო მიიღებს ტექნიკურ დახმარებასა და სხვადასხვა სახის მიზნობრივ მხარდაჭერას ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად. პროექტი აერთიანებს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებს საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებიდან. ასეთი მიდგომის გამოყენებით, ხელს შევუწყობთ ყოვლისმომცველი სისტემის შექმნას, რომელშიც ასახული იქნება ჰაერის ხარისხის გარემოსდაცვითი, ეკონომიკური, სოციალური და ჯანდაცვითი ასპექტები.“დაგლას უები, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში
პროექტი „ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება მოქალაქეთა ჯანმრთელობის დასაცავად“:
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 4 მილიონი ევროს ღირებულების ოთხწლიანი პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით. პროექტის განხორციელებაში ჩართულები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის (UNECE) და ავსტრიის გარემოს სააგენტო (UBA). მეტი ინფორმაცია იხილეთ UNDP-ის ვებგვერდზე.
ევროკავშირის შესახებ:
ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობა ოცდაათ წელს ითვლის. ევროკავშირი მხარში უდგას საქართველოს წინსვლასა და განვითარებას როგორც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებითა და ექსპერტიზისა და ინოვაციის ხელშეწყობით, ისე ფინანსური მხარდაჭერით. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ეფუძნება მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების საერთო ღირებულებებს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ EU4Georgia ვებგვერდზე.
საკონტაქტო ინფორმაცია
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org
- თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2364364, tamriko.mikadze@eeas.europa.eu