სამოქალაქო ინიციატივები ხელს უწყობენ ადგილობრივი პრობლემების მოგვარებას, აძლიერებენ თანამშრომლობას მოქალაქეთა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის
რა უნდა სოფლის შენებას?
19 December 2018
საქართველოს რეგიონებში მოგზაურობა ყოველთვის არაერთმნიშვნელოვან განცდას გიტოვებს. ერთის მხრივ - ულამაზესი ბუნება და თვალწარმტაცი პეიზაჟები. მეორეს მხრივ - სიღარიბე და მიტოვებული სოფლები.
2016 წელს გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით ჩატარდა. კვლევამ გამოავლინა საზოგადოებრივი მომსახურების განვითარებისა და ამ მომსახურებით მოქალაქეთა კმაყოფილების დონე საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში.
კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს სოფელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქალაქს საზოგადოებრივი მომსახურების თვალსაზრისით.
ცენტრალური წყალმომარაგება ხელმისაწვდომია სოფლად მაცხოვრებელთა მხოლოდ 41 პროცენტისათვის. მთაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია და 32 პროცენტს შეადგენს, ხოლო ქალაქში 95 პროცენტამდე იზრდება.
დასუფთავების მომსახურება თითქმის არ არსებობს სოფლად, მაშინ როდესაც ქალაქში ამ სიკეთით მოსახლეობის 84 პროცენტი სარგებლობს.
სოფლად მაცხოვრებელთა 93 პროცენტი ვერ სარგებლობს ცენტრალური კანალიზაციით, ხოლო ქალაქში ეს მომსახურება ხელმისაწვდომია თითქმის ყველასათვის (95%).
მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის უმრავლესობა (84%) უკმაყოფილოა გზების მდგომარეობით, რაც ორჯერ აღემატება საშუალო მაჩვენებელს საქართველოში.
სოფლად მაცხოვრებლები, განსაკუთრებით მთაში, იმედით უყურებენ ტურიზმის განვითარებას და თვლიან, რომ ტურიზმის მეშვეობით შეძლებენ თავისი ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას. მიუხედავად ამისა, სოფლად მაცხოვრებელთა 51 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათი რეგიონები მზად არაა ტურისტების მისაღებად და ვერ შესთავაზებს სტუმრებს ვერც გამართულ ინფრასტრუქტურას, ვერც სათანადო მომსახურებას.
ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა კვლვავაც გამოუცდელია ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში და არ იცის, თუ რა ბერკეტები გააჩნია მოქალაქეს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადასაჭრელად. ბოლო ხუთი წლის მანძილზე მხოლოდ 20 პროცენტს მიუმართავს ადგილობრივი თვითმმართველობისადმი. სოფლად მაცხოვრებლებს პრაქტიკულად არა აქვთ ინფორმაცია მუნიციპალური განვითარების სტრატეგიების შესახებ. უმეტეს შემთხვევაში მათ ასევე არ იციან, რომ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი დაგეგმვის პროცესში.
„ადგილობრივი მაცხოვრებლები უჩივიან სოფლად ცხოვრების სირთულეებს, მაგრამ იშვიათად ცდილობენ თავად მონახონ გამოსავალი, ხოლო მომავალს უიმედოდ უყურებენ“, - ამბობს არჩილ ელბაქიძე, ლენტეხში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
არჩილის ორგანიზაციამ მონაწილეობა მიიღო გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, რომლის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა ადგილობრივ და რეგიონულ განვითარებაში და რეგიონული განვითარების სტრატეგიების განხორციელების ხელშოწყობა. სულ ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა 31 მცირე პროექტი.
რაჭა-ლეჩხუმსა და ზემო სვანეთში რეგიონული განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტად ტურიზმი დასახელდა. ამის გათვალისწინებით, არჩილის ორგანიზაციამ გადაწყვიტა მხარი დაეჭირა ადგილობრივი საოჯახო სასტუმროების მფლობელებისათვის და დახმარებოდა მათ ბიზნესის უკეთ წარმართვაში. პროგრამაში მონაწილე საოჯახო სასტუმროების შერჩევა განხორციელდა ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.
„სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა მიიღო თხუთმეტი საოჯახო სასტუმროს მფლობელმა. ჩვენ დავეხმარეთ მათ ბიზნეს უნარების განვითარებაში და შემოსავლის გაზრდაში. გარდა ამისა, დავაკავშირეთ ადგილობრივ ფერმერებთან და ხალხური რეწვის ოსტატებთან, რის შედეგად ჩამოყალიბდა ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის ქსელი“, - ამბობს არჩილ ელბაქიძე.
პროგრამის მონაწილეთა შორის იყო ხათუნა ონიანიც, პატარა საოჯახო სასტუმროს მეპატრონე ლენტეხში. პროექტში მონაწილეობამ საკუთარ ძალებში დაარწმუნა ხათუნა და გადაარჩინა მისი ბიზნესი.
„სასტუმროს დახურვას ვაპირებდი. აღარ მჯეროდა, რომ რამე გამომივიდოდა“, - იხსენებს ხათუნა ონიანი.
საკუთარი საქმე ხათუნამ რამდენიმე წლის წინ წამოიწყო. სასტუმრო ჩაფიქრებული იყო, როგორც საოჯახო ბიზნესი, რომელიც მას დაეხმარებოდა ორი შვილისა და ხანდაზმული მშობლების რჩენაში. მაგრამ ხათუნას გამოუცდელობამ, რეკლამისა და კონტაქტების ნაკლებობამ ეს წამოწყება საფრთხის ქვეშ დააყენა.
„ტრენინგის შედეგად ახალი თვალით შევხედე ჩემს საქმიანობას, პრაქტიკული ცოდნა მივიღე და მივხვდი, რა უნდა გამეკეთებინა სასტუმროს უკეთ ასაწყობად. ახლა მეტი თავდაჯერებით შევუდგები საქმეს და, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ზაფხულს ჩემს შემოსავალს გავაორმაგებ“, - ამბობს ხათუნა.
2015 და 2016 წელს საქართველოს სხადახვა რეგიონში განხორციელდა სამოქალაქო საზოგადოების 30-ზე მეტი ინიციატივა, რომელთა მიზანი იყო როგორც ადგილობრივი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარება, ასევე თანამშრომლობის ხელშეწყობა მოქალაქეთა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. სამოქალაქო საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მუნიციპალური მომსახურება, გზების უსაფრთხოება, განათლება, გარემოს დაცვა, ენერგო ეფექტურობა და მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
30 ათასზე მეტმა ადამიანმა პირდაპირ ისარგებლა ამ პროგრამის შედეგებით, ხოლო არაპირდიპირ მოსარგებლეთა რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ყოველი მათგანისათვის სოფლის შენება ნიშნავს სიღარიბისგან თავის დაღწევას და ისეთ განვითარებას, რომელიც ყველაზე ვრცელდება.