საქართველოს მილენიალები მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ და ევროპულ ოჯახში საქართველოს გაწევრიანებაზე განსაკუთრებულ იმედებს ამყარებენ
ქართული დემოკრატიის ახალი თაობა
28 June 2019
“სამომავლოდ ჩემს თავს პოლიტიკაში ვხედავ, თუმცა ისიც მესმის, რომ ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს“, - ამბობს 23 წლის ნინო გეგენავა.
ნინო იმ ორასზე მეტი სტუდენტის რიცხვშია, რომლებიც საქართველოს პარლამენტის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ 2019 წელს წამოწყებულ საინფორმაციო პროგრამაში ჩაერთვნენ. ინიციატივის მიზანი იყო პარლამენტისა და პარლამენტარიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა უფრო აქტიური ჩართულობის წახალისება.
თვრამეტი უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგებში, თამაშებსა და დისკუსიებში, ბევრი ახალი რამ შეიტყვეს საქართველოს და სხვა ქვეყნების პარლამენტების მუშაობის შესახებ, შეისწავლეს დემოკრატიული დებატების მოწყობისა და წარმართვის წესები.
ახალგაზრდები ასევე შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებსა და საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებს, დაესწრნენ საპარლამენტო სესიებს და მეტი გაიგეს იმის შესახებ, თუ რა როლს თამაშობს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო საქართველოს ეროვნული პრიორიტეტების, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის მიღწევის საქმეში.
„დებატების სტრუქტურა, წესები და უშუალოდ დებატების პროცესი ძალიან საინტერესოა. ვისწავლე არგუმენტების ჩამოყალიბება და მოხსენების შემუშავება, რაც მომავალში ძალიან გამომადგება“, - ამბობს 20 წლის გიორგი ცარელაშვილი.
„ამჟამად სტუდენტი ვარ და უფრო სწავლას ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ პოლიტიკა ძალიან მაინტერესებს და მინდა, რომ ქვეყნის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო. ვთვლი, რომ პარლამენტის წევრობა საშუალებას მომცემს სარგებელი მოვუტანო ჩემს ქვეყანას.“
საქართველოს მილენიალები დინამიური და მრავალფეროვანი თაობაა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ გარდაქმნასთან ერთად გაიზარდა. ისინი მხოლოდ საკუთარ თავს ენდობიან, მომავალს პრაგმატულად, თუმცა ოპტიმისტურად უყურებენ და ევროპულ ოჯახში საქართველოს გაწევრიანებაზე განსაკუთრებულ იმედებს ამყარებენ.
18 წლის თამარ ზოიძე თვლის, რომ ევროპასთან დაახლოება საქართველოს ბევრ დადებით ცვლილებას მოუტანს.
„ქვეყნის სტაბილურობა და მშვიდობა გარანტირებული იქნება. მრავალმხრივი ურთიერთობები მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს და ქართველი მეწარმეებისთვის ერთგვარი წახალისებაც გახდება. თუ ჩვენი სახელმწიფო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ყველა პირობას შეასრულებს, უფრო დემოკრატიულ, დაცულ და ძლიერ ქვეყანაში ვიცხოვრებთ“.
2018 წელს, ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, საქართველო მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადავიდა, ხოლო ქვეყნის პარლამენტმა მმართველობის სისტემაში ცენტრალური როლი შეიძინა. 2018 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა თავისი რეგლამენტის ახალი რედაქცია დაამტკიცა, რითაც პარლამენტის საქმიანობა ახალი კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანა და ქვეყნის ამჯერად უკვე ყველაზე უფლებამოსილი ორგანოს გაზრდილი ფუნქციები და მათ შესასრულებლად არსებული მექანიზმები განსაზღვრა.
ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარს უჭერდნენ საქართველოს პარლამენტს ამ ურთულესი რეფორმის განხორციელებაში. სწორედ ამ კომპლექსური დახმარების ნაწილია ახალგაზრდობაზე გათვლილი საინფორმაციო კამპანია, რომელიც მმართველობის ყველა საკვანძო სფეროში პარლამენტის როლის გაზრდას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობას ემსახურება.
„ძლიერი დემოკრატია საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესებს წარმოადგენს“, - აღნიშნავს ლუიზა ვინტონი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში. „საპარლამენტო საქმიანობით ახალი თაობის დაინტერესების შედეგად დემოკრატიულ პროცესებში მეტი ნიჭიერი და ენერგიული ახალგაზრდა ჩაერთვება, რაც ხელს შეუწყობს მათი ამბიციური მისწრაფებების განხორციელებას სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად“.
ახალი თაობა უბიძგებს და მომავლისკენ ამოძრავებს საქართველოს. ქართული დემოკრატია კვლავაც ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ მილენიალების ენერგია და ამბიციური მისწრაფებები დადებითი ცვლილებისა და ახალი მიღწევების საფუძველია.