გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ 2014-2018 წლებში მაჭახელას ეროვნულ პარკსა და მიმდებარე სოფლებში განხორციელებული ინიციატივის შედეგები შეაჯამეს.
2018 წლის 18 დეკემბერს ბათუმში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში - ლუიზა ვინტონმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ - თორნიკე რიჟვაძემ, და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა - ვალერიან მჭედლიძემ.
1.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინიციატივის შედეგად, რომელიც გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით განხორციელდა, ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში გამოიცადა და დაინერგა განახლებადი ენერგიის გამოყენება, გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გარემოსდაცვითი ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვთარების მიმართულებით. გარდა ამისა, შეიქმნა ეროვნული პარკისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგრადი განვითარების მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ადგილობრივი სოფლების 3 ათასი მაცხოვრებლის სოციალური და ეკონომიკური ინტერესები.
„არსებობს წარმოდგენა, რომ გარემოს დასაცავად ის გარე სამყაროსაგან უნდა შემოვღობოთ და შესაძლებლობა არ მივცეთ ადგილობრივ მოსახლეობას თავის სასარგებლოდ გამოიყენოს არსებული ეკონომიკური შესაძლებლობები“, - თქვა ლუიზა ვინტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში. „ეს წარმოდგენა მცდარია. მაჭახლის ხეობაში ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ბუნების დაცვა ქმნის დასაქმებისა და შემოსავლის შესაძლებლობებს, მაგალითად, ეკოლოგიური პროდუქტების წარმოებისა და ტურიზმის განვითარების გზით. იმედი მაქვს, რომ მაჭახელში მიღწეული წარმატება საქართველოს სხვა დაცულ ტერიტორიებზე გავრცელდება.“
მაჭახელას ეროვნულ პარკში განხორციელებული პროექტის შედეგად ხეობაში დაიწყო განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის პროგრამა, რომელშიც მომავალი წლიდან 100-ზე მეტი საკარმიდამო ჩაერთვება. მცირე ფერმერებმა მიიღეს ტექნიკური და საკონსულტაციო დახმარება მეღვინეობის, მეფუტკრეობისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის განვითარებისათვის. განხორციელდა რამდენიმე საპილოტე პროექტი ადგილობრივი მეურნეობების მტაცებელი ცხოველების თავდასხმისაგან დაცვის მიზნით - სადაზღვევო სქემა და ელექტრო-ღობეების დაყენება. რამდენიმე ოჯახმა გაირა ტრენინგი ტურისტული ბიზნესის საკითხებში და მიიღო საწყისი დახმარება საოჯახო სასტუმროების გასახსნელად.
პროექტის კონკრეტული შედეგებს შორისაა მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვრების დემარკირება, ადმინისტრაციული შენობისა და ვიზიტორთა ცენტრის სრული რეაბილიტაცია, ეროვნულ პარკსა და მიმდებარე სოფლებში რამდენიმე ტურისტული ბილიკის მოწყობა და ტურისტებისათვის განკუთვნილი საინფორმაციო მასალების დამზადება.
გარდა ამისა, ჩატარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც ეროვნული პარკის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს. მათ შორის, ტყის ინვენტარიზაცია და ტყის მართვის გეგმა, ეროვნული პარკის საბაზისო კვლევა და ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შემოსავლის მომტანი საქმიანობის ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება.
მაჭახლის ხეობაში განხორციელებული ინიციატივა UNDP-ის უფრო ფართო საქმიანობის ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბებას, მწვანე გადაწყვეტილებების დანერგვას და გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირებას სოციალური და ეკონომიკური განვითარების ყველა სფეროში.
საკონტაქტო ინფორმაცია
სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org