გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია, გერმანიის საერთაშორისო კლიმატური ინიციატივა და გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერენ რეგიონულ პროექტს შენობების ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად
აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის შვიდი ქვეყანა თანამშრომლობს მათი სამშენებლო სექტორების გარდაქმნისა და კლიმატური მიზნების მისაღწევად
24 November 2023
22 ნოემბერს თბილისში გაიმართა საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მოლდოვას რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის, ტაჯიკეთის, უკრაინის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის 70-ზე მეტმა წარმომადგენელმა. შეხვედრის მიზანი იყო შენობებისა და სამშენებლო სექტორებში ენერგოეფექტურობის გაზრდის ინოვაციური სტრატეგიების შესწავლა.
ღონისძიებამ საფუძველი ჩაუყარა ფართომასშტაბიან რეგიონულ ინიციატივას სახელწოდებით „შენობების მიწოდების ჯაჭვის გლობალური ინდუსტრიისა და მისი პროდუქტების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება, მაღალი ხარისხის შენობების უზრუნველსაყოფად“.
პროექტი განხორციელდება აღნიშნულ შვიდ ქვეყანაში, 2024-2029 წლებში, გერმანული ორგანიზაციის, „კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის“ (IKI) დაფინანსებით.
რეგიონულ ინიციატივას გაუძღვება გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE) განმახორციელებელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. მათ შორისაა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლობები შვიდივე ქვეყანაში, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP), გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისია (UNESCAP), UNEP-ის კოპენჰაგენის კლიმატის ცენტრი (CCC), მწვანე მშენებლობის ალიანსი (GBA), წარმოებაში ენერგოეფექტურობის ინსტიტუტი (EEP) და Passive House Institute (PHI).
თბილისში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ამ რეგიონული თანამშრომლობის ექვსთვიანი მოსამზადებელი ეტაპის შედეგები. მათ ასევე იმსჯელეს ენერგოეფექტურობის საუკეთესო პრაქტიკისა და ტექნიკურ ექსპერტიზის შესახებ შვიდი მონაწილე ქვეყნის საჭიროებების გათვალისწინებით.
შეხვედრა გახსნა ვახტანგ ცინცაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მზადყოფნას აქტიური თანამშრომლობისთვის რეგიონული ინიციატივის ფარგლებში და ისაუბრა საქართველოში დაგეგმილ აქტივობებზე.
დარიო ლიგუტიმ, UNECE-ის მდგრადი ენერგეტიკის განყოფილების უფროსმა, ხაზი გაუსვა შენობების ენერგოეფექტურობის საკვანძო როლს.
„შენობა უნდა განიხილებოდეს, როგორც ენერგიის მწარმოებელი და არა მხოლოდ ენერგიის შთანმთქმელი. ჩვენი ახალი რეგიონული ინიციატივის ფარგლებში, მონაწილე ქვეყნები ისარგებლებენ სხვადასხვა კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებითა და უახლესი ტექნოლოგიებით გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ენერგოეფექტურობის სტანდარტების შესაბამისად."დარიო ლიგუტი, UNECE-ის მდგრადი ენერგეტიკის განყოფილების უფროსი
დაგლას უებმა, UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში, აღნიშნა, რომ ახალი ინიციატივის განხორციელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ქვეყანამ უკვე მიიღო დაბალემისიიანი განვითარების ეროვნული სტრატეგია, განაახლა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი პარიზის შეთანხმების მიმართ და ასევე შეიმუშავა გარემოსადმი მეგობრული კანონმდებლობის პაკეტი, მათ შორის კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირის ენერგოეფექტურობის დირექტივასთან.
„შენობებისა და მშენებლობის სექტორები გადამწყვეტია ეროვნული კლიმატური მიზნების მიღწევისთვის. საქართველოში, საყოფაცხოვრებო სექტორი პასუხს აგებს მთლიანი ეროვნული ემისიების 73 პროცენტზე. სწორი პოლიტიკა და გონივრული ინვესტიციები, რომლებიც ხელს უწყობენ შენობებისა და მშენებლობის სექტორების დეკარბონიზაციასა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას, დღეს უკვე არჩევანი აღარაა. ეს თანამედროვეობის იმპერატივია.“დაგლას უები, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში
შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ნადია ჰედლერი, გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელი, და ლიდია ქრისტმანი, სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი გერმანიის საელჩოში საქართველოში. მათ აღნიშნეს, რომ რეგიონული პროექტის განხორციელება წვლილს შეიტანს მშენებლობის სექტორის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაში მთელ რეგიონში.
დამატებითი ინფორმაცია
ახალი რეგიონული ინიციატივა „შენობების მიწოდების ჯაჭვის გლობალური ინდუსტრიისა და მისი პროდუქტების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება, მაღალი ხარისხის შენობების უზრუნველსაყოფად“ (2024-2029) მიზნად ისახავს ენერგოეფექტური შენობების სექტორის განვითარებას შვიდ მონაწილე ქვეყანაში და ამ მიზნით, საერთაშორისო დაფინანსებისა და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას.
საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსება 1.3 მილიონ ევროს აღემატება, ხოლო დაგეგმილი საქმიანობა შეესაბამება საქართველოს მიზნებს, შეასრულოს პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, შეამციროს ეროვნული ემისიები და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას მდგრადი და კლიმატისადმი მედეგი მომავლისკენ.
საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org