შვეიცარიისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საქართველოს ფერმერები ახალ ცოდნასა და შესაძლებლობებს იძენენ

მსოფლიოში საქართველო ცნობილია, როგორც “ჯორჯა” (Georgia). დაფიქრებულხართ, რატომ? ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ძველ საბერძნეთში, ქართველებს „გეორგოს“ (γεωργός) ანუ მიწათმოქმედებს ეძახდნენ. „Georgia” სწორედ ამ უძველესი სახელის ვერსიაა, რომელიც არა მხოლოდ აღწერს იმდროინდელი ქართველებისთვის ჩვეულ საქმიანობას, არამედ ხაზს უსვამს ჩვენი წინაპრების სიღრმისეულ კავშირს მშობლიურ მიწასთან.
მიწათმოქმედება ათასწლეულების მანძილზე ახდენდა ქართული იდენტობის, ხასიათისა და მსოფლმხედველობის ფორმირებას. მას შემდეგ, რაც 8,000 წლის წინ, ამ დალოცვილი მიწის მაცხოვრებლებმა ვენახი გააშენეს და ღვინის დაყენება დაიწყეს, სწორედ სოფლის მეურნეობა იყო ერის ეგზისტენციალური საყრდენი, რომელმაც საქართველოს უამრავი ომი და შემოსევა გადაატანინა. ყველაზე მძიმე დროსაც კი, ქართველი გადამწვარ ვენახს უბრუნდებოდა, ვაზს აღადგენდა და ცხოვრებას თავიდან იწყებდა.
დღეს, ქვევრის ღვინის დაყენების ქართული მეთოდი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია, რაც მის დაცვასა და პოპულარიზაციას უზრუნველყოფს. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს უძველესი ქართული ტრადიციის არსებით ღირებულებას როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიოსთვის.
ფერმერობა ახლაც ქართული სოფლის საყრდენი და მამოძრავებელია, თუმცა სოფლის მეურნეობა, როგორც სექტორი, უკვე რა ხანია აღარ ასრულებს გადამწყვეტ როლს ქვეყნის ეკონომიკაში.
წლიდან წლამდე იკლებს სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ). თუ 2011 წელს ეს მაჩვენებელი 11 პროცენტს შეადგენდა, ხოლო 2020 წელს 9.5 პროცენტს, 2023 წლისთვის სოფლის მეურნეობა მშპ-ში მხოლოდ 7 პროცენტით თუ მონაწილეობდა (წყარო: საქსტატი).
არანაკლებ საყურადღებოა ფერმერთა გამოწვევები, იქნება ეს კლიმატის ცვლილება, დაბალი წარმადობა, თუ მოძველებული პრაქტიკები. ფერმერთა უმეტესობა მცირემიწიანია და ნატურალურ მეურნეობას ეწევა. ასეთი ფერმერები ქმნიან პროდუქტს საკუთარი მოხმარებისთვის და არა მოგების მისაღებად. მათ ხელი არ მიუწვდებათ თანამედროვე ცოდნასა და რესურსებზე, რაც კიდევ უფრო აფერხებს მათი საქმიანობის წარმატებას.
საქართველოში მიმდინარე ბევრი რეფორმა, რომელიც სართაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირის, შვეიცარიისა და გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით ხორციელდება, სწორედ სოფლის მდგრად განვითარებასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის განათლებას ემსახურება.
შვეიცარიისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საქართველოს სოფლის მეურნეობაში თანამედროვე პროფესიული განათლებისა და გადამზადების (A-VET) სისტემის გაძლიერება დაიწყო, რაც პროფესიული კომპეტენციების ზრდას, დასაქმების ბაზარზე მორგებული განათლების განვითარებას, საჯარო-კერძო პარტნიორობასა და ფერმერული მეწარმეობის მხარდაჭერას გულისხმობს. სისტემურ და ინსტიტუციურ ცვლილებებთან ერთად აღნიშნული დახმარების შედეგებით 15,000 ადგილობრივი ფერმერი და 2,500 A-VET კურსდამთავრებული სარგებლობს.
სასოფლო-სამეურნეო ექსტენცია - ანუ ფერმერებისთვის განკუთვნილი საკონსულტაციო სერვისები და არაფორმალური განათლება ამ გარდაქმნის მნიშვნელოვანი ელემენტია. ექსტენციის მეშვეობით, მცირე ფერმერები იღებენ მათზე მორგებულ ცოდნასა და რჩევას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ახალი სასოფლო-სამეურნეო მეთოდების გამოყენება, მოსავლიანობის გაზრდა, მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების მკურნალობა, მავნებლებთან ბრძოლა, წყლის რესურსების მართვა, კომერციულად მომგებიანი ფერმერული პროექტების განვითარება და ბაზრებთან დაკავშირება.
დღეს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის საკმაოდ კარგად განვითარებული ქსელი მოქმედებს, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.
ქსელში გაერთიანებულია ცხრა რეგიონული სამსახური და 45 მუნიციპალური საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი, ხოლო 450 მაღალკვალიფიციური ექსტენციის კონსულტანტი ანუ ექსტენციონისტი მუდმივ დახმარებას უწევს ადგილობრივ ფერმერებს.
სასოფლო-სამეურნეო ექსტენცია საქართველოსთვის ჯერაც ახალი ხილია, თუმცა მისი გავლენა სოფლად უკვე იგრძნობა. ადგილობრივი ფერმერული პროექტების წარმატება, ახალი წამოწყებები და რაც მთავარია, ახალგაზრდების მზარდი ინტერესი სოფლის მეურნეობის მიმართ საუკეთესო დასტურია, რომ უძველესი ტრადიციის შენარჩუნებასა და დაცვას თანამედროვე ცოდნა და ახალი ხედვა სჭირდება.

მოცვის ჰორიზონტები
იანა ემუხვარი დარწმუნებულია, რომ სამეგრელოს რეგიონის თბილი და ნოტიო ჰავა და მჟავე ნიადაგი საუკეთესო პირობებს ქმნის თანამედროვე, მრავალფეროვანი და წარმატებული სოფლის მეურნეობისთვის. ნოვატორული იდეები, რომელსაც იანა ადგილობრივ ფერმერებს უზიარებს, ეფუძნება მტკიცე თეორიულ ცოდნას, რომელიც მან ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლისას მიიღო, და ათწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის დარგში.
„ადგილმდებარეობიდან და კლიმატიდან გამომდინარე, სამეგრელოს ძალიან პერსპექტიული მომავალი აქვს. ჩვენი რეგიონი მიკროზონაა, სადაც ციტრუსების, თხილის, კენკრისა და დაფნის მოყვანისთვის ნამდვილი სამოთხეა. კარგი პირობებია ახალი კულტურების შემოტანისა და განვითარებისთვის. მოცვი ამის თვალსაჩინო მაგალითია. საქართველოსთვის შედარებით ახალი კულტურაა, რომელსაც მეგრელმა ფერმერებმა კარგად აუღეს ალღო და ამ საქმიანობას წარმატებით უძღვებიან. ჩვენს რეგიონს ასევე აქვს ეგზოტიკური ჯიშების მოყვანის რესურსიც, თუმცა ეს უნდა მოხდეს სწორი მიდგომებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით“, - გვიყვება იანა.
იანას დაძაბული სამუშაო დღე უამრავ საქმეს იტევს. კარდაკარ შეხვედრებს ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტაციები მოჰყვება. გამოცდილი ექსტენციონისტი თავადაც აგრძელებს პროფესიულ ზრდას, ხშირად საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით.
„ადგილობრივ ფერმერებს ცოდნა რომ გავუზიაროთ, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების განვითარებას ფეხდაფეხ უნდა მივდიოთ. ტრენინგი, გადამზადება და სხვა ქვეყნებთან გამოცდილების გაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ექსტენციონისტებსაც და ფერმერებსაც ხელი უნდა მიგვიწვდებოდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე.“
ალექსი ანტონიუკი ერთ-ერთი წარმატებული ფერმერია, რომელიც იანა ემუხვარის პროფესიული დახმარებით სარგებლობს. მისი სწრაფად მზარდი მოცვის პლანტაცია წელიწადში 20-დან 40 ტონამდე მოსავალს იძლევა და 100-მდე ადგილობრივ მაცხოვრებელს, ძირითადად ქალებს ასაქმებს.
ალექსის ბიზნეს-მიზანი ევროკავშირის ბაზარზე გასვლაა, სადაც მაღალი ხარისხის მოცვი საუკეთესო ფასად იყიდება. ამისთვის, ალექსის მეურნეობა ცდილობს GlobalG.A.P. საერთაშორისო სერტიფიკატის მიღებას, რომელიც უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი წარმოების პრაქტიკასა და სურსათის უვნებლობის სტანდარტის დაცვას ადასტურებს.
„მე ევროპულ ბაზარზე გავაკეთებდი არჩევანს, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოსთვის ეს ბაზარი ბევრად სტაბილური და მომგებიანია. მაქვს დიდი სურვილი მქონდეს სერტიფიცირებული ბაღი და მყავდეს ევროპელი მყიდველი. ჩვენს ბაღებში, GlobalG.A.P.-ის მოთხოვნების 25 პროცენტი უკვე შესრულებული გვაქვს“, - ამბობს ალექსი.
სასოფლო-სამეურნეო ექსტენციამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ალექსი ანტიონიუკის მეურნეობის განვითარებაში. მანამდე, ალექსის ბიზნესმა სერიოზული კრიზისი გამოიარა, რადგან მის მიერ შერჩეული მოცვის ორი სახეობა დასავლეთ საქართველოს კლიმატთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. ალექსიმ კარგად დაიმახსოვრა მიღებული გაკვეთილი და კიდევ უფრო დააფასა ცოდნის, გამოცდილებისა და დროულად მიღებული რჩევის მნიშვნელობა ფერმერული საქმიანობის წარმატებისთვის.
„ძალიან მომწონს ექსტენციის სამსახურის მუშაკების მიდგომა საქმის მიმართ. ისინი გვერდში გვიდგანან და ჩვენს საქმეს, როგორც თავის საკუთარს ისე უყურებენ. იანას პარტნიორად აღვიქვავ, იმდენად ჩართულია ჩვენი მოცვის ბაღის განვითარებაში.“

პარტნიორობა წარმატებისთვის
ხონის მუნიციპალიტეტში 12 თემი, 39 სოფელი და 1000 დარეგისტრირებული ფერმერია. ნინო ქვათელაძე, სოფლის განვითარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის ექსტენციონისტი, ყველა ფერმერს პირადად იცნობს. მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, ჩაისა და კენკროვანი კულტურების მოყვანა, დაავადებათა პროფილაქტიკა და მავნებლებთან ბრძოლა - ნინოს დახმარება და რჩევა ამ საკმაოდ განსხვავებულ სასოფლო-სამეურნეო სფეროებს მოიცავს.
როგორც ექსტენციის ახალი თაობის წარმომადგენელი, ნინო დარწმუნებულია, რომ პარტნიორობა და თანამშრომლობა ცოდნის გაზიარების საუკეთესო გზაა.
„მინდა ხაზი გავუსვა ფერმერთა თანამშრომლობას, რომლის მაგალითია ჩვენი „მინდვრის დღეები“. ერთერთმა წარმატებულმა ფერმერმა ჰიბრიდული სიმინდი გამოცადა ნათესზე. მოვაწყვეთ „მინდვრის დღე“, დავაკავშირეთ ფერმერები, რომლებიც ჩართულები არიან სიმინდის ჯიშების მოვლა-მოყვანაში და მათ ერთმანეთს გამოცდილება და სიახლეები გაუზიარეს. ერთმანეთთან უკუკავშირით ნამდვილად შთამბეჭდავ შედეგზე გადიან“, - გვიყვება ნინო.
ნინოს აზრით, სოფლის მეურნეობის სექტორის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა პროფესიონალიზმის ნაკლებობაა. თუმცა, ის მომავალს იმედით უყურებს და ოპტიმიზმს არ კარგავს, რადგან ბოლო დროს, სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ირჩევს პროფესიულ განათლებასა და კარიერას სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
„სასიხარულოა, როდესაც ახალგაზრდები აგრო მიმართულებით სწავლასა და განვითარებას იწყებენ. მე რამდენიმე ასეთ ახალგაზრდას ვიცნობ ჩვენს მუნიციპალიტეტში, რომლებიც სწავლის დასრულების შემდეგ, სოფლის მეურნეობის სფეროში წარმატებით აგრძელებენ მუშაობას. ისინი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები არიან და მსხვილ კომპანიებში გასცემენ კონსულტაციებს.“

განათლების გზაზე
ოცდაათზე მეტი წლის წინ, თამარ მიქაუტაძე-ელბაქიძისა სოხუმში, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტში ეკოლოგიის კურსს კითხულობდა. შემდეგ იყო ომი და დევნილობა, ახალი დასაწყისი იმერეთის რეგიონში და ახალი პროფესიული კარიერა - პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, პრაქტიკული მუშაობა საქართველოს ერთ-ერთ წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციაში „აფხაზინტერკონტი“, რომელიც დევნილებსა და სოფლის მოსახლეობას ეხმარება.
თამარის სოლიდურმა ექსპერტიზამ და განმაცვიფრებელმა ენერგიამ უამრავი ფერმერის ცხოვრება შეცვალა და ახალი პერსპექტივა დაანახა. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ენდემური ჯიშების აღორძინება, ინოვაციური ფერმერული პროექტები და მეწარმეობის განვითარება - ეს მრავალმხრივი საქმიანობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში შვეიცარიისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება, ნაბიჯ-ნაბიჯ გარდაქმნის სოფლის ცხოვრებას დასავლეთ საქართველოში.
„UNDP-სა და შვეიცარიის დაფინანსებით, მაღალმთიანი რეგიონების ფერმერთა დასახმარებლად საგრანტო პროგრამები წამოვიწყეთ. 2021 წლიდან, 30-მდე ადგილობრივი პროექტი დავაფინანსეთ, ძირითადად ეკო-ფერმერობის, მწვანე წარმოებისა და ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო მეწარმეობის მხარდაჭერის მიზნით. შედეგები ნამდვილად შთამბეჭდავია!“
თამარს განსაკუთრებით ეამაყება, რომ ადგილობრივი ფერმერების წარმატებამ ბევრ ახალგაზრდას სოფლის მეურნეობის მიმართ ინტერესი გაუჩინა და ბიძგი მისცა, რათა საკუთარი, კიდევ უფრო ამბიციური პროექტები წამოეწყოთ.
„ახალგაზრდებსა და სტუდენტებს ყოველთვის ერთ რამეს მოვუწოდებ - დარჩით თქვენს რეგიონებში და განავითარეთ საქმიანობა ადგილობრივად. ფესვები გაქვთ აქ, დააშენეთ საქმე ზემოდან!“

წარმატებული ფერმერი, წარმატებული სოფელი
„ექსტენციონისტებს გვევალება, რომ სოფლად ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ, სოფლის მეურნეობის მიმართ ინტერესი გავაღვივოთ და ადამიანების კეთილდღეობა გავზარდოთ”, - ამბობს რომან ზაქარიაძე, სოფლის განვითარების სააგენტოს გურიის რეგიონული სამსახურის ექსტენციონისტი.
რომანი გამოცდილი მცენარეთა დამცველი და აგრონომია მაგისტრის ხარისხით. ის ოზურგეთის კოლეჯ „ჰორიზონტში“ ასწავლის და სატყეო საქმის პროგრამას ხელმძღვანელობს. რომანს კარგად ესმის კლიმატისადმი მედეგი სოფლის მეურნეობის, ინოვაციური მიდგომებისა და ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამების მნიშვნელობა.
„გასვლითი სამუშაოების დროს პორტატიულ მოწყობილობებს ვიყენებთ, რათა ნიადაგის მჟავიანობის დონე დავადგინოთ და ფერმერებს კვალიფიციური რჩევა მივცეთ. მოსავლის აღებამდე, ნაყოფის შაქრიანობის დონესაც ვამოწმებთ, რათა დაკრეფისთვის საუკეთესო დრო შეირჩეს. მაკროსკოპის - მოდერნიზებული ლუპის მეშვეობით, მცენარის ფოთოლსა და ღეროს ვათვალიერებთ, რათა დაავადებები და მცირე ზომის მავნებლები ამოვიცნოთ“, - გვიხსნის რომანი.
„თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ალტერნატივა არ აქვს. ექსტენციონისტებს მეტი წვდომა უნდა გვქონდეს ახალ ხელსაწყოებზე, რათა ფერმერებს უკეთ დავეხმაროთ.“
რომანი თვლის, რომ კლიმატის ცვლილება უამრავ ახალ პრობლემას უქმნის ფერმერებს, მათ შორის მცენარეთა დაავადებებსაც ახშირებს, ხოლო გამოსავალს კლიმატისადმი მედეგი სოფლის მეურნეობისა და ენერგო-ეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაში ხედავს. რომანი დარწმუნებულია, რომ ახალი ცოდნის, განათლებისა და ექსპერტიზის გარეშე სოფლის მეურნეობის სექტორი წარმატებას ვერ მიაღწევს.
„პროფესიული კოლეჯები ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედი უნდა გახდეს. კარგია, რომ სოფლის მეურნეობა სულ უფრო მეტ ახალგაზრდას იზიდავს, თუმცა პროფესიონალების ნაკლებობა კვლავ პრობლემაა, რომელიც მეტ ყურადღებას მოითხოვს.“

მაკო ბენიძე იმ ფერმერთა რიცხვშია, რომლებიც სოფლის განვითარების სააგენტოს გურიის რეგიონული სამსახურის სერვისებით სარგებლობენ. ცხრა წლის წინ, მაკოს ოჯახი თბილისიდან გურიაში გადავიდა საცხოვრებლად და მცირე საკარმიდამო ნაკვეთზე ფერმერული საქმიანობა დაიწყო.
„სოფელში რომ ცხოვრობ, ყველაფერი უნდა სცადო. ჩემს 400 კვადრატულ მეტრ ნაკვეთზე, მესაქონლეობა და მეფრინველეობა ვცადე და რუკოლაც მომყავდა. ამ წამოწყებებიდან არაფერმა გაამართლა, თუმცა არ მიმაჩნია, რომ დროის ფლანგვა იყო ეს ყველაფერი. მეწარმედ ჩამოვყალიბდი და ჩემი ნამდვილი ინტერესი აღმოვაჩინე“, - გვიყვება მაკო.
ახალი გზების ძიებაში, მაკომ სოფლის განვითარების სააგენტოს ჩოხატაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრს მიაკითხა, სადაც საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია მიიღო. მაკომ გაარკვია, რომ შეეძლო ფერმერთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებით ესარგებლა და საკონსულტაციო დახმარებაც მიეღო, რასაც შვეიცარიისა და UNDP-ის მხარდაჭერა უზრუნველყოფდა.
სოფლის განვითარების სააგენტოს 27,000 ლარის ოდენობის დაფინანსება და პროფესიული ექსტენციონისტის მხარდაჭერა ის საფუძველი აღმოჩნდა, რომელზეც მაკომ წარმატებული ფერმერული პროექტი ააშენა - სასათბურე მეურნეობა, სადაც ფართობის ნახევარი სალათის მოსაშენებლად გამოყენება, ხოლო მეორე ნახევარი მწვანე რეჰანს და სხვა კულტურებს ეთმობა.
„სათბურის გაშენება ნამდვილად არ ყოფილა ადვილი, მაგრამ ექსტენციონისტების დახმარებით, ეს რთული პროცესი საკმაოდ მარტივად გადავლახე. კონსულტაციებმა მომცა საშუალება პროფესიულად მივდგომოდი საქმეს, თეორიული მასალისა და პრაქტიკული სამუშაოების სინთეზმა ჩემს შემთხვევაში შედეგი გამოიღო“, - გვიზიარებს მაკო.
მაკოს ფერმერული ექსპერიმენტები და საკუთარი წარმატებული ბიზნეს-პროექტის ძიება კვლავ გრძელდება, თუმცა მისი მწვანილის სათბური კარგი დასაბამია სტაბილური და მომგებიანი მეურნეობის განვითარებისთვის.
დამატებითი ინფორმაცია:
შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარს უჭერს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, რომელთა მიზანია სოფლის მეურნეობაში თანამედროვე პროფესიული განათლებისა და გადამზადების განვითარება.
სამწლიანი პროექტი (2022-2025), რომლის ბიუჯეტი 4.5 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს, ხელს უწყობს პროფესიული კომპეტენციების გაზრდას დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, (თვით-)დასაქმების შესაძლებლობების შექმნასა და სოფლის მდგრად განვითარებას სხვადასხვა სოციალური ჯგუფის, მათ შორის ახალგაზრდების, ქალებისა და დაუცველი მოსახლეობის ინტერესთა გათვალისწინებით.
ვრცელი ინფორმაცია ამ პროექტის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე.
დისქლეიმერი:
წინამდებარე ისტორია შექმნილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არა ასახავდეს SDC-ისა და UNDP-ის თვალსაზრისს.