ოცდაათი წლის მანძილზე, საქართველომ ბევრს მიაღწია გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის შემუშავებისა და გენდერულად თანასწორი სოციალური თუ ეკონომიკური პრაქტიკის დამკვიდრების გზაზე. თუმცა, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და სოციალური უთანასწორობა ხელს უშლის რეალური თანასწორობის მიღწევას.
ქალთა არასაკმარისი ჩართულობა პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში კვლავ გამოწვევაა.
პარლამენტში წევრ ქალთა წილი 19 პროცენტს არ აღემატება (2023), ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობაში 24 პროცენტს (2023).
2024 წელს, გაუქმდა გენდერული საარჩევნო კვოტირება, რომლის შემოღება ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი იყო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის გზაზე.
საქართველოში მცხოვრებ ქალთა დაახლოებით 60 პროცენტი ფორმალური დასაქმების სექტორს გარეთაა დარჩენილი. ბოლო წლებში გამოქვეყნებული კვლევებით ირკვევა, რომ ეკონომიკურად აქტიური საწარმოების მფლობელთა შორის ქალები მხოლოდ მესამედს შეადგენენ, ხოლო კერძო კომპანიების მმართველობაში 16.5 პროცენტით არიან წარმოდგენილნი (UN Women/ILO, 2023).
2023 წელს, საშუალო ყოველთვიურმა გენდერულმა სახელფასო სხვაობამ 20.9 პროცენტი შეადგინა, რაც 2.1 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის მონაცემებთან შედარებით. სახელფასო სხვაობა მერყეობს 41.6 პროცენტიდან ხელსაქმისა და ვაჭრობის სექტორებში, 12.9 პროცენტამდე გაყიდვებისა და მომსახურების სექტორებში (GEOSTAT, 2023).
გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის სტატისტიკა კვლავ საგანგაშოა. 15-69 წლის ასაკის ქალებისა და გოგოების 50.1 პროცენტი ამბობს, რომ ერთხელ მაინც განუცდია გენდერული ნიშნით ძალადობა (UN Women).
ამავდროულად, გაეროს მიერ 2020 წელს ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ საქართველოს საზოგადოება სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს თანასწორობისა და ჩართულობის პრინციპების დაცვას. კაცების სამი მეოთხედი ამბობს, რომ მენეჯერ ქალთან მუშაობა მათთვის სავსებით მისაღებია, ხოლო ყველა გამოკითხულთა 60 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქალთა აქტიური ჩართულობა პოლიტიკაში ქვეყნისთვის სასიკეთო იქნებოდა (UNDP/UNFPA, 2020).
18.4%
ქალები პარლამენტში
2023
24%
ქალები ადგილობრივ თვითმმართველობაში
2023
54.4%
ქალების ჩართულობა სამუშაო ძალაში
2023
20.9%
გენდერული სახელფასო სხვაობა
2023
ჩვენი მიზნები
თანასწორობისა და ჩართულობის პრინციპების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია UNDP-ის საქმიანობისა და კორპორაციული პოლიტიკისთვის. ეს ფუძემდებელი პრინციპები ინტეგრირებულია ჩვენს პროგრამებსა და პარტნიორულ კავშირებში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
ჩვენი მრავალმხრივი საქმიანობა ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას, დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოფხვრას, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური მონაწილეობის გაზრდას და სახელმწიფოს შესაძლებლობების გაძლიერებას გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის შექმნისა და ეკონომიკური განვითარების მხრივ.
ჩვენი ძალისხმევა ასევე მიმართულია სოციალური თანასწორობის გაზრდაზე, მათ შორის ზრუნვის ეკონომიკის განვითარებაზე, დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერაზე, ლგბტქი+ თემისა და ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვაზე.
ჩვენ მხარს ვუჭერთ თანასწორ და კლიმატგონივრულ ეკონომიკურ განვითარებას, რათა ქალებმა და კაცებმა თანაბრად ისარგებლონ ეკონომიკური ზრდის სიკეთეებით, მიიღონ თანამედროვე სამყაროს შესაბამისი განათლება, შეიძინონ საჭირო ცოდნა და უნარები და ქმედითი წვლილი შეიტანონ კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი საზოგადოების მშენებლობაში.