ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ საზოგადოებრივ მსჯელობას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ
ადამიანის უფლებები ტრადიციულ საზოგადოებაში
27 June 2023
ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), თბილისის მუზეუმების გაერთიანება - ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმთან თანამშრომლობით, აგრძელებენ საჯარო დისკუსიათა ციკლს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ. მესამე შეხვედრაზე, რომელიც 27 ივნისს გაიმართა, შედგა საინტერესო და დამაფიქრებელი მსჯელობა ტრადიციული საზოგადოების ღირებულებებსა და ადამიანის უფლებათა დაცვაზე.
ძირითად მომხსენებლად მოწვეული იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გიგა ზედანია, რომელმაც საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა აუდიტორიას და საკმაოდ აქტიური დისკუსია გამოიწვია.
მსჯელობაში ასევე ჩაერთო პოლ დალტონი, დანიის სამეფოს ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის მთავარი მრჩეველი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მაგალითზე ისაუბრა ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოებაზე და ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელობაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები. განსაკუთრებული სტუმრების სტატუსით, დისკუსიაზე მიწვეულები იყვნენ ახალქალაქისა და ყვარლის საჯარო სკოლების მოსწავლეები.
ამ რეზონანსული საჯარო დისკუსიების მეშვეობით, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ქმნიან კონსტრუქციული დიალოგის პლატფორმას და ხელს უწყობენ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. დისკუსიათა ციკლის მიზანია თანამშრომლობის გზების გამონახვა ახალგაზრდებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის და ერთიანი ძალისხმევის ხელშეწყობა თანასწორი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნისთვის.
„ყველას გვაქვს ტრადიციული და კულტურული ღირებულებები, რომელთაც პატივს ვცემთ მათი მრავალფეროვნების გათვალისწინებით. თუმცა ეს ვერასდროს გაამართლებს ინდივიდუალური ადამიანის უფლებების შელახვას. ყოველი ჩვენგანი თავისუფალია აირჩიოს ის ტრადიციები და კულტურული ღირებულებები, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ ადამიანის უფლებების დაცვა მოლაპარაკების საგანი ვერ გახდება."ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში
„ევროკავშირი მიესალმება ღია და თანამონაწილეობით დიალოგს, რომელიც გზას უხსნის დადებით ცვლილებას და ხელს უწყობს ადამიანის უფლებების საყოველთაო დაცვას."ანი ბირგიტ ჰანსენი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულებისა და დონორთა კოორდინაციის პროგრამის მენეჯერი
დისკუსიათა ციკლი „საუბრები უფლებებსა და თავისუფლებებზე“ იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის, „ადამიანის უფლებები ყველასთვის“, ფარგლებში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასა და ამ მხრივ არსებული ხარვეზების გამოსწორებას ემსახურება. 2.5 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების პროგრამას გაეროს ორი სააგენტო ახორციელებს - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR).
საკონტაქტო ინფორმაცია:
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- თეიკო კანდელაკი, UNDP, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org
- თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2364364, tamriko.mikadze@eeas.europa.eu