გაეროს განვითარების პროგრამისა და ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაიზრდება ელექტრონული სახელმწიფო სერვისების მიწოდების ხარისხი და უსაფრთხოება
კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს საჯარო სექტორში
1 October 2020
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (სსგს), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით, იწყებს ელექტრონული სახელმწიფო სერვისების ხარისხის დახვეწას და უსაფრთხოების გაუმჯობესებას. სსგს-ს ინიციატივა ითვალისწინებს დისტანციურ სერვისებზე მზარდ მოთხოვნას და კორონავირუსის პანდემიის ფონზე შექმნილ რეალობას, სადაც სახელმწიფო უწყებებს მთელ მსოფლიოში უწევთ ონლაინ რეჟიმზე გადასვლა და შესაბამისი ცვლილებების გატარება.
COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების შემოღების შემდეგ, საქართველომ მოკლე ვადაში თითქმის სრულად გადაიტანა სახელმწიფო სერვისები ონლაინ სივრცეში, რის შედეგადაც მოქალაქეთა მომსახურება მკაცრი იზოლაციის დროსაც კი არ შეფერხებულა.
ელ. სერვისების განვითარების მიმდინარე ეტაპზე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (სსგს) შეისწავლის გარე და შიდა კიბერსაფრთხეებს, რომელთაც პოტენციურად შეიძლება გავლენა იქონიონ სახელმწიფო ელ. სერვისებზე, გააძლიერებს პრევენციისა და დაცვის შიდა სისტემებს და შესაბამისად, ელ. სერვისების მიწოდების უსაფრთხოებას, მდგრადობასა და საიმედოობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, შემუშავდება მონაცემთა შეგროვებისა და მართვის ერთიანი სტანდარტი, რომელიც პერსონალურ მონაცემთა სათანადო დაცვას უზრუნველყოფს და საჯარო უწყებებს მონაცემების მართვაში დაეხმარება.
პროექტი, რომლის ბიუჯეტი 80,000 აშშ დოლარს აღემატება, ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებითა და UNDP-ის დახმარებით განხორციელდება და 2021 წლის თებერვალში დასრულდება.
„მომხმარებელზე ორიენტირებული ელექტრონული სახელმწიფო სერვისების განვითარება საქართველოში ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო და წარმატებით ხორციელდებოდა“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „კორონავირუსმა ეს პროცესი მხოლოდ დააჩქარა, თუმცა ამავდროულად სწორედ პანდემიის ფონზე გაიზარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მხრივ არსებული საფრთხეები. ამ რისკების შესამცირებლად მყისიერად უნდა ვიმოქმედოთ, რათა საქართველომ კვლავაც შეძლოს ციფრული ტრანსფორმაციის შედეგების გამოყენება თავისი მოქალაქეების სასიკეთოდ“.
„პანდემიის პირველივე დღეებიდან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სწრაფად მოერგო შეცვლილ რეალობას, ყველაზე მოთხოვნადი სერვისები ელექტრონულ ფორმატში გადაიტანა და არსებული დისტანციური სერვისების მოქმედების არეალი გააფართოვა“, - განაცხადა სსგს-ს თავმჯდომარემ ზურაბ სანიკიძემ. „კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა და მონაცემთა ეფექტიანი მართვა უაღრესად მნიშვნელოვანია სერვისის მიწოდების საიმედოობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით“, - დასძინა მან.
“პანდემიის შედეგად, სულ უფრო მეტი ადამიანი მსოფლიოში ციფრული სერვისებს მიმართავს. ერთის მხრივ, ინტერნეტმა საგრძნობლად გაამარტივა კრიზისზე რეაგირება - ბავშვებმა სწავლის გაგრძელება შეძლეს, ხოლო ბიზნესმა თავისი საქმიანობა განაგრძო. მეორეს მხრივ, ინტერნეტის გაზრდილი გამოყენების ფონზე, ასევე გაიზარდა პერსონალურ და სხვა სახის მონაცემთა უსაფრთხოდ დაცვის საჭიროება”, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა. „სახელმწიფო სერვისების მდგრადობისა და უსაფრთხოების გაზრდის ხელშეწყობა იმ უფრო ფართო პარტნიორობის ნაწილია, რომელიც საქართველოსთან კიბერუსაფრთხოების ყველა სფეროში გვაკავშირებს. იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - დასძინა მან.
საქართველოს კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ქვეყანამ 2012 წელს მიიღო, ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (სსგს) ელექტრონული სახელმწიფო სერვისების მიწოდებისა და სამოქალაქო რეესტრის მართვის საკითხებში. სსგს ასევე საკვანძო უწყებაა მოქალაქეთა პორტალზე my.gov.ge-ზე სერვისების განთავსების მხრივ, რომელიც ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ იმართება და რომლის მეშვეობითაც საქართველოს მოქალაქეები და ბიზნესები 400-ზე მეტ ელ. სერვისს იღებენ.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, სსგს ერთ-ერთი წამყვანი უწყებაა საქართველოს საჯარო სექტორში ელ. მმართველობის პრინციპების დანერგვის თვალსაზრისით და პასუხისმგებელია ადამიანზე მორგებული, ინოვაციური სახელმწიფო სერვისების განვითარებისა და მიწოდების უზრუნველყოფაზე.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (სსგს) ხელშეწყობა ხორციელდება საქართველოში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის ფარგლებში, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ბრიტანეთის მთავრობასთან თანამშრომლობით ახორციელებს.
საკონტაქტო ინფორმაცია
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org
- სოფო ტორჩინავა, სსგს, +995 577 791819, s.torchinava@sda.gov.ge