გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ტექნიკურად უხელმძღვანელებს გაეროს ძალისხმევას ქვეყნების ეკონომიკის გარდაქმნისა და აღდგენის საკითხებში
მსოფლიო COVID-19-ის შემდეგ ჩვეული სტანდარტებით ცხოვრებას უნდა გასცდეს, ამბობს გაერო
11 May 2020
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია COVID-19-ს განიხილავს არა მხოლოდ როგორც ჯანდაცვის, არამედ განვითარების კრიზისს. ამის გათვალისწინებით, გაერომ შეიმუშავა საგზაო რუკა, რომლის მიზანია, დახმარება გაუწიოს მსოფლიოს ქვეყნებს მათ მცდელობაში დაიცვან მოსახლეობა პანდემიის სოციო-ეკონომიკური შედეგებისგან და შეიმუშაონ სამოქმედო გეგმები წარმოქმნილი უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.
გაეროს ახალი ჩარჩო დოკუმენტი გამსჭვალულია მდგრადი განვითარების მიზნების სულისკვეთებით. ის მოუწოდებს ქვეყნებს, არ დაუშვან, რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური დაღმავლობის, სოციალური მომსახურების შეფერხებისა და სხვა შეზღუდვების ფონზე, რომელიმე ადამიანი, განსაკუთრებით ეკონომიკურად დაუცველი და მოწყვლადი ჯგფების წარმომადგენელი, დარჩეს განვითარების მიღმა.
გაეროს ჩარჩოში ხაზგასმულია, რომ კრიზისის შემდგომი აღდგენა უნდა წარიმართოს პრინციპით „აღვადგინოთ უკეთესად“. პანდემიამ გამოაშკარავა, რომ მსოფლიოს ტრადიციული ეკონომიკური მოდელები გამოფიტული და არამდგრადია, ხოლო განვითარების მწვანე გზა, შრომის მიმართ უფრო სამართლიანი დამოკიდებულება, საყოველთაო სოციალური დაცვა და პლანეტის უსაფრთხოებისთვის გარემოზე ზრუნვა თანამედროვეობის იმპერატივს წარმოადგენს.
„უბრალოდ ვეღარ დავბრუნდებით იქ, სადაც პანდემიის დაწყებამდე ვიყავით. იქ, სადაც მსოფლიოს საზოგადოებები კრიზისის მიმართ გაუმართლებლად მოწყვლადები იყვნენ“, - განმარტა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა. „უკეთესი მსოფლიო უნდა ავაშენოთ“.
„ამჟამად ყველა ქვეყანა გზის გასაყარზეა“, - აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა აჰიმ შტაინერმა. “ან ძველი ეკონომიკის დაბრუნებაში უნდა გავაკეთოთ ინვესტირება, ან მომავლის ეკონომიკის მშენებლობაზე ვიზრუნოთ”.
შტაინერმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნების პოსტ-კრიზისული აღდგენის მოდელებში უნდა „ჩაშენდეს დაბალემისიური განვითარების დნმ“, რაც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საფრთხეს უპასუხებს.
საქართველოს მთავრობა, ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის კვალდაკვალ, ყურადღებას პოსტ-კრიზისული განვითარების დღის წერსრიგზე ამახვილებს. საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „დღეს, საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანია ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პარალელურად, ეკონომიკის გადარჩენა და სწრაფი გაჯანსაღება. ჩვენ მზად ვართ ვისწავლოთ ამ გამოცდილებიდან და აქტიურად ვიმოქმედოთ, რომ ჩვენი საზოგადოება კრიზისიდან კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვიდეს“.
„პანდემიის საპასუხოდ საქართველოში გატარებულმა ღონისძიებებმა ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა. ჩემი ვარაუდით, მომავალში ეს მაგალითი საუკეთესო პრაქტიკად იქნება აღიარებული“, - თქვა UNDP-ის ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა. „თუმცა COVID-19-მა, როგორც მთელ მსოფლიოში, აქაც გამოავლინა გამოწვევები სოციალური და ეკონომიკური ბალანსის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ UNDP მიესალმება საქართველოს ლიდერების მყარ განზრახვას, კიდევ უფრო გასცდეს ჩვეულ სტანდარტებს და ისეთი გეგმა შეიმუშაოს, რომელიც დადებით პრაქტიკას გაამყარებს, უარყოფით გამოცდილებას გვერდს აუვლის, ხოლო ქვეყნის სამომავლო განვითარებას უფრო მწვანე, სამართლიან და ინკლუზიურ გზას დაუსახავს“.
გაეროს ჩარჩო დოკუმენტი სოციო-ეკონომიკური აღდგენის შემდეგ მთავარ სფეროებს განსაზღვრავს:
- ჯანდაცვის სერვისებისა და სისტემების დაცვა;
- სოციალური დაცვისა და ბაზისური სერვისების გაფართოვება;
- სამუშაო ადგილებისა და ბიზნეს სფეროს მხარდაჭერა, მათ შორის არაფორმალურ სექტორში;
- დაფინანსების შენარჩუნება და მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და ვაჭრობის ადაპტირება ისე, რომ პოსტ-კრიზისულმა აღდგენამ ყველას ინტერესი გაითვალისწინოს; და
- სოციალური ერთობისა და საზოგადოებრივი მედეგობის ხელშეწყობა.
გაეროს ჩარჩო დოკუმენტი მკაფიოდ განსაზღვრავს პასუხისმგებლობის განაწილებას გაეროს სააგენტოებს შორის ქვეყნების თანმიმდევრული და მიზნობრივი ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად. მსოფლიოს მასშტაბით, გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) მიენიჭა წამყვანი სააგენტოს როლი სოციო-ეკონომიკური აღდგენის საქმეში, გაეროს მუდმივი კოორდინატორების საერთო ხელმძღვანელობით, და გაეროს სააგენტოების ერთობლივი, მრავალსექტორული მუშაობის გათვალისწინებით. ეს სოციო-ეკონომიკური საქმიანობა წარიმართება ჯანდაცვის კრიზისზე გაეროს მიმდინარე რეაგირების პარალელურად, რომელსაც ტექნიკური კუთხით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ხელმძღვანელობს.
გაეროს მიერ სოციო-ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერა განხორციელდება 1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სატრასტო ფონდის მეშვეობით, რომელიც COVID-19-თან ბრძოლის მიზნით შეიქმნა. საქართველო იმ პირველი 46 ქვეყნის ჩამონათვალშია, რომლებიც ამ ფონდის დაფინანსებით ისარგებლებენ. ამ ეტაპზე, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში უახლოეს მომავალში მიიღებს 1 მილიონ აშშ დოლარს პანდემიით გამოწვეული სოციო-ეკონომიკური შოკისგან მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად.
გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), საქართველოს მთავრობასთან, დონორებთან და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, უკვე გადახედა მის მიმდინარე საქმიანობას საქართველოში, რომლის წლიური ბიუჯეტი 20 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, და ბევრი არსებული პროექტი პანდემიის ფონზე შექმნილ საჭიროებებს მოარგო.
UNDP-ის ხელშეწყობა მოიცავს საქართველოს მოსახლეობის, მათ შორის ყველაზე დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების ინფორმირებას კორონავირუსის პრევენციის შესახებ, ვირუსისგან დამცავი საშუალებების გავრცელებასა და სხვა სახის დახმარების გაწევას აფხაზეთში და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში, სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესის მხარდაჭერას მათი საქმიანობის ონლაინ სივრცეში გადატანისას, და სოფლის მოსახლეობის დახმარებას სხვადასხვა საგრანტო პროგრამის მეშვეობით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნიუ იორკში:
- ადამ ქათრო, adam.cathro@undp.org, +1 212 906 5326
თბილისში:
- სოფო ჭიჭინაძე, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907
UNDP-ის შესახებ:
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამყვანი სააგენტოა, რომელიც სოციალურ უსამართლობას, სიღარიბესა და კლიმატის ცვლილებას ებრძვის. ჩვენ ვთანამშრომლობთ ექსპერტებისა და პარტნიორების ფართო ქსელთან მსოფლიოს 170 ქვეყანაში და ვეხმარებით ქვეყნებს, შეიმუშაონ ინტეგრირებული და მდგრადი მიდგომები ადამიანებისა და პლანეტის საკეთილდღეოდ. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს www.undp.org და www.ge.undp.org ან გამოგვყევით სოციალურ მედიაში @UNDP და @UNDPGeorgia.