გაეროს განვითარების პროგრამა და გერმანიის მთავრობა ხელს უწყობენ უკრაინის მოქალაქეთა სოციალურ ინტეგრაციას
უკრაინული სახლი თბილისში
12 September 2023
თბილისის ცენტრში უკრაინული სახლი გაიხსნა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში მცხოვრები უკრაინელების ხელშეწყობის საქმეში. უკრაინული სახლის ორგანიზატორია სათემო ორგანიზაცია „ქართულ-უკრაინული პლატფორმა“, რომელსაც მხარს უჭერს გერმანიის მთავრობა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მეშვეობით.
უკრაინული სახლი ერთიანობისა და თანამშრომლობის სიმბოლოა იმ დამანგრეველი ომის დროს, რომელიც განუზომელ ტანჯვას აყენებს უკრაინელ ხალხს და უმძიმესი შედეგები მოაქვს მთელი მსოფლიოსთვის. მისი მრავალფუნქციური საოფისე და სათემო სივრცე ხელს უწყობს უკრაინის მოქალაქეთა ინტეგრაციასა და რეაბილიტაციას და ხელმისაწვდომია ყველა ორგანიზაციისა და ჯგუფისთვის, რომელიც საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს ემსახურება.
უკრაინულ სახლში თავს მოიყრის ინფორმაცია უკრაინელებისთვის განკუთვნილი სოციალურ-ეკონომიკური სერვისების შესახებ. აქ გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები მოზრდილებისა და ბავშვებისთვის. გარდა მისა, ამოქმედდება კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივები, რაც ხელს შეუწყობს ქართულ-უკრაინული კავშირების გამყარებას.
უკრაინული სახლის გახსნა 13 სექტემბერს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ გერმანიის ელჩის მოადგილე საქართველოში ტანია ჰუტი, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში ოლექსანდრ შულგა, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში ანნა ჩერნიშოვა, ქართულ-უკრაინული პლატფორმის ხელმძღვანელი ვალენტინა მარჯანიშვილი, და საქართველოში უკრაინის სათვისტომოს წარმომადგენლები.
„გერმანია სიამაყით უჭერს მხარს საქართველოში უკრაინული სახლის შექმნას. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ენერგიით სავსე სივრცე დაეხმარება უკრაინულ სათვისტომოს და აქტიურად შეუწყობს ხელს სოციალურ ინტეგრაციას."ტანია ჰუტი, გერმანიის ელჩის მოადგილე საქართველოში
„რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია ლტოლვილთა ყველაზე დიდი კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. უკრაინის მოსახლეობის თითქმის მესამედი, მათ შორის უკრაინელი ბავშვების ნახევარზე მეტი, იძულებული გახდა საკუთარი სახლები მიეტოვებინა და თავშესაფარი ეძებნა. დაახლოებით 25,000-მა უკრაინელმა ეს თავშესაფარი, უსაფრთხოება და იმედი სწორედ საქართველოში იპოვა. გაეროს განვითარების პროგრამა, გერმანიის გულუხვი მხარდაჭერით, მზადაა დახმარება გაუწიოს ამ ადამიანებს. ჩვენი მხარდაჭერა მოიცავს სათემო სივრცის შექმნას უკრაინული არასამთავრობო და მოხალისეობრივი ორგანიზაციებისთვის, საგრანტო დახმარებას მეწარმეებისთვის და უკრაინელთა ხელშეწყობას დასაქმების, რეაბილიტაციისა და ინტეგრაციის საკითხებში.“ანნა ჩერნიშოვა, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში
"უკრაინული სახლის შექმნა ასახავს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს. ეს სივრცე პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს. გარდა ამისა, მას კულტურული და საგანმანათლებლო დატვირთვაც ექნება."ვალენტინა მარჯანიშვილი, ქართულ-უკრაინული პლატფორმის ხელმძღვანელი
უკრაინული სახლის შექმნა საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილთა და უკრაინის მოქალაქეთა უფრო ფართო დახმარების ნაწილია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და გერმანიის დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული დახმარება ასევე მოიცავს საგრანტო პროგრამებს, ტრენინგსა და კონსულტაციას მეწარმეებისთვის, რაც „CARE კავკასია“-სთან თანამშრომლობით განხორციელდება. ლტოლვილთა და უკრაინის მოქალაქეთა ეკონომიკური რეაბილიტაციის, დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, „CARE კავკასია“ ჩაატარებს ბიზნეს ტრენინგს, მოაწყობს კარიერულ კონსულტაციებს და ხელს შეუწყობს უკრაინელთა პროფილირებას საქართველოს კერძო სექტორში დასაქმებისთვის.
კანონის უზენაესობის გამყარება და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა:
გერმანიის მთავრობის მხრიდან 1,627,701 აშშ დოლარის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს პროექტს „კანონის უზენაესობის გამყარება და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა“.
პროექტი მიზნად ისახავს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მედეგობის გაძლიერებას ყველაზე დაუცველი და მოწყვლადი სოციალური ჯგუფებისთვის. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ასევე ხორციელდება ლტოლვილთა და საქართველოში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეთა ხელშეწყობა კრიზისის მართვისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის გაუმჯობესების გზით.
გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად, პროექტის განხორციელებაში ჩართულები არიან საქართველოს საჯარო უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა. საქართველოში გერმანიის საელჩოსთან მჭიდრო კოორდინირების პირობებში, UNDP ასევე თანამშრომლობს რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კანონის უზენაესობის ექსპერტებთან სომხეთიდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან.
ქართულ-უკრაინული პლატფორმა:
ქართულ-უკრაინული პლატფორმა საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციაა, რომელიც ეხმარება საქართველოში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს და ხელს უწყობს საქართველოსა და უკრაინას შორის კულტურული კავშირების გამყარებას.
საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის:
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ნინო წითლანაძე, ქართულ-უკრაინული პლატფორმა, +995 593 750349, platformaukrge@gmail.com