გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოში. 2023
გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოში. 2023
25 October 2023
წინამდებარე კვლევა შეისწავლის გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებას. კვლევაში წარმოჩენილია საქართველოს მიღწევები გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების განვითარების მიმართულებით, აღწერილია არსებული გამოწვევები და წარმოდგენილია რეკომენდაციები სხვადასხვა უწყებისა და ინსტიტუციის მიმართ.
კვლევა ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის დაკვეთოთ, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ, 2023 წლის ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში. მისი დასკვნები ეფუძნება საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოს სამაგიდო კვლევას და 27 სიღრმისეულ ინტერვიუს როგორც საჯარო მოხელეებთან, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
კვლევის შედეგად ვლინდება, რომ საქართველოში გარემოსდაცვითი სამართლებრივი ჩარჩო საკმაოდ კარგადაა ჩამოყალიბებული. ორჰუსის კონვენცია უშუალოდ გამოიყენება, ხოლო კონსტიტუცია განსაზღვრავს ადამიანის უფლებას ჯანსაღ გარემოზე, ხაზს უსვამს გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტისას საზოგადოების მონაწილეობას.
საქართველოს კანონმდებლობით, ყველა ადამიანს აქვს უფლებას მიმართოს სასამართლოს გარემოსდაცვითი დარღვევების შემთხვევაში, ხოლო მოქმედი ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოები შესაძლებელს ხდის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების როგორც პროცედურულ, ისე შინაარსობრივ გასაჩივრებას.
კვლევა ასევე ცხადყოფს, რომ საქართველოში არსებობს სხვადასხვა სახის ბარიერი, რომელიც აფერხებს გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას და მოქალაქეებს უქმნის განცდას, რომ გარემოსდაცვითი პრობლემების ეფექტიანი მოგვარება სამართლებრივი გზებით საკმაოდ რთულია.
აღნიშნული ბარიერები მოიცავს სისტემურ საკითხებს, როგორიცაა სასამართლო განხილვის ზედმეტად გრძელი ვადები, რაც ცალკეულ შემთხვევებში მართლმსაჯულებაზე უარის თქმად შეიძლება ჩაითვალოს, და სპეციფიკურ პრობლემებს, მაგალითად, გარემოსდაცვით საკითხებში სპეციალიზებული მოსამართლეების ნაკლებობას და კანონმდებლობის ვიწრო ინტერპრეტაციას, რაც ხელს უშლის სუფთა, ჯანსაღი და მდგრადი გარემოს უფლების დაცვას.
კვლევაში განხილულია სხვა ბარიერებიც, მათ შორის, ინფრასტრუქტურული თუ დეველოპერული პროექტების საჯარო განხილვების ინკლუზიურობისა და მისაწვდომობის გამოწვევები და ინფორმაციის მოთხოვნის იგნორირებისა ან არადამაკმაყოფილებელი პასუხების გაცემის შემთხვევები.
კვლევაში მოცემული რეკომენდაციები ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის გაუმჯობესებული აღსრულება, დროული სასამართლო განხილვები და პროცედურები, კანონის უზენაესობის ინსტიტუტებისა და საჯარო უწყებების შესაძლებლობების განვითარება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ხარისხიანი იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა.
კვლევის ავტორები: ქეთევან ვარდოსანიძე, ჩაბა ქიში
სარედაქციო ჯგუფი: ლევან ასათიანი, შონ ოკონელი, ივანე ჩიტაშვილი