ევროკავშირისა და გაეროს მხარდაჭერით, ჟურნალისტები, იურისტები, სამოქალაქო აქტივისტები და საჯარო მოხელეები ესწრებიან ტრენინგებს ადამიანის უფლებათა დაცვის საკვანძო საკითხებში
პასიურობიდან აქტიურობისკენ: მეტი განათლება ადამიანის უფლებათა უკეთ დაცვისთვის
2 August 2022
საქართველოში, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები დაცულია კონსტიტუციით, სტრატეგიული დოკუმენტებითა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებით სხვადასხვა შეთანხმებისა და გაეროს კონვენციის ფარგლებში. მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებების საყოველთაო დაცვა კვლავ გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით მოწყვლადი და მარგინალური სოციალური ჯგუფების შემთხვევაში.
უახლესი კვლევები ცხადყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ ადამიანის უფლებების დაცვას და ამ მხრივ, ხელისუფლებისგან უფრო ქმედით ნაბიჯებს ელოდებიან. ხუთი გამოკითხულიდან ორი (38.6 პროცენტი) ამბობს, რომ სახელმწიფო სათანადო რეაგირებას არ ახდენს ლგბტქი+ თემის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე (წყარო: WISG/SIDA/UNW/UNDP/UNFPA, 2022. ‘From Prejudice to Equality: Study on Public Knowledge, Awareness and Attitudes towards LGBT(Q)I Community and Legal Equality’) გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებები უკეთ უნდა იყოს დაცული, მათ შორის ისეთ საკითხებში, როგორიცაა ინკლუზიური განათლება (70 პროცენტი), ინკლუზიური ინფრასტრუქტურა (85 პროცენტი) და შშმ პირთა ხელშეწყობა (82 პროცენტი) (წყარო: UNDP, 2020. ‘Public attitudes towards persons with disabilities in Georgia’)
ევროკავშირი (EU) და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (UN) დარწმუნებულები არიან, რომ განათლება და საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადამიანის უფლებათა პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობის გზაზე.
გაეროს ორი სააგენტოს - გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ორგანიზებითა და ევროკავშირის ხელშეწყობით, ივლისში რამდენიმე ტრენინგი გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო უწყებების, მედიის, პროფესიული ასოციაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. ამ საგანმანათლებლო ინიციატივის მიზანი იყო პრაქტიკული ინფორმაციის გავრცელება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შესახებ.
15-16 ივლისს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით, გაიმართა ტრენინგი რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის. ტრენინგის მონაწილეებმა იმსჯელეს დეზინფორმაციისა და ცრუ ინფორმაციის გავლენაზე როგორც ზოგადად, სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე, ისე კონკრეტულად, ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვაზე. ტრენინგის პროგრამამ, რომელიც ჟურნალისტებზე იყო მორგებული, ხაზი გაუსვა მედიის გადამწყვეტ როლს ცრუ ინფორმაციასა და სიძულვილის ენასთან ბრძოლის საქმეში.
17-18 ივლისს, ადამიანის უფლებათა ტრენინგს იურიდიული დახმარების სამსახურისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის იურისტები შეუერთდნენ. მათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გზებზე იმსჯელეს, ხოლო განსაკუთრებული ყურადღება მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მხრივ არსებულ გამოწვევებს დაუთმეს.
19-20 ივლისს, გაიმართა ტრენინგი ადამიანის უფლებათა აქტივისტებისა ა და ლგბტქი+ თემის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნენ გაეროს წინაშე ალტერნატიული ანგარიშებისა და წერილობითი მოსაზრებების მომზადებისა და წარდგენის პრაქტიკას და გაეროს მექანიზმების ეფექტიან გამოყენებას ადვოკატირებისა და სტრატეგიული სამართალწარმოებისთვის.
28-29 ივლისს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა იმსჯელეს ჯანმრთელობის უფლების დაცვაზე და ამ მხრივ, საქართველოში არსებულ გამოწვევებზე.
„გაეროს განვითარების პროგრამაში მტკიცედ გვჯერა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია. დემოკრატიის ხარისხის შეფასებისას ყურადღება ექცევა, თუ როგორ იცავს საზოგადოება უმცირესობის, და არა მხოლოდ უმრავლესობის უფლებებს. ამის გათვალისწინებით, ევროკავშირთან და ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით, ვეხმარებით ჟურნალისტებს, იურისტებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და ლგბტქი+ თემების წარმომადგენლებს, რათა მათ უკეთ გაიაზრონ და უკეთ დაიცვან ადამიანის უფლებები საქართველოში“.ანნა ჩერნიშოვა, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში
„განათლება და ცოდნა მნიშვნელოვანი ინვესტიციაა სამართლიანი საზოგადოების მშენებლობის პროცესში, რომელიც დააფასებს და დაიცავს მის ყველა წევრს“.ვლადიმირ შკოლნიკოვი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში
ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამა „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ხელს უწყობს საქართველოში ადამიანის უფლებათა პატივისცემისა და დაცვის კულტურის განვითარებას. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქისა და სოციალური ჯგუფის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების, მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და გაეროს კონვენციების შესაბამისად.
საკონტაქტო ინფორმაცია
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- თეიკო კანდელაკი, UNDP, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org
- თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2364364, tamriko.mikadze@eeas.europa.eu