ზრუნვის ეკონომიკა

სტუდენტური ესეების კონკურსი

8 November 2023
UNDP-Georgia-unjp-Care-Economy-Essay-Contest-Winner-Lika-Ablotia

ლიკა აბლოთია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი . სტუდენტური ესეების კონკურსის გამარჯვებული

გაეცანით სხვა ბლოგებს ამავე თემაზე:
ძირითადი მიგნებები
  • საქართველოში ზრუნვის ეკონომიკის სტანდარტები არასათანადოდაა დამკვიდრებული. სახელმწიფო პოლიტიკა კი არაა მიმართული იასამნისფერი ეკონომიკის განვითარებაზე.
  • ანაზღაურებად შრომას/ზრუნვას არ აქვს სათანადო დაფასება და ანაზღაურება, ხოლო აუნაზღაურებელი შრომის მოცულობა ძალიან დიდია. ამასთან, არაფორმალური, თუმცა ანაზღაურებადი ზრუნვა არაა აღიარებული ოფიციალურად და ამ სფეროში დასაქმებულთა შრომითი უფლებები არაა დაცული.
  • ძალიან დაბალია ზრუნვის ეკონომიკის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობა და ამასთან, არანაირი ქმედითი ღონისძიებები არ ტარდება ამის გამოსასწორებლად. 
  • საქართველოში არსებობს სტერეოტიპული შეხედულებები გენდერულ როლებთან მიმართებაში, რაც ხელს უშლის ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, კარიერული განვითარების თანასწორი შესაძლებლობების ქონას.
    საქართველოში დაბალია პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში ქალთა ჩართულობა, რაც გამოწვეულია დაბალანაზღაურებადი ან არაანაზღაურებადი შრომის/ზრუნვის დიდი მოცულობით.
  • სოციალური ბენეფიტების სახეები და ოდენობა არის საკმაოდ მწირი და ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
  • საქართველოს კანონმდებლობა (შრომის კოდექსი) ხელს არ უწყობს მამაკაცს, რომ მეტად იყოს ჩართული ბავშვის მოვლაში და ამით მიღწეულ იქნეს გარკვეული გენდერული ბალანსი.
შესავალი 

ზრუნვა არის ეკონომიკურად ძალიან ღირებული, თუმცა დღევანდელ მსოფლიოში საკმაოდ დაუფასებელი შრომა. ზრუნვის ეკონომიკა (იასამნისფერი ეკონომიკა) კი სოციალური სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია, რომელიც გულისხმობს შრომას მოვლაზე დამოკიდებული ისეთი ჯგუფების ფიზიკური, სოციალური, გონებრივი და ემოციური კეთილდღეობისთვის, როგორებიცაა ბავშვები, მოხუცები, ავადმყოფები, შშმ პირები, მოზარდები და სხვა. იასამნისფერი ეკონომიკა საზოგადოების სრულფასოვან ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
ზრუნვის ეკონომიკა მოიცავს ანაზღაურებად (ფორმალურ და არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები) და არაანაზღაურებად შრომას, რომელთა მეშვეობით ხდება ზრუნვა სხვებზე. ზრუნვის ფორმები პირობითად შეიძლება ორად დაიყოს - შრომა სახლში და სახლის გარეთ. მაგალითად, ბავშვის მოვლაზე პასუხისმგებელი და ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, სკოლამდელი აღზრდის და სკოლის მასწავლებლები ზრუნვას ახორციელებენ ფორმალურ ბაზარზე ანაზღაურების საფუძველზე, საკუთარი ოჯახის და სახლის გარეთ, თუმცა ხშირად ასეთი შრომა დაუფასებელია, რადგან ანაზღაურება დაბალი და არასამართლიანია. გარდა ამისა, მაგალითად ძიძები ეწევიან ანაზღაურებად ზრუნვას, თუმცა არაფორმალურ ბაზარზე, მათი  შრომითი უფლბები კი ხშირად არაა აღიარებული, რეგულირებული და დაცული. აღსანიშნავია, რომ ზრუნვის უმეტესი ნაწილი ისევ არაანაზღაურებადია და ძირითადად სახლის საქმიანობას მოიცავს, როგორიცაა საჭმლის მომზადება, რეცხვა, დალაგება, დასუფთავება, ოჯახის წევრების მოვლა, ბავშვზე მზრუნველობა და ა.შ.

ყველა სახელმწიფოში არიან მოწყვლადი ფენები, რომლებიც საჭიროებენ ზრუნვას, დახმარებას და სუბიექტები, რომლებიც მათ ეხმარებიან, ეს ურთიერთობა ქმნის ზრუნვის ეკონომიკას. ზრუნვის ეკონომიკის განვითარებაზე პასუხისმგებელი სუბიექტები შეიძლება პირობითად ორ ნაწილად დავყოთ: 

  1. სახელმწიფო და კერძო სექტორი (საქველმოქმედო ორგანიზაციები)
  2. პირები, რომლებიც ზრუნავენ სხვებზე.

ზრუნვის ეკონომიკა პირდაპირ კავშირშია ფემინიზმთან და ქალთა უფლებებთან. ქალები გლობალური სამუშაო ძალის 46% წარმოადგენენ და ანაზღაურებადი ზრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის 2/3 ასრულებენ. ამასთან, ისინი ჯანდაცვის სფეროსა (89%) და ბავშვთა ზრუნვის სფეროში (94%) მომუშავეთაგან აბსოლუტურ უმრავლესობას  წარმოადგენენ. მართალია, მათი შრომა ანაზღაურებადია, თუმცა აშშ-ში ამ სფეროს მუშაკები საშუალო სტატისტიკური შემოსავლის მქონე დასაქმებული ამერიკელის ხელფასის ნახევარს იღებენ. 

აუნაზღაურებელი შრომით, საოჯახო საქმიანობით, ძირითადად ისევ ქალები არიან დაკავებული. მსოფლიოში, აუნაზღაურებელი შრომის 75%-ს სწორედ ქალბატონები ასრულებენ. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში სოფლად მცხოვრები ქალები დღეში 14 საათი არაანაზღაურებად ზრუნვით საქმიანობას ეწევიან. ამასთან, მთელ მსოფლიოში ქალების 42%-ს არ შეუძლია დასაქმება, რადგან ისინი პასუხისმგებელნი არიან ზრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე, რაც დიდ დისონანსს გვაძლევს მამაკაცებთან მიმართებაში, მხოლოდ 6% მაჩვენებლით.

ზრუნვის ეკონომიკაში ჩართული ქალები მსოფლიოში მნიშვნელოვანი ძალაა, რომლებიც ზრუნვას ახორციელებენ, თუმცა  ისინი ამაში არანაირ ანაზღაურებას არ იღებენ. არაანაზღაურებადი შრომის ვალდებულების დაკისრება მხოლოდ ქალბატონებისთვის ხელოვნურ ბარიერებს უქმნის მათ საკუთარი თავის რეალიზებაში, კარიერულ განვითარებაში და თუნდაც მამაკაცის თანასწორად დროის საკუთარი სიამოვნებისთვის, დასვენებისთვის დახარჯვაში. 
ზრუნვის ეკონომიკის განვითარება საჭიროა ჯანსაღი და დემოკრატიული გზებით, რისთვისაც სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ სოციალური თანასწორობა მასში მონაწილეთათვის.  სტატიის მიზნებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია გაანალიზებულ იქნეს საზღვარგარეთის ქვეყნების წარმატებული მაგალითები და შემდგომ შეფასდეს, რისი გადმოტანა შეიძლება იყოს რელევანტური საქართველოში. 

ანალიზი

ერთ-ერთი წამყვანი სოციალური სახელმწიფოა ფინეთი, სადაც ზრუნვის ეკონომიკა ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული და ცალკე სახელმწიფოებრივი პოლიტიკაცაა შემუშავებული. ფინეთში არსებობს დახმარება ოჯახისთვის, რომლითაც სკოლამდელი ასაკის ბავშვები იზრდებიან სახლში (არ დადიან ბაღში). 3-წლამდე ბავშვის სახლში აღზრდისთვის სახელმწიფო ოჯახს დახმარების სახით უხდის 338 ევროს, ხოლო 3-დან 6 წლამდე ბავშვისთვის ეს თანხა უფრო მცირეა. აღნიშნული დახმარების მიზანია, ოჯახს და უფრო მეტად ქალს მისცეს არჩევანის საშუალება.

ფინეთში ქალების სრული უმრავლესობა მუშაობს, შესაბამისად, თუ ის გადაწყვეტს მისი მცირეწლოვანი შვილი აღზარდოს სახლის პირობებში, ოჯახს უმცირდება შემოსავალი, მეორე მხრივ, თუ დედა გადაწყვეტს ბავშვი მიიყვანოს ბაღში და განაგრძოს მუშაობა, მას ერთმევა არჩევანის საშუალება გადაწყვიტოს, სურს თუ არა ბავშვის სახლის პირობებში აღზრდა. ამ დილემის თავიდან ასაცილებლად ფინეთმა შემოიღო სოციალური დახმარება იმ ოჯახისთვის, რომელიც სახლის პირობებში გადაწყვეტს მცირეწლოვანი ბავშვის აღზრდას.

ფინეთში მოქმედებს შვებულება ბავშვის მოვლის გამო (ანაზღაურებადი) მამისთვის. ასევე, ფინეთში მოქმედებს ე.წ. პაკეტი დედებისთვის, რომელიც მნიშვნელოვან სოციალურ ინოვაციას წარმოადგენს; მას არ აქვს მსოფლიოში ანალოგი დახმარების ფარგლებიდან და შემცველობიდან გამომდინარე. ეს არის ერთგვარი ნაკრები დედის და ახალშობილის ხარისხიანი და ლამაზი, პრაქტიკული ტანსაცმლით, ბავშვის მოვლის საშუალებებით, პატარასთვის ადაპტირებული წიგნებით და სხვა საჭირო ნივთებით მომარაგებისთვის.  

გარდა ბავშვებზე ზრუნვისა, ფინეთი ეხმარება მოსახლეობას ახლობელი ადამიანების (ოჯახი წევრი, ნათესავი) მოვლაშიც. ის მოიცავს მოვლის მომსახურებას, ჰონორარს და სხვა სერვისებს. ჰონორარის მინიმალური ოდენობა 393 ევროა თვეში, ხოლო თუ პირი იძულებული ხდება სამსახურს დროებით თავი დაანებოს, მაშინ 784 ევრო.

დაახლოებით მსგავსი სოციალური პროგრამები აქვთ სხვა სკანდინავიურ ქვეყნებსაც. მაგ.: შვედეთშიც არის 8 წლამდე ბავშვის მოვლისთვის შემწეობა, ეძლევა მშობელს, რომელიც წყვეტს მუშაობას, სწავლას ან სამუშაოს ძებნას ამ მიზეზით (მინიმალური დღიური ოდენობა 250 კრონა, მაქსიმალური - 952 კრონა); საბინაო შემწეობა (საცხოვრებელი ბინის ხარჯების გადასახდელად), დროებითი დახმარება, რომელიც ეძლევა დასაქმებულ მშობელს მისი ცუდად მყოფი 12 წლამდე შვილის მოვლის პერიოდში (16 ან 18 წლამდე თუ ბავშვი სერიოზულად ავადაა და მუდმივი ყურადღება სჭირდება) და სხვა. ორივე ქვეყანა გამოირჩევა გენდერული ბალანსით, სოციალური პაკეტების დიდი მოცულობითა და მრავალფეროვნებით.

სკანდინავიის ქვეყნების გარდა, ევროპის სხვა ქვეყნებშიც არსებობს საკმაოდ კარგად განვითარებული ზრუნვის ეკონომიკის მოდელები. მაგ.: საფრანგეთში ფეხმძიმობის და მშობიარობიდან გამომდინარე დახმარება გაიცემა არა მხოლოდ დასაქმებულ ქალბატონებზე, არამედ სამსახურის მაძიებელ ან დროებით უმუშევარზეც (ბოლო 12 თვის განმავლობაში). გარდა ამისა, დახმარების ოდენობა დედებისთვის საკმაოდ მაღალია, მაქსიმუმ დღეში დაახლოებით 86 ევრო. არსებობს მამების შემწეობაც, მათ შორის დროებით უმუშევრებისაც (ბოლო 12 თვის განმავლობაში).

საფრანგეთში არსებობს სოციალური უსაფრთხოების კოდექსი, რომლითაც გათვალისწინებულია მთელი რიგი შეღავათები ოჯახებისთვის (თუნდაც ოჯახის წევრები დაუსაქმებლები იყვნენ). ფულადი დახმარების სახით გასაცემი თანხა საშუალოდ 422 ევროა.  გარდა ამისა, არსებობს ე.წ. ფიქსირებული შემწეობა, რომელიც გაიცემა მინიმუმ 3-შვილიან ოჯახზე (რომელთა ასაკი 20 წელს ქვემოთაა და მათი შემოსავალი არ აღემატება 982, 42 ევროს).  ასევე, ბავშვის დაბადებისას ყველა ოჯახს ეძლევა ერთჯერადი დახმარება დაახლოებით 970 ევროს ოდენობით აუცილებელი ხარჯების დასაფარად. საინტერესოა, რომ ფინეთის მსგავსად საფრანგეთიც ეხმარება ოჯახს/მშობელს 6 წლამდე შვილზე ზრუნვაში. მთავრობა ეხმარება მშობელს, რომელიც მუშაობს, ძიძის ან საბავშვო ბაღის ხარჯების დაფარვაში; გასაცემი თანხის მაქსიმალური ოდენობა არის დაახლოებით 481 ევრო (0-3 წლის ბავშვისთვის) და 240 ევრო (3-6 წლის).

გერმანიაშიც არსებობს არაერთი სოციალური პაკეტი. მაგალითად, მშობლის შემწეობა, რაც გულისხმობს მშობიარობამდე 12 თვის განმავლობაში ორივე მშობლის ერთობლივი ანაზღაურების მინიმუმ 67%-ის ანაზღაურებას თვეში დაახლოებით 1800 ევროს ფარგლებში, თუ მშობლები არ არიან დასაქმებული, მაშინ დადგენილია 300 ევროიანი ლიმიტი.  

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოდელის განხილვა შეიძლება ჩეხეთის მაგალითზე. ჩეხეთი ერთჯერად ფულად დახმარებას აძლევს ყველა ოჯახს ბავშვის დაბადებისას პირველადი აუცილებელი ხარჯების დასაფარად, რომლის ოდენობა დაახლოებით 530 ევროა.  გარდა ამისა, ჩეხეთში არსებობს მშობლების ფინანსური დახმარების მოქნილი სისტემა ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით. მშობელს შეუძლია აიღოს შვებულება ბავშვის მოვლის გამო, სანამ ის არ მიაღწევს 3 წლის ასაკს. არსებობს 1, 2, 3 და 4 წლიანი პაკეტები. მეტიც, მშობელს შეუძლია ჰქონდეს ანაზღაურებადი სამსახური და მაინც შეინარჩუნოს დახმარება ბავშვის მოვლის გამო. ჩეხეთში მამაკაცების ოდენობა, რომლებიც ბავშვის მოვლის გამო იღებენ შვებულებას, ისევ შედარებით დაბალია, თუმცა ჩეხეთში პერიოდულად ტარდება კამპანიები, როგორიცაა მაგალითად დოკუმენტური ფილმების ტელევიზიით გაშვება მამების შესახებ, რომლებმაც ბავშვის მოვლის გამო შვებულება აიღეს. ამან დიდი ინტერესი გამოიწვია და მოსახლეობის ცნობიერება აამაღლა ამ მიმართულებით. ამ ტიპის საინფორმაციო კამპანიებმა გენდერული თანასწორობის კუთხით ნამდვილად დადებითი შედეგები გამოიღო.

საინტერესოა, რომ ჩეხეთში არსებობს სპეციალური მზრუნველობის შემწეობა, რომელსაც იღებს პირი, თუ მას სახლში ჰყავს ავადმყოფი ოჯახის წევრი ან 10 წლამდე ბავშვი, რომლის ბაღი ან სკოლა დახურულია მაგალითად კარანტინის გამო და მას სჭირდება მეთვალყურეობა. გარდა ამისა, არსებობს ე.წ. გრძელვადიანი მზრუნველობის შემწეობა, ის ეძლევა იმ შემთხვევაში, თუ მას დროებით არ შეუძლია იმუშაოს, რადგან ის ზრუნავს ოჯახის წევრზე ან ნათესავზე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად გაუარესდა და ის საჭიროებს 7 დღით ჰოსპიტალიზაციას ან/და მინიმუმ 30 დღე სახლში მოვლას. გარდა ამისა, ჩეხეთში არსებობს გარანტირებული მინიმალური შემოსავლის ცნება, რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფო ეხმარება მატერიალურად იმ ოჯახებს, რომელთა შემოსავალი საარსებო მინიმუმს ქვემოთაა და უხდის სხვაობას საარსებო მინიმუმსა და ოჯახის შემოსავალს შორის.  

რაც შეეხება ბალტიისპირეთის ქვეყნებს - ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში ძალიან მსგავსი მიდგომები არსებობს სოციალური პროგრამების და ზრუნვის ეკონომიკის განვითარებით კუთხით. სამივე ქვეყნაში არსებობს ოჯახის დახმარების პროგრამები ბავშვის დაბადებასთან და მოვლასთან დაკავშირებით.

ლიეტუვაში გაიცემა ბენეფიტი ბავშვის ყოლისთვის საბაზო დახმარების 75% ოდენობით, თუ ბავშვი 2 წლამდე ასაკისაა და 40% ოდენობით 2-18 წლის (21 წლამდე, თუ ახალგაზრდა სტუდენტია) ასაკისთვის;

ლატვიაში მსგავსი ტიპის ბენეფიტს გასცემენ ოჯახისთვის, რომელსაც ჰყავს 1-15 წლამდე ბავშვი (20 წლამდე, თუ სტუდენტია).  ასევე, ლატვიაში არსებობს ბავშვის აღზრდის/მოვლის გამო დახმარება მშობლისთვის, რომელსაც ჰყავს 2 წლამდე შვილი, თვეში 171 ევროს მოცულობით. ერთჯერადი დახმარება ბავშვის დაბადების ან შვილების გამო დაახლოებით 421 ევროს ოდენობითაა.

რაც შეეხება ესტონეთს, აქაც გაიცემა ბავშვის შემწეობა, რომელიც გაიცემა 16 წლამდე ასაკის შვილის ყოლისთვის (19 წლამდე, თუკი ის სტუდენტია) თვეში 55 ევროს ოდენობით პირველ ორ ბავშვზე, მესამეზე და შემდგომზე თვეში 100 ევრო. ამასთან, არსებობს შემწეობა ბავშვის მოვლის გამო, რომელიც ეძლევა მშობელს 3 წლამდე ასაკის შვილის მოვლისთვის, რომელიც დაახლოებით 76, 7 ევროს შეადგენს. 
ძალიან საინტერესოა უკრაინა, პოსტ-საბჭოთა ქვეყანა, რომელიც ბევრი ასპექტით ჰგავს საქართველოს. იქ არსებობს დახმარება მშობლისთვის ბავშვის დაბადებისას, თუმცა საინტერესოა, რომ მას არ აქვს ერთჯერადი სახე. დახმარების ოდენობა (2018წ.) არის 41 280 გრივნა, საიდანაც 10 320 მშობლებს ეძლევათ ბავშვის დაბადებისთანავე პირველადი საჭიროებებისთვის, ხოლო დარჩენილი თანხა ყოველთვიური გასაცემის სახით ეძლევა ოჯახს, სანამ ბავშვი არ მიაღწევს 3 წლის ასაკს.

ზრუნვის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა მაღალ დონეზე ხდება მაგალითად კანადაშიც. აქ არსებობს შემწეობა ბავშვისთვის, რომლიც ეძლევა ბავშვის მეურვეს, ვიდრე ის არ მიაღწევს 18 წლის ასაკს. ბენეფიტის მისაღებად ბავშვის მეურვემ უნდა წარადგინოს წლიური შემოსავლის დეკლარაცია. შემწეობა გადაეცემა ოჯახს, რომლის შემოსავალი არ აჭარბებს 31 120 კანადურ დოლარს წელიწადში, თუ შემოსავალი უფრო მაღალია, მაშინ დახმარება მცირდება. საბაზო თანხის ოდენობა 6 წლამდე ბავშვისთვის არის დაახლოებით 6 639 კანადური დოლარი წელიწადში, ეს დაახლოებით 553, 25 კანადური დოლარია თვეში; 6-18 წლამდე დახმარების ოდენობა არის წელიწადში 5 602 კანადური დოლარი ანუ თვეში დაახლოებით 466, 83 კანადური დოლარს.

რაც შეეხება საქართველოში ზრუნვის ეკონომიკის განვითარების დონეს, აშკარაა, რომ ის არაა მაღალი. სოციალური ბენეფიტების სახეები და ოდენობა საკმაოდ მცირეა (არსებული ფულადი ბენეფიტები-დაბალანაზღაურებადია) და ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველოში სახელმწიფო პოლიტიკა არაა მიმართული ზრუნვის ეკონომიკის განვითარებაზე. მართალია, არსებობს სტანდარტული სოციალური ბენეფიტები: დეკრეტის უფლება, სოციალური დახმარების გაცემა, შშმ პირების და ასაკობრივი პენსიის გაცემა, დახმარება მიზნობრივი ჯგუფებისთვის - შეღავათები მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებლებს, დევნილებს, შშმ ბავშვებს, მრავალშვილიან მშობლებს (მხოლოდ გარკვეულ რეგიონებში), თუმცა ევროპული ქვეყნების მსგავსი სოციალური ბენეფიტები, როგორიცაა ბავშვის მოვლის გამო მშობლის დახმარება, ბავშვის დაბადებისას ერთჯერადი ან მრავალჯერადი დახმარება (ერთიანი მიდგომა) საქართველოში საერთოდ არ არსებობს.

გარდა ამისა, შრომის ბაზარი არაა ისე რეგულირებული, რომ უზრუნველყოს გენდერული ბალანსი, თანაბარი ანაზღაურება და კარიერული განვითარება. ამას ადასტურებს საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემებიც, რომლის მიხედვით, 2022 წელს I რანგის მოხელეთაგან 676 მამაკაცია და 344 ქალი (2-ჯერ ნაკლები), IV რანგის მოხელეთაგან კი 20 397 მამაკაცია და  მხოლოდ 4386 ქალი (თითქმის 5-ჯერ ნაკლები). ამასთან, საქართველოში ქალისთვის დეკრეტული შვებულების საჭიროების მოლოდინის გამო კერძო კომპანიები ხშირად უარს ამბობენ ქალის მაღალ პოზიციაზე დასაქმებაზე. ქალები ნაკლებად არიან ჩართული მმართველობით საქმიანობაშიც, როგორიცაა პოლიტიკა, საჯარო სამსახური, ბიზნესი და სხვა, მაგალითად 2014 წელს საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 50%-ს მიაჩნდა, რომ კაცები უკეთესი მმართველები არიან, ვიდრე ქალები.

ქალები, როგორც წესი, უფრო ჩართულები არიან ე.წ. „ქალურ“ პროფესიებში, რაც უმეტესწილად კავშირშია ზრუნვით საქმიანობასთან.  საქართველოში  ზრუნვის ეკონომიკის ასპექტებიდან არც ერთი არაა სათანადო დონეზე განვითარებული.

ანაზღაურებადი ზრუნვა საკმაოდ დაუფასებელია. ზრუნვის სფეროში მომუშავეთაგან უმეტესობა ქალია - ექთნები, მასწავლებლები, ჯანდაცვის მუშაკები (ამ სფეროში მომუშავეთაგან 62% ქალია ), რომელთა ხელფასი მინიმალურია, ხოლო პირობები (დაზღვევა და სხვა დამატებითი სარგებელი) არ არის კარგი. მაგალითად ექთნები, რომლებიც ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზე არიან და პასუხისმგებლები არიან პაციენტის მოვლაზე, იღებენ მიზერულ ხელფასს (დაახლოებით 300 ლარის ოდენობით), ხოლო სამუშაო პირობები ხშირად არადამაკმაყოფილებელი და რიგ შემთხვევები ცუდიცაა. კოვიდ-19 პანდემიამ უფრო მწვავედ დაგვანახა აღნიშნული პრობლემა,  ნათლად გამოჩნდა ექთნების ზრუნვის საჭიროება, თუმცა სამუშაო პირობები რიგ შემთხვევებში გაუარესდა - სამუშაო საათები გაიზარდა, ისინი არ იყვნენ სათანადოდ დაცულნი ვირუსისგან და სხვა. გარდა ამისა, საერთოდ არ არის აღიარებული და დაცული არაფორმალურ ბაზარზე (ანაზღაურებადი ზრუნვა) ისეთ დასაქმებულთა შრომითი უფლებები, როგორებიც არიან ძიძები, ოჯახის დამხმარეები, დამლაგებლები და ა.შ. კოვიდ-პანდემიის დროს ნათელი გახდა არაფორმალური, თუმცა ანაზღაურებადი შრომის რეგულირების საჭიროება.

საქართველოში ძალიან დიდია აუნაზღაურებელი შრომის წილი, რომელსაც ძირითადად ქალები ახორციელებენ. ერთი მხრივ, სახელმწიფო სოციალური პროგრამების სიმცირის გამო ვერ უზრუნველყოფს ზრუნვის ეკონომიკის განვითარებას, საქართველოში არ არსებობს ისეთი ბენეფიტები, როგორიცაა -ერთჯერადი ფულადი დახმარება ყველა დედისთვის ბავშვის გაჩენისას (ყველგან და ერთიანად ეს ბენეფიტი არ მოქმედებს); შემწეობის გაცემა დროებით უმუშევარი დედისთვის (დეკრეტული შვებულების დროს მხოლოდ დასაქმებული ქალბატონი იღებს ბენეფიტს); ბავშვის მოვლის გამო რაიმე შემწეობა; ოჯახის რომელიმე წევრის/ნათესავის მოვლის გამო ბენეფიტები და სხვა. მეორე მხრივ, პრობლემურია საზოგადოების დამოკიდებულება და მენტალიტეტიც აუნაზღაურებელი ზრუნვის მიმართ.

საქართველოში მყარადაა ფესვგადგმული დოგმა, რომ ოჯახის საქმეები უნდა გააკეთოს ქალმა, თუნდაც ის მუშაობდეს; ასევე, მიღებულია, რომ ბავშვზე მზრუნველობა უმეტესად დედის პრეროგატივაა და მამა აღმზრდელობით პროცესში შედარებით ნაკლებ მონაწილეობას იღებს; ქალებს ხანდახან უწევთ ოჯახის სხვა წევრებზე ზრუნვაც ავადმყოფობის დროს. საქსტატის მონაცემებით, ქართველი ქალების მხოლოდ 40 %-ია ფორმალურად დასაქმებული, დანარჩენი (60%) კი - შრომის ბაზრისთვის დაკარგული რესურსია.

შედეგად, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის 11%-ზე მეტს კარგავს;  UN Woman-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულ უმუშევარ ქალთაგან 49% დაუსაქმებლობის მიზეზად უმეტესად ოჯახის მოვლა, სამსახურში დაბალი ანაზღაურება ან ორივე ერთად დაასახელა.   ამასთან, გამოკითხული დიასახლისი ქალბატონები დროის 74% ოჯახის და პირადი საქმეების შესრულებას/ზრუნვას უთმობენ, ეს კი კვირაში დაახლოებით 45 საათია (3-ჯერ მეტი დრო, ვიდრე კაცების შემთხვევაში) და სრულ განაკვეთზე მუშაობას უტოლდება.
სტატიაში საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკის კვლევის მეშვეობით, აგრეთვე ცალკეული ქვეყნების წარმატებული მაგალითების საქართველოსთან შედარებით-სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე გამოვლენილია ის პრობლემები, რომლებიც არსებობს ზრუნვის ეკონომიკასთან დაკავშირებით. კვლევის შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ საქართველოში საჭიროა რიგი ქმედითი ღონისძიებების გატარება ზრუნვის ეკონომიკის განსავითარებლად.

რეკომენდაციები
  • საქართველოში აუცილებელია ზრუნვის ეკონომიკის განვითარება.  როგორც ანაზღაურებადი, ისე არაანაზღაურებადი ზრუნვის სფეროში საჭიროა რელევანტური ღონისძიებების გატარება, მათ შორის, სახელმწიფომ მეტი სოციალური ბენეფიტები და პაკეტები უნდა შესთავაზოს მოსახლეობას, მხარი დაუჭიროს ოჯახის გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკას.
  • საქართველოში მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ანაზღაურებადი ზრუნვის სერვისებს. ამ სფეროში დასაქმებულებს, რომელთაგან უმრავლესობა ქალია, აუცილებლად უნდა მიეცეთ გაწეული შრომის პროპორციული და ღირსეული ანაზღაურება. მაგალითად, თუ საქართველოში ექთნის საშუალო ხელფასი 300 ლარია, ეს თანხა მინიმუმ უნდა გაორმაგდეს დასაწყისისთვის. გარდა ამისა, უნდა გაუმჯობესდეს სამუშაო პირობები - დაზღვევა, შვებულება, სამუშაო საათების რეგულირება. 
  • აუცილებელია არაფორმალური ანაზღაურებადი საქმიანობების აღიარება, შრომის კოდექსში შესაბამისი რეგულირების გაწერა და ამ სფეროში დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვა.
  • სახელმწიფოს მიერ გაღებული ბენეფიტების გარდა, აუცილებელია საზოგადოებაში დამკვიდრებული გენდერული როლების შესახებ სტერეოტიპული აზროვნების ნაბიჯ-ნაბიჯ შეცვლა. ამის მიღწევა შეიძლება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებით; ქალების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში მეტად ჩართვით; მათი მეტად დასაქმებით მაღალანაზღაურებად და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე და ა.შ.
  • ოჯახის მხარდაჭერის გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის განვითარებითვის, აუცილებელია ინფორმაციული კამპანიების ჩატარება და ზოგადად  მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. მაგალითად, ჩეხეთის ანალოგიით დოკუმენტური ფილმების  ტელევიზიით გაშვება მამების შესახებ, რომლებმაც ბავშვის მოვლის გამო შვებულება აიღეს. ასევე, შეიძლება ტრენინგების და კამპანიების ჩატარებაც. 
  • საქართველოს შრომის კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილება და ფინეთის მსგავსად უნდა გაიზარდოს მამაკაცებისთვის ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების დღეების ოდენობა მინიმუმ 150 დღემდე. ეს მისცემს ქალს საშუალებას, რომ მამაკაცის თანასწორად ჰქონდეს დასაქმების და მუშაობის შესაძლებლობა.
    მიზანშეწონილია საქართველომ გადმოიღოს ფინეთის ძალიან ეფექტიანი და ხელშესახები პრაქტიკა - ე.წ. პაკეტი დედებისთვის, რაც გულისხმობს მშობიარობის შემდეგ ქალებისთვის ერთჯერადი ნაკრების გადაცემას ბავშვისთვის და დედისთვის პირველადი საჭიროების ნივთებით.
  • საქართველოში აუცილებელია სახელმწიფო ფინანსურად დაეხმაროს არა მხოლოდ დასაქმებულ დედებს, არამედ მათაც, ვინც სამსახურის ძიებაშია ან დროებით უმუშევარია (ფრანგული მიდგომა). ანაზღაურება უნდა მოხდეს იმ დათქმით, რომ ქალბატონი უმუშევარი ან სამსახურის მაძიებელი არის მხოლოდ ბოლო, მაგალითად 12 თვის განმავლობაში.
  • საქართველოში შემოღებულ უნდა იქნეს მშობიარობის შემდგომ მშობელზე ერთჯერადი დახმარების გაცემა, ისე როგორც ეს პოლონეთში, ჩეხეთში და არაერთ სხვა ევროპულ ქვეყანაშია. ერთჯერადი დახმარება უნდა მიეცეს ნებისმიერ დედას მიუხედავად იმისა, ის დასაქმებულია, თუ არა. შეიძლება გადმოვიღოთ უკრაინული პრაქტიკაც, როდესაც თანხა ნაწილ-ნაწილ გადაეცემათ მშობლებს და არა ერთიანად.
  • სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გარანტირებული მინიმალური შემოსავალი ოჯახებისთვის, რაც გულისხმობს საარსებო მინიმუმსა და ოჯახის შემოსავალს შორის სხვაობის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებას და სხვა.
  • გრძელვადიან პერსპექტივაში ნაბიჯ-ნაბიჯ შეიძლება ისეთი სოციალური პაკეტების/დახმარებების გაცემაც, როგორებიც არსებობს სტატიაში განხილულ ქვეყნებში, მაგალითად, შემწეობა მშობლებისთვის/ოჯახისთვის, რომელიც ითვალისწინებს შვილის აღზრდის გამო (ბავშვის მიერ კონკრეტული ასაკის მიღწევამდე) ყოველთვიურად თანხის გადახდას; პირისთვის (ძირითადად ქალისთვის) ანაზღაურების მიცემა, რომელიც უვლის მის ავადმყოფ ოჯახის წევრს/ნათესავს და სხვა.
გამოყენებული ლიტერატურა:
  1. გაეროს ქალთა ორგანიზაცია, „COVID-19-ის გავლენის შეფასება სამედიცინო სფეროში მომუშავე ქალებზე საქართველოში“, 2020.
  2.  "ზრუნვის ეკონომიკა და ფემინიზმი", გრძელიშვილი მ., 2020, https://publika.ge/article/zrunvis-ekonomika-da-feminizmi/ 
  3. „კორონავირუსის პანდემია და ექთნების შრომის ღირებულება“, ს.ჯაფარიძე, რ.კარანაძე, ა.გასვიანი, , 2021.“Coronavirus Pandemic and Remuneration of Nurses”, A. Japaridze., R. Karanadze, A. Gasviani, 2021. 
  4. საქართველოს საჯარო სამსახურის სტატისტიკა 2022
  5. “Low Economic Participation of Georgian Women and Engagement in Informal Employment Sector”, UN Women, 2018
  6. Banerjee, A., Gould, E., Sawo, M. Setting higher wages for child care and home health care workers is long overdue. Economic Policy Institute
  7. Dr. Taipale Ilkka, 100 Social Innovations from Finland
  8. International Labour Organization, Maternity Protection in the context of work-life reconciliation for men and women, Comparative analysis of three European countries’ maternity protection system, 2011
  9. Labour Code (Code du travail) 
  10. Not all gaps are created equal: the true value of the care work, OXFAM International, https://www.oxfam.org/en/not-all-gaps-are-created-equal-true-value-care-work
  11. Promoting women’s economic empowerment: Recognizing and investing in the care economy, UN Women, May 2018
  12. Social Security Programs Throughout the World: The Americas, 2019, Canada
  13. Social Security Programs Throughout the World: Europe, 2018, Czechia
  14. Social Security Programs Throughout the World: Europe, 2018, Estonia
  15. Social Security Programs Throughout the World: Europe, 2018, France
  16. Social Security Programs Throughout the World: Europe, 2018, Germany
  17. Social Security Programs Throughout the World: Europe, 2018, Latvia
  18. Social Security Programs Throughout the World: Europe, 2018, Lithuania
  19. Social Security Programs Throughout the World: Europe, 2018, Sweden
  20. Social Security Programs Throughout the World: Europe, 2018, Ukraine
  21. The French Social Security System, IV Family benefits
  22. The Global Care Economy, Global Health & Gender Policy Brief, No 1, April 2022
  23. What is the care economy?, The Care Economy Knowledge Hub, https://www.the-care-economy-knowledge-hub.org/

 

სტუდენტური ესეების კონკურსი ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.