სამი მრავალბინიანი ეზო საბურთალოზე მწვანე სივრცედ გადაიქცევა
თბილისის ეზოების გამწვანება
22 June 2018
თბილისის მაცხოვრებლები თავად იწყებენ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების გამწვანებას და ამ მიზნით ადგილობრივ ხელისუფლებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ.
ამ ერთობლივი საქმიანობის შედეგად, საბურთალოს რაიონში პეკინისა და შარტავას ქუჩებზე უკვე გამწვანდა სამი მრავალბინიანი სახლის ეზოები, რომელთა ფართობი 2000 კვ.მეტრზე მეტია. სამეზობლოში მცხოვრებმა ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს ლანდშაფტური დიზაინის ტრენინგში. გარდა ამისა, ჩატარდა მცირე სოციოლოგიური კვლევა, რომელმაც გარემოსდაცვით პროექტებში მოსახლეობის ჩართვის მექანიზმები გამოავლინა, და დაიგეგმა სამომავლო ინიციატივები მჭიდროდ დასახლებული ურბანული გარემოს გამწვანების მიზნით.
პროექტი „ახალი თბილისური ეზო“ განახორციელა კავშირმა „ბავშვი და გარემო“ საბურთალის რაიონის გამგეობასთან თანამშრომლობით. პროექტის მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა (GEF SGP).
2018 წლის 22 ივნისს, გამწვანებული ეზოები დაათვალიერეს ნათია ნაცვლიშვილმა, UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში, გაიოზ ვასაძემ, საბურთალოს რაიონის გამგებელმა, და ნანა იაშვილმა, კავშირის "ბავშვი და გარემო" პრეზიდენტმა. სტუმრები შეხვდნენ ეზოების მიმდებარე სახლების მაცხოვრებლებს და თბილისის გამწვანებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.
პროექტი „ახალი თბილისური ეზო“ შედის გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) მიერ დაფინანსებული ადგილობრივი ინიციატივის ნუსხაში, რომლებიც გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და გარემოსდაცვით საქმიანობაში მოქალაქეებისა და სათემოების ჩართვას ემსახურება.
საქართველოში GEF მცირე გრანტების პროგრამა 2012 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში 50-ზე მეტი წარმატებული პროექტი განხორციელდა, ხოლო მთლიანმა ბიუჯეტმა 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. წარმატებულ პროექტებს შორისაა კოლხური ხოხბის აღდგენა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებში; ქიმიური ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა ხარაგაულში; დეგრადირებული ნიადაგის აღდგენა თუშეთში, ჭიათურასა და ყაზბეგში, მდინარეების ალაზანისა და ილტოს მიმდებარე სოფლების დაცვა წყალდიდობებისგან, და ბევრი სხვა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org