კატასტროფათა რისკის შემცირების საერთაშორისო დღე: კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობა ადგილობრივ დონეზე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, შვეიცარიის მთავრობისა და UNDP-ის დახმარებით, საქართველოს 11 მუნიციპალიტეტი კატასტროფათა მართვისთვის მზაობას შეამოწმებს

13 October 2022
Photo: UNDP Georgia/Gela Bedianashvili
ფოტოს ავტორი: UNDP/გელა ბედიანაშვილი

საქართველოს თერთმეტ მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციების მართვის სიმულაციური სამაგიდო ვარჯიშები ჩატარდება. სიმულაციების მიზანია მუნიციპალიტეტების საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების შემოწმება, სუსტი მხარეების გამოვლენა და შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

სიმულაციური სამაგიდო ვარჯიშები ჩატარდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან თანამშრომლობით და გაეროს განვითარების პროგრამისა/UNDP და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს/SDC მხარდაჭერით.

თელავის მუნიციპალიტეტმა უკვე დაასრულა სიმულაციური ვარჯიშის სამდღიანი ციკლი. დასკვნითი სამაგიდო ვარჯიში 13 ოქტომბერს, კატასტროფათა რისკის შემცირების საერთაშორისო დღეს, გაიმართა.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ექსპერტებმა ერთად განიხილეს, თუ როგორ უნდა ამოქმედდეს საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა წყალდიდობის შემთხვევაში და რამდენად მზადაა მუნიციპალიტეტი იმ ღონისძიებების გასატარებლად, რომლებიც მინიმუმადე დაიყვანს ან სრულად აიცილებს კატასტროფის მიერ მიყენებულ ზარალს.

სწავლებაში ასევე ჩართულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის  სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის  თელავის რაიონული სამმართველოს წარმომადგენლები.

სწავლების ფარგლებში შეიქმნა ორი სიმულაციური შტაბი - თელავის მერიის შენობაში და კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე. სავარჯიშოს სცენარის მიხედვით, მონაწილეებმა რეაგირება მოახდინეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  „კატასტროფული წყალმოვარდნის ინციდენტზე“. წვრთნები მოიცავდა მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმის შემოწმებას, ნაკლოვანებათა გამოვლენას, გაანალიზებას და მათი აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას.

2023 წლის ბოლომდე, მსგავსი წვრთნები აბაშის, ახმეტის, გორის, თბილისის, ლაგოდეხის, სამტრედიის, სენაკის, სიღნაღის, ქობულეთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში გაიმართება.

„საქართველოს მთავრობა გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს მრავლობითი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების ეროვნული სისტემის შესაქმნელად. ჩვენი მიზანია, კატასტროფათა რისკის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე. საგანგებო სიტუაციების მართვის მუნიციპალური გეგმები უმნიშვნელოვანესი ხელსაწყოა, რომელიც აუცილებელია სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის.“
თემურ მელქაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი
„კატასტროფაზე რეაგირება მუნიციპალურ დონეზე იწყება. საგანგებო სიტუაციების დროს, სწორედ მუნიციპალიტეტი ფლობს ინფორმაციას ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და შესაძლო გამოწვევებზე. ამ მხრივ, საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც შესაძლო კატასტროფებისთვის მომზადებაში გვეხმარება და ხელს უწყობს ზიანისა და დანაკარგების შემცირებას.“
ლევან ანდრიაშვილი, თელავის მერი
„კატასტროფებისადმი მზადყოფნა დიდ როლს ასრულებს ადგილობრივი თემებისა და მოსახლეობის კლიმატური საფრთხეებისადმი მედეგობის გაზრდაში. საგრძნობლად მცირდება მოსალოდნელი კლიმატური კატასტროფით გამოწვეული ზარალი, შესაძლებელია ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა და ინფრასტრუქტურისა და საარსებო გარემოს დაცვა. ადგილობრივი ხელისუფლების მზადყოფნა და მოსალოდნელ კატასტროფაზე დროული რეაგირება ამცირებს არსებული საფრთხეებს და ხელს უშლის ახალი რისკების წარმოქმნას. გაეროს განვითარების პროგრამა აქტიურად თანამშრომლობს ჩვენს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან, რათა ხელი შეუწყოს საგანგებო სიტუაციების მართვის მუნიციპალური გეგმების მომზადებას, ტესტირებასა და გაუმჯობესებას.“
ნინო ანთაძე, UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი

საქართველოში საკმაოდ მაღალია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკი, რაც ნაწილობრივ განპირობებულია ქვეყნის მთიანი რელიეფითა და მდინარეების დიდი რაოდენობით (20,060 მდინარე მთელი ქვეყნის მასშტაბით). მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტი ცხოვრობს რეგიონებში, სადაც ზვავის, გვალვის, წყალდიდობის, სეტყვის, მეწყერის, ღვარცოფისა და ქარიშხლის საფრთხე წლიდან წლამდე იზრდება.

თუმცა ყველა ამ კატასტროფის მართვა შესაძლებელია ადგილობრივ დონეზე იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტები ამისთვის შესაბამისად მომზადებულები იქნებიან.

გაეროს განვითარების პროგრამა, კლიმატის მწვანე ფონდი/GCF და შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობები მხარს უჭერენ საქართველოში კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადობის ახალი ხედვის შემუშავებას და ადაპტაციისა და ადრეული გაფრთხილების თანამედროვე მექანიზმების დანერგვას როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე. ეს კოორდინირებული დახმარება მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში და ხელს უწყობს კლიმატური პოლიტიკისა და პრაქტიკის ძირეულ გარდაქმნას, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება.

 

საკონტაქტო ინფორმაცია