ცხვარი, წყალი და ბალახი

ევროკავშირის პროგრამა Clima East ხელს უწყობს ვაშლოვანის საძოვრების აღდგენასა და მართვას

13 May 2018
პროექტს "Clima East: საძოვრების მდგრადი მართვა" აფინანსებს ევროკავშირი და ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით

თუშ მეცხვარეებს გაუჭირდებათ იმის ახსნა, თუ რა იწვევს კლიმატის ცვლილებას. სამაგიეროდ, მათ შეუძლიათ დაგანახონ, რა ხდება კლიმატის ცვლილების დროს, რადგან მის შედეგებს ყოველდღიურად გრძნობენ. 

„ამინდი შეიცვალა. უფრო მშრალი და ქარიანია. გვალვა და სიცხე აპრილში იწყება. აქ ყველაზე მეტად წყალი გვიჭირს“, - ამბობს მეცხვარე, ავთო ქავთარაშვილი. 

აქცენტები

  • 500-მდე მეცხვარე იყენებს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ზამთრის საძოვრებად.
  • საძოვრების 20% სავალალო მდგომარეობაშია. კლიმატის ცვლილებას ემატება საძოვრების არასწორი გამოყენება, რაც კიდევ უფრო აჩქარებს ნიადაგის გამოფიტვას.

ავთო და ხუთასამდე სხვა მეცხვარე ყოველწლიურად მიერეკება ცხვარს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, რომელთაც ისინი ზამთრის საძოვრებად იყენებენ. ცხვარი მათი შემოსავლის მთავარი წყაროა. სწორედ მეცხვარეობაზეა დამოკიდებული მათი ოჯახების აწმყოც და მომავალიც. 

თუმცა ბოლო დროს წყალი და ბალახი აქ სულ უფრო მეტად ჭირს. ყოველწლიურად ნაკლები წვიმა მოდის. გაუდაბნოების პროცესი ჩქარდება. ვაშლოვანის საძოვრები ნელ-ნელა კარგავენ ნოყიერ ნიადაგსა და უნიკალურ მცენარეულ საფარს.

„ჩვენი არსებობა ცხვარზეა დამოკიდებული. თუ ბალახი არაა, ცხვარიც არ იქნება. თუ წყალი არ იქნა, ცხვარიც გაწყდება“, - ამბობს ოთარ ფარეულიძე, ცხვრის ფარის მეპატრონე.  

ვაშლოვანი უნიკალური დაცული ტერიტორიებია, რომლის მსგავსი ბუნებრივი ძეგლებისა და ბიომრავალფეროვნების სიმდიდრით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში არ მოიძებნება. ცხვრის სეზონური ბალახობა ვაშლოვანის ბუნებრივი ციკლის განუყოფელი ნაწილია. 

„ცხვარი ეკოლოგიური წონასწორობის მნიშვნელოვანი შემადგენელია. ეს უნიკალური ეკოსისტემა სწორედ ადამიანისა და ველური ბუნება თანაარსებობით იქმნება“, - ამბობს ვაჟა ჩერქეზიშვილი, რომელიც უკვე 25 წელია მუშაობს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში. 

ბატონი ვაჟა აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ჰავა შესამჩნევად შეიცვალა ბოლო წლებში. გვალვა უფრო ხანგრძლივი გახდა, ხოლო წვიმებმა იკლო.

„მცენარეების გარკვეული სახეობები აქ აღარ ხარობს. გაუდაბნოება ნიადაგის დეგრადირებას იწვევს. ეს უარყოფითად აისახება, როგორც ცხვარზე, ასევე ადგილობრივ მოსახლეობაზე.“     

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კვლევების მიხედვით, საძოვრების 20 პროცენტი სავალალო მდგომარეობაშია. კლიმატის ცვლილებას ემატება საძოვრების არასწორი გამოყენება, რაც კიდევ უფრო აჩქარებს ნიადაგის გამოფიტვას. გარემოსდამცველები შიშობენ, რომ კლიმატის ცვლილებამ და ადამიანის ზემოქმედებამ შეიძლება საბოლოოდ გაანადგუროს ვაშლოვანის პარკის უნიკალური ბიომრავალფეროვნება. ვითარებას ისიც ართულებს, რომ საქართველოში კვლავაც არ არსებობს საძოვრების მართვისა და მოვლის ერთიანი სისტემა.   

თუში მეცხვარე. ფოტოს ავტორი: ანტონიო დი ვიკო/UNDP

„საძოვრების მდგრადი გამოყენება და ვაშლოვანის ეკოსისტემის შენარჩუნება შესაძლებელია თანამედროვე მეთოდების დანერგვით“, - ამბობს UNDP-ის თანამშრომელი, თორნიკე ფულარიანი. 

აქცენტები

  • 4,000 ჰა დეგრადირებული ნიადაგი და 300-მდე ჰა ცხვრის გადასარეკი ტრასა 2017 წლისათვის განახლდება.
  • გადასარეკ ტრასაზე აშენდება ახალი დასაწყურებლები, რომლებიც 30 მეტრის სიგრძისაა და 3.5 ტონა წყალს იტევს.
  • განახლდება გადასარეკ ტრასაზე განლაგებული ინფრასტრუქტურა. აშენდება მეტეოროლოგიური სადგური.

„აქ შედის როგორც ადგილმონაცვლეობითი/როტაციური ძოვება, ასევე ამინდის მონიტორინგი, დეგრადირებული ნიადაგის აღდგენა, არსებული ინფრასტრუქტურის  გაუმჯობესება,  წყლის მიწოდების უზრუნველყოფა, ცხვრის მიგრაციის მოწესრიგება და გადასარეკი ტრასის რეაბილიტაცია”.  

დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. საქართველოს აქტიურად ეხმარებიან ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა. მათი ერთობლივი პროექტი იმ უფრო ფართო ინიციატივის ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს საძოვრების მდგრად მართვას ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო სახელმწიფოებში. 

"Clima East ეხმარება აღმოსავლეთ სამეზობლო სახელმწიფოების მთავრობებს გაუმკლავდნენ კლიმატის ცვლილების შედეგებს და შემოიღონ საძოვრების მართვის ახალი, ინოვაციური მეთოდები. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - ამბობს ალვარო ორტეგა აპარიჩიო, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომელი. 

4 ათასი ჰექტარი დეგრადირებული ნიადაგი და 300-მდე ჰექტარი ცხვრის გადასარეკი ბილიკი 2017 წლისათვის განახლდება. გადასარეკ ბილიკებზე ასევე განთავსდება დამატებითი დასაწყურებლები, რის შედეგადაც მეცხვარეებს აღარ მოუწევთ ცხვრის მდინარეზე  ჩაყვანა და ისედაც დეგრდადირებული ნიადაგის კიდევ უფრო დაზიანება.

„ახლა ცხვარს უწევს დამატებით 3-4 კილომეტრის გავლა, რათა მდინარესთან წყლის სასმელად ჩავიდეს. გადასარეკ ბილიკზე ორ ახალ დასაწყურებელს ვაშენებთ. თითოეული 30 მეტრის სიგრძისაა და 3.5 ტონა წყალს იტევს,“ - ამბობს თამაზ გოგალაძე, ინჟინერი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს ცხვრის გადასარეკ ბილიკზე არსებული ინფრასტრუქტურის მშენებლობას.  

ვაშლოვანის საძოვრები, წყალი და ცხვარი საქართველოს ბუნებრივი საგანძურია, ხოლო 500-ზე მეტი ოჯახისათვის - შემოსავლის წყარო. სწორედ დაცული ტერიტორიების სწორ მართვაზე და საძოვრების აღდგენაზეა დამოკიდებული თუში მეცხვარეების მომავალი.