გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ხელშეწყობით, ქარელის, ყვარლისა და წალკას მუნიციპალიტეტებში წვეთოვანი საირიგაციო სისტემები დაინერგა
წყლის დაზოგვა ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას
13 November 2019
აღმოსავლეთ საქართველოს სამ სოფელში - ენისელში, რუისსა და ბედიანში, წვეთოვანი მორწყვის სისტემები დამონტაჟდა. წყლის მდგრადი მართვის სადემონსტრაციო პროექტი, რომელიც ფერმერობის განვითარებასა და კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან ბრძოლას შეუწყობს ხელს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორცილდა.
წვეთოვანი მორწყვის სისტემების დანერგვა UNDP-GEF უფრო ფართო პროგრამის ნაწილია, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოში ხორციელდება და ორ ქვეყანას შორის წყლის მოხმარების პოლიტიკისა და პრაქტიკის ჰარმონიზებას ემსახურება.
დღეს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელს ეწვივნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და პროექტის განმახორციელებელი კომპანიის, ამელიორაცია Ltd, წარმომადგენლები. მათ წვეთოვანი მორწყვის სისტემები დაათვალიერეს და ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.
„მდგრადი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები წყლის დაზოგვისა და მოსავლიანობის გაზრდის შესაძლებლობაა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა. „თანამედროვე მეთოდების გამოყენებით უკეთ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ წყლის რესურსებს და ხელს შევუწყობთ ადგილობრივი ფერმერების კეთილდღეობის ზრდას“.
„ტემპერატურისა და სიმშრალის მატება აზერბაიჯანში და აღმოსავლეთ საქართველოში კლიმატის ცვლილების შედეგია“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა. „წყლის მდგრადი მართვის დანერგვა მდინარე მტკვრის აუზში, სადაც სოფლის მეურნეობას წამყვანი როლი ენიჭება, მეტად მნიშვნელოვანია წყლის რესურსების შემცირების გათვალისწინებით. გარდა ამისა, ეს ასევე უწყობს ხელს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას“.
“მდინარე მტკვრის აუზში წყლის საერთო მოხმარების 70% სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე მოდის“, - განაცხადა UNDP-GEF პროექტის Kura-2 რეგიონულმა კოორდინატორმა, მერი მეთიუსმა. „გრუნტისა და ზედაპირული წყლის რესურსების დაზოგვა და გადაჭარბებული მოხმარებისგან მათი დაცვა ხელს შეუწყობს სურსათისა და წყლის უსაფრთხოებას რეგიონში. ეს ასევე დაეხმარება ადგილობრივი ფერმერების კეთილდღეობის გაზრდას კლიმატის ცვლილების შედეგების გათვალისწინებით“.
წვეთოვანი მორწყვის სისტემების უპირატესობების დემონსტრირებისთვის შერჩეულია სამი საპილოტე სოფელი და ასევე სამი საპილოტე სასოფლო-სამეურნეო კულტურა - ყურძენი ენისელში, კარტოფილი ბედიანში და ხახვი რუისში. საპილოტე სოფლებში ჩატარდება მოსავლიანობისა და წყლის მოხმარების კვლევები, რომლებიც წვეთოვანი ირიგაციის დანერგვის შედეგებს გამოავლენს. ადგილობრივი ფერმერები და ფერმერთა ასოციაციების წარმომადგენლები გაივლიან შესაბამის ტრენინგს წვეთოვანი მორწყვის სისტემების სწორი გამოყენებისა და მართვის საკითხებში.
პროექტის Kura-2 მთლიანი ბიუჯეტი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ნაწილდება და 5.3 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს. პროექტი უკვე მესამე წელია მიმდინარეობს და 2020 წელს დასრულდება.
საკონტაქტო ინფორმაცია
- სონა გულიევა, UNDP-GEF პროექტის Kura-2 კომუნიკაციების რეგიონული მენეჯერი, sona.guliyeva@undp.org
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org