Photo: UNDP Georgia/Leli Blagonravova

ჩვენი საქმიანობა

გარემოს დაცვა & ენერგეტიკა

მიმოხილვა

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების მიზანია მწვანე გადაწყვეტების დანერგვა და გარემოსდაცვითი დღის წესრიგის სიღრმისეული გათვალისწინება საქართველოს ეროვნულ განვითარებაში.

ჩვენი თანამშრომლობა საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებთან, კვლევით ორგანიზაციებთან, ადგილობრივ მოსახლეობასა და საერთაშორისო პარტნიორებთან ქმნის მხარდაჭერის საფუძველს ისეთ საკითხებში, როგორებიცაა მდგრადი პოლიტიკის შემუშავება და გატარება, მრავალმხრივი სამეცნიერო კვლევა და მწვანე ინიციატივების განხორციელება საქართველოს ყველა კუთხეში.

ჩვენი საქმიანობა ეყრდნობა თანასწორობის, ჩართულობისა და მონაწილეობის პრინციპებს, რათა სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მოსაზრებები და ინტერესები თანასწორად იქნას გათვალისწინებული ყველა გარემოსდაცვით გადაწყვეტაში.

62/134

ჰაერის ხარისხის ინდექსი (AQI⁺)

2023

0.04%

წილი გლობალურ ემისიებში

2022

100

დაცული ტერიტორია

2024

ვრცლად

ულამაზესი ბუნება და ბიომრავალფეროვნება საქართველოს სიმდიდრეა, თუმცა, ადამიანის საქმიანობა და კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ამ ფასდაუდებელ რესურსს.

კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კატასტროფათა სიხშირე და ინტენსივობა წლიდან წლამდე იზრდება, რაც უარყოფითად აისახება ადამიანების კეთილდღეობასა და ეკონომიკაზე, აღრმავებს და ამძაფრებს სტრუქტურულ უთანასწორობას და გავლენას ახდენს საზოგადოების დაუცველ და მოწყვლად ჯგუფებზე, მათ შორის ქალებზე, უმცირესობათა წარმომადგენლებზე, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასა და შორეული რეგიონების მაცხოვრებლებზე.

ძირითად გამოწვევებს შორისაა:

  • ინსტიტუციური და მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოსა და აღსრულების მექანიზმების ხარვეზები.
  • კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების მართვისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის შეზღუდული შესაძლებლობები.
  • ადრეული შეტყობინების სისტემების ნაკლებობა.
  • ბუნებრივი რესურსების არამდგრადი მართვა.
  • წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება და განახლებადი ენერგორესურსების შეზღუდული გამოყენება.
  • ხარვეზები მდგრადი ურბანული განვითარების პრაქტიკისა და ნარჩენების მართვის პოლიტიკის დანერგვაში.
  • დაბალი საზოგადოებრივი ცნობიერება და არასაკმარისი ჩართულობა გარემოსდაცვითი საკითხების მართვაში.
  • ქალთა არასაკმარისი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ პოლიტიკაში.
  • სოციო-ეკონომიკური ბარიერები, რომელთა გამო ქალებსა და კაცებს უთანასწოროდ მიუწვდებათ ხელი კლიმატისადმი მედეგ დასაქმებაზე, რესურსებსა და საარსებო წყაროებზე.  
  • ცირკულარული ეკონომიკის არასაკმარისად განვითარებული პრაქტიკა და გადამუშავების დაბალი მაჩვენებელი.
  • შეზღუდული წვდომა მწვანე დაფინანსებასა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე.

აღნიშნული ფაქტორები იწვევენ ბიომრავალფეროვნების კარგვას, ტყეებისა და ნიადაგის დეგრადირებასა და ჰაერისა და წყლის დაბინძურებას. მათი უარყოფითი გავლენა იგრძნობა ენერგეტიკის სექტორშიც, აფერხებს განახლებადი ენერგიის გამოყენებას, კიდევ უფროო ამყარებს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას და რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას.  

ჩვენი პასუხი

UNDP-ის დახმარება მიზნად ისახავს გარემოს დაცვის მხრივ არსებული გამოწვევების დაძლევას და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებას.

ჩვენი საქმიანობა ითვალისწინებს გენდერულად სენსიტიური მიდგომების შემუშავებასა და დანერგვას, რაც  გადაწყვეტილების მიღებისა და რესურსების გამოყენების პროცესში თანასწორობის მიღწევას ემსახურება.

ჩვენი პროექტები და ინიციატივები ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და დაცვას, ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვას, განახლებადი ენერგიის გამოყენების ზრდას, მდგრადი ურბანული განვითარებისა და ნარჩენების მართვის დანერგვას, ჰაერის ხარისხისა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის განვითარებასა და ოზონდამშლელი ნივთიერებების გამოყენების შემცირებას.

გარემოსდაცვითი მმართველობის განვითარება, კლიმატის ცვლილების შერბილება და მის შედეგებთან ადაპტაცია თანასწორობის, ჩართულობისა და მწვანე და სამართლიანი გადასვლის პრინციპების დაცვით ამ საქმიანობის საკვანძო შემადგენელია. 

ჩვენ მხარს ვუჭერთ მდგრადი კლიმატური პოლიტიკის შექმნასა და გატარებას და ხელს ვუწყობთ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების  შესრულებას კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს კონვენციისა და პარიზის შეთანხმების ფარგლებში, რათა წვლილი შევიტანოთ უფრო მწვანე, მდგრადი და თანასწორი მომავლის მშენებლობაში.

პროექტები